გერონტი ქიქოძის ქუჩა თბილისის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს, თავისუფლების მოედნის მახლობლად. ამ უბნის განაშენიანება XIX ს-ის შუა ხანებში დაიწყო. მანამდე აქ მეფეთა და წარჩინებულთა სანახები და ბაღები იყო. XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის პირველ ნახევარში სოლოლაკში ძირითადად ბურჟუაზიული საზოგადოება ცხოვრობდა. ამან განაპირობა უბნის არქიტექტურული სახეც. აქ უმთავრესად რუსულ-ევროპული სტილის შენობებს ნახავთ, რომელთაც ტიპიურად თბილისური სახლები ენაცვლება. გ. ქიქოძის ქუჩაზე ძირითადად ძველი განაშენიანებაა შემონახული.   განსაკუთრებით ღირებულია # 4, ამჟამინდელი 50-ე საჯარო სკოლის შენობა. ორსართულიანი სახლი განაპირა რიზალიტითა და ორსართულად განლაგებული აივნებით XX ს-ის დასაწყისშია აშენებული. ფასადის ნაძერწი ყვავილოვანი ფრიზი, ქალის თავის რელიეფური გამოსახულებები და სხვა ელემენტები მოდერნის სტილის ნიშნებს ავლენს. მოდერნის დეკორია გამოყენებული ეზოსკენა ფასადისა და ინტერიერის გაფორმებაშიც.გ. ქიქოძისა და ა. ლერმონტოვის ქუჩათა კუთხეში, #6/17 საცხოვრებელი სახლი XX ს-ის დასაწყისში ალექსანდრე ოზეროვის პროექტით აშენდა. მონუმენტური, ქვით მოპირკეთებული ნაგებობა ქუჩათა გადაკვეთაზე ერკერითაა აქცენტირებული; ეზოს მხარეს თბილისური სახლებისთვის დამახასითებელი ხის აივნები აქვს. # 11 _ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი 1914 წელსაა აშენებული თბილისელი არქიტექტორის გაბრიელ ტერ-მიკელოვის პროექტით; შენობის გადაწყვეტაში იტალიური რენესანსისა და თბილისური საცხოვრებლის მხატვრული ხერხებია შერწყმული. ფასადზე სახლის პირველი მფლობელის, მილოვის ინიციალებია მოთავსებული. ძველთბილისური საცხოვრებლის ერთ-ერთი ადრეული ნიმუშია # 13 ორასრთულიანი საცხოვრებელი სახლი ფასადისა და ეზოს მხარეს ხის ჭვირული აივნებით. სახლი XIX ს-ის შუა წლებით თარიღდება.