თბილისის თოჯინების მუზეუმი 1937 წელს დაარსდა საბავშვო მწერლისა და პედაგოგის თინათინ თუმანიშვილის თაოსნობით. მანვე შესწირა მუზეუმს პირველი კოლექცია: თოჯინები და სათამაშოები, საგვარეული ნივთები და ბიბლიოთეკა. მუზეუმი დღეს თინათინ თუმანიშვილის სახელს ატარებს. მის  ფონდებში 2000 მეტი ექსპონატია დაცული. მათ შორის ევროპული და ამერიკული ანტიკვარული თოჯინები და სათამაშოები, ქართული მხატვრული და ხალხური თოჯინები, მექანიკური და მუსიკალური სათამაშოები. მუდმივ გამოფენაზე წარმოდგენილია თოჯინური ხელოვნების მრავალფეროვანი ნიმუშები, ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი საავტორო თოჯინები. მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გარდა მუზეუმში იმართება პერიოდული გამოფენებიც, ფუნქციონირებს მცირე თოჯინური თეატრი, ბავშვთა ხელოვნების სტუდია. მუზეუმი ღიაა ყოველ დღე ორშაბათის გარდა, 11:00_18:00. მუზეუმის შენობა ქალაქის ძველ უბანში, ზემო კალაში ბარათაშვილისა და შავთელის ქუჩათა კუთხეში მდებარეობს; ქალაქის ძველი გალავნისა და თბილისის უძველესი ქრისტიანული ტაძრის - ანჩისხატის მახლობლად. მუზეუმის წინ დგას ბრინჯაოს ქანდაკება - "ბერიკაობა", მის გვერდით, შავთელის ქუჩაზე მარიონეტების თეატრი მდებარეობს.