თბილისში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება. უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ვარდების რევოლუციის მოედანს და ის ახალ იერსახეს შეიძენს.რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ვარდების რევოლუციის მოედანი კეთილმოეწყობა, გამწვანდება, ფუნქციონირებას დაიწყებს ახალი სასტუმრო, აშენდება კომერციული დანიშნულების ობიექტები და საბაგირო, რომელიც მოედანს მთაწმინდის პარკთან დააკავშირებს.ვარდების რევოლუციის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მოედნის ჩრდილოეთ ნაწილში კაფე-პავილიონები და პარკირების ზონა განთავსდება, კეთილმოეწყობა და მთლიანად გამწვანდება ტერიტორია, სასტუმრო რედისონის მიმდებარედ ღია საცურაო აუზი და კომერციული ცენტრი აშენდება, რომელიც მელიკ აზარიანცის შენობის პასაჟს დაუკავშირდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე ფოსტის ყოფილ შენობას, სადაც სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო Park Inn-ი განთავსდება. აღნიშნული სასტუმროს მშენებლობის შესახებ, დღეს „Rezidor Hotel Group"-ის ვიცე-პრეზიდენტი პუნიტ ჩატალი და "Silk Road Group"-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი განზრახულებათა ოქმს მოაწერენ ხელს. ოქმის თანახმად, სასტუმროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ის მართავში „Rezidor Hotel Group"გადაეცემა. პროექტის ღირებულება 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ თანხის მოზიდვა პროექტის ინვესტორმა Silk Road ჯგუფმა TBC ბანკის მეშვეობით განახორციელა. სასტუმროს მშენებლობა 2013 წლის იანვარში დაიწყება.
ვარდების რევოლუციის მოედანზე, თბილისის მერიის ინიციატივით, ასევე აშენდება ახალი საბაგირო, რომელიც მოედანს მთაწმინდის პარკთან დააკავშირებს. სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიული კომპანია „Doppelmayr“-ი განახორციელებს. ამჟამად საბაგიროს სადგურების პროექტირება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით, ახალ საბაგიროს 21 გონდოლა მოემსახურება (მათ შორის 2 სრულიად გამჭვირვალე იქნება) და თითოეული მათგანი 8 მგზავრზე იქნება გათვლილი. ახალი საბაგირო ტურისტულთან ერთად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციასაც შეითავსებს და მისი საშუალებით, მგზავრები ვარდების რევოლუციის მოედანიდან მთაწმინდის პარკში 5 წუთში შეძლებენ ასვლას. საბაგიროს მშენებლობა 2013 წლის მარტში დასრულდება. ვარდების რევოლუციის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
|