ლურჯი მონასტრის სახელით ცნობილი ეკლესია ვერის უბანში, ლ. ქიაჩელის ქუჩაზე, ვერის პარკის გვერდით მდებარეობს. ეკლესია წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობისაა. ლურჯი მონასტერი მას თავისი ლურჯი კრამიტით გადახურული გუმბათის გამო ეწოდა. ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი XII საუკუნის ბოლოსაა აგებული. სამხრეთი კარის ტიმპანში ვრცელი სამშენებლო წარწერაა შემორჩენილი. მრავალჯერ დაზიანებული და აღდგენილი ეკლესია სხვადასხვა დროის ფენებს მოიცავს. თავდაპირველი ნაგებობიდან გეგმა, კედლების ქვედა ნაწილი და წარწერებია შემონახული. 
XIX-XX სს-ის მანძილზე იცვლებოდა მისი ფუნქციაც. ერთ დროს ტაძარში მედიცინის ისტორიის მუზეუმიც იყო მოწყობილი. წირვა-ლოცვა ეკლესიაში 1990-იან წლებში აღდგა. უკანასკნელ ხანს მოიხატა მისი ინტერიერი, იქვე ეზოში აშენდა სამრეკლო. 
გადმოცემით, აქ ჯერ კიდევ VII ს-ში იოანე ღმრთისმეტყველის მონასტერი იყო. მონასტრის მთავარი ტაძრის ადგილას, ლურჯი მონასტრის სამხრეთით 1898-1901 წწ-ში კავკასიის მეფისნაცვლის გოლიცინის ინიციატივით იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მრავალგუმბათიანი რუსული ეკლესია აშენდა. იგი XVII ს-ის რუსული ეკლესიების ხუროთმოძღვრულ ფორმებს იმეორებს.