აგებულია 1959 წელს თბილისის გმირი დამცველების უკვდავსაყოფად. 1795წ. აღა-მაჰმად ხანის გამანადგურებელი შემოსევის დროს, თბილისის განაპირას მდებარე კრწანისის ველზე უკანასკნელი სამასი მეომარი შეაკვდა მტერს. ძეგლის ავტორია არქიტექტორი ა. ბაქრაძე. მონუმენტი იმ ადგილის სიახლოვეს, დღვანდელი კრწანისის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. სწორედ იქ, სადაც  აღმოჩნდა მათი საფლავების ნაშთები.ძეგლი გადაწყვეტილია მემორიალური სტელის ფორმით და ორი ნაწილისგან შედგება. ერთი ვერტიკალური ობელისკი და ჰორიზონტალური საფლავის ქვა (ტრანსფორმირებული სახით). ობელისკიც და ქვაც მოპირკეთებულია თეთრი ქვის თლილი პერანგით, რომელზედაც დაბალი რელიეფით ამოკვეთილია მეომართა ფიგურები. ობელისკის გვერდითი და მდინარისკენ მიმართული მხარე დაფარულია მემორიალური წარწერით, რომლის ასოები გამოყვანილია ღრმა რელიეფური კვეთით და მთლიანობაში ხატოვან  ორნამენტად აღიქმება. მონუმენტი კარგად იკითხება სანაპიროს ვრცელ პანორამაში. მის წინ მუდმივი ცეცხლი ანთია. მონუმნეტის სიახლოვეს მდებარეობს აგრეთვე ამავე ბრძოლაში დაღუპულ მუსიკოსთა მემორიალური კედელი (ავტორები: მგალობლიშვილი, ჭყონია, 1969წ.). ისტორიული ცნობით, კრწანისის ბრძოლაში მონაწილეობდა მეფის მუსიკოსთა ჯგუფი მაჩაბლის წინამძღოლობით, რომელიც ბუკითა და ნაღარით ამხნევებდა მეომრებს. შემდგომ კი თავადაც იბრძოდა და სპარსთა დროშის წართმევაც შეძლო. კედელზე ერთ მხარეს გამოხატულია მეომრის გამოსახულება ხმლითა და ფარით, ხოლო მოპირდაპირე მხარეს მუსიკოსების ფიგურებით.მემორიალური კედელი და 300 არაგველთა მონუმენტი ერთიან მხატვრულ კომპლექსად არის შეკრული. 300 არაგველის სახელს ატარებს აგრეთე მიმდებარე სკვერი და ხიდი მდინარე მტკვარზე. 

ლალი ანდრონიკაშვილი