პარლამენტის მონუმენტური ნაგებობა რუსთაველის პროსპექტზე ქაშვეთის ეკლესიის მოპირდაპირედ პირველ საჯარო სკოლასა და ახლგაზრდობის სასახლეს შორის მდებარეობს. შენობა თავის მასშტაბითა და პომპეზური არქიტექტურით გამოირჩევა, რაც დამახასიათებელია საბჭოთა პერიოდის სახელმწიფო დანიშნულების ნაგებობებისთვის. ადრე მასში საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭო ფუნქცინირებდა. 
პარლამენტის შენობის ადგილას ე.წ. `სობორო~ სამხედრო ტაძარი იდგა, რომელიც მეფის რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის აღსანიშნავად აიგო 1865-1866 წლებში. გასაბჭოების შემდგომ ტაძარი დაანგრიეს და მის ადგილას 1938 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო მთავრობის სახლის მშენებლობა, რომელიც 1965 წლამდე გაგრძელდა. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები: კოკორინი, ლეჟავა და ნასარიძე. 
პარლამენტის შენობის არქიტექტურაში გამოყენებულია ეროვნული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი საშენი მასალა - ოქროსფერი ტუფი და არქიტექტურული ორნამენტი. პარლამენტის შენობა და მის გარშემო არსებული სივრცე მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მიმდინარე მრავალწლიან დრამატულ ისტორიას. ასე შენობის საფუძველში ჩაყოლილი იქნა საქართველოს გასაბჭოებისას დაღუპულ იუნკერთა საფლავები. პარლამენტის შენობის წინ ვითარდებოდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები, როდესაც აქ საბჭოთა არმიამ დაარბია მშვიდობიანი მიტინგი, რაც მსხვერპლით დამთავრდა. ამის აღსანიშნავად პარლამენტის წინ დგას 9 აპრილის მსხვერპლთა მემორიალი.