ggg New Tbilisi.Gov.Ge - “ბავშვთა ახალი კლინიკის” წინ პროფესორ ირაკლი ციციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა
   
  08:31     03/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

“ბავშვთა ახალი კლინიკის” წინ პროფესორ ირაკლი ციციშვილის ვარსკვლავი გაიხსნა

თბილისელებისთვის გაუმჯობესებული სამედიცინო მომსახურების შეთავაზებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების მიზნით, ქალაქში არსებული სამედიცინო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი სამკურნალო ობიექტების მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. თბილისის მერმა გიგი უგულავამ ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე  მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება “ბავშვთა ახალი კლინიკა” დაათვალიერა და სამკურნალო ცენტრის წინ პროფესორ ირაკლი ციციშვილის  ვარსკვლავის გახსნას დაესწრო. ირაკლი ციციშვილი ცნობილი ექიმია, რომელიც 65 წელია პედიატრიულ, სამეცნიერო და კლინიკურ მოღვაწეობას წარმატებით ახორციელებს. გაწეული ღვაწლის დაფასების მიზნით, სამედიცინო სფეროს წარომადგენლებისთვის ვარსკვლავის გახსნა პირველი პრეცენდენტია და ის ექიმების წახალისებას ისახავს მიზნად. “ბავშვთა ახალი კლინიკა” ამბულატორიულ და სტაციონარულ პირობებში პაციენტების თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისს უზრუნველყოფს. კლინიკის სამედიცინო საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: ქირურგია, ნეფროლოგია, ენდოკრინოლოგია, ჰემატოლოგია და ნევროლოგია. სამედიცინო ცენტრში 24 საათიანი გადაუდებელი დახმარების (ემერჯენსი) სამსახური ფუნქციონირებს.კლინიკაში ყოველდღიურად მაღალკვალიფიციურ დონეზე  სხვადასხვა სახის გადაუდებელი და გეგმიური ქირურგიული ოპერაციები სრულდება. თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი რეანიმაციული განყოფილება მძიმე კატეგორიის პაციენტების სასიცოცხლო პარამეტრებზე მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. სამედიცინო ობიექტში 80 საწოლზე გათვლილი სტაციონარი ფუნქციონირებს. კლინიკა დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ექიმები უცხოეთის სხვადასხვა პროფილის წამყვან სპეციალისტებთან თანამშრომლობენ და პრობლემური პაციენტების მართვასთან დაკავშირებით, ონლინ რეჟიმში რჩევებს იღებენ. სამკურნალო ცენტრების რეაბილიტაციის პროექტი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით მიმდინარეობს, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას აძლევს მაღალი დონის, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. 2012 წელს თბილისის მერიამ 70 000–დან 100 000 ქულამდე სოციალურად დაუცველი 120 000 ბენეფიციარი დააზღვია, რაც მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და ამ კატეგორიის მოსახლეობის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას ისახავს მიზნად. 
გიგი უგულავა: მინდა ბატონ ირაკლის მივულოცო ვარსკვლავის გახსნა. ეს არის ადამიანი, რომელმაც თაობები გადაარჩინა და თაობები აღზარდა. ძალიან კარგი იდეაა ექიმებისთვის ვარსკვლავის გახსნა, რადგან ექიმი ერთ–ერთი  ყველაზე პატივსაცემი და მნიშვნელოვანი პროფესიაა. ეს ვარსკვლავი კარგად გამოხატავს იმ ღვაწლსა და სიმძიმეს, რაც ამ პროფესიას თან ახლავს. ძალიან მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაცია, პროფესიონალიზმის ამაღლბა, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, ახალი აპარატურის შემოტანა და მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა. ეს არის ის მთავარი კომპანენტები, რომლებიც ხარისხიან ჯანდაცვას განსაზღვრავენ.

იხილეთ მეტი