21:29     24/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია

გუდიაშვილის მოედანი წარმოადგენს თბილისის მერიის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. მერიას არ გაუსხვისებია და არც მოხდება აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება. რაც შეეხება გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობა-ნაგებობებს, დღევანდელი მდგომარეობით, შენობები  თბილისის განვითარების ფონდის საკუთრებაა.  ყოველივე ეს გულისხმობს, რომ თბილისის მერიისა და ფონდის თანხმობის გარეშე გუდიაშვილის მოედანზე ვერ განხორციელდება ვერანაირი სამუშაო, ვერ მოხდება ვერც იერ–სახის თვითნებურად შეცვლა და ვერც შენობების დემონტაჟი. ჩვენი პრიორიტეტია გუდიაშვილის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობებისა და ზოგადად ამ ურბანული ქსოვილის კულტურული მემკვიდრეობის სრულად შენარჩუნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგეგმება შენობების კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიული ფასადების რესტავრაცია.ამჟამად თბილისის განვითარების ფონდსა და   კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ შორის გაფორმებულია  წინარე ხელშეკრულება - მემორანდუმი. ხელშეკრულების თანახმად, გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებზე, ინვესტორის საკუთრების უფლება   გავრცელდება მას შემდეგ, რაც ის სრულად  შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. კერძოდ: განახორციელებს დამტკიცებული პროექტების მიხედვით განსაზღვრულ სამუშაოებს და  გადაიხდის ქონების ღირებულებას.ამჟამად საინვესტიციო კომპანია შენობების სარესტავრაციო და გამაგრების პროექტებზე მუშაობს. თითოეული მათგანი წარმოდგენილი იქნება ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთობლივ მეთოდოლოგიურ საბჭოზე, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას აღნიშნულ ზონაში, ნებისმიერი სამუშაოების განხორციელების შესახებ.  განხილვის პროცესი საჯაროა. პროექტი თბილისის მერიაში წარმოდგენისთავავე  მერიის ვებ–გვერდზე განთავსდება და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს მას.პროექტის დამტკიცების შემდეგ კომპანია ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილი’’  დაიწყებს ხელშეკრულების თანახმად ნაკისრი ვალდებულების შესრულებას,  რაც გულისხმობს, რომ სარეაბსილიტაციო სამუშაოების შემდეგ გუდიაშვილის მოედანზე მდებარე შენობებს შეუნარჩუნდება მათი ავთენტურობა, არქიტექტურული იერ–სახე, გაბარიტები და საჭიროების შემთხვევაში მოხდება შენობების გამაგრება. შენობა–ნაგებობები ,,ირაო მაგნატ გუდიაშვილს’’ საკუთრებაში გადაეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპანია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს  სრულყოფილად შეასრულებს და გადაიხდის უძრავი ქონების ღირებულებას.

იხილეთ მეტი