16:02     21/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერიამ ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის მიხედვით, ქალაქში არსებული ძველი და უსახური ჯიხურების ნაცვლად,  თბილისში უახლოეს მომავალში ახალი, თანამედროვე დიზაინის  ჯიხურები დაიდგმება.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება ვებ–გვერდზე:www.auction.tbilisi.gov.ge ელექტრონულ აუქციონში მიიღოს მონაწილეობა და 5 წლიანი იჯარით სავაჭრო ჯიხურით სარგებლობის უფლება  მოიპოვოს.
აუქციონი გამჭირვალედ გაიმართება და გამარჯვებულს აღარ მოუწევს სავაჭრო ობიექტის დიზაინის შეთანხმებაზე დროისა და თანხის დახარჯვა. თბილისის მერია გამარჯვებულს მისთვის სასურველი ჯიხურის დიზაინის  ესკიზურ პროექტს საჩუქრად გადასცემს. აუქციონი თითოეულ ჯიხურზე ცალ–ცალკე გაიმართება. პროცესი ღიად, მარტივად და სამართლიანად წარიმართება.  ჯიხურები წინასწარ განსაზღვრულ 1 000–ზე მეტ ადგილას ჩაიდგმება.
ეს არის საუკეთესო შანსი იმ თბილისელებისთვის, ვისაც სურს განავითაროს კერძო ბიზნესი, შექმნას სტაბილური და გრძელვადიანი სამუშაო ადგილები, რაც სავაჭრო ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
თბილისის მერი გიგი უგულავა დღეს მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ სიახლე გააცნო და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, მერიის მიერ უახლოეს მომავალში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა.
გიგი უგულავა: მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელშესაწყობად, ასევე იმ ამოცანის შესასრულებლად რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან და დიდ სატკივარს წარმოადგენს ჩვენი ქალაქისათვის და ჩვენი ქვეყნისათვის, ახალი დამატებითი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება, ჩვენს ქალაქში, ამ კუთხით  კმაყოფილები მაინც არ ვართ, რადგან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა კვლავ სამუშაოს მაძიებელია.
იდეა რომელიც ჩვენ დღეს გვინდა შევთავაზოთ საზოგადოებას, არის ძალიან მარტივი და არანაირად ორიგინალური არ არის. თუმცა განსხვავებით წინა წლებისაგან ბევრად უფრო მოწესრიგებულია, ვიზუალურად სისტემატიზირებულია, დახვეწილია და შესაძლებლობას იძლევა დაახლოებით ორიათასამდე ადამიანმა იპოვოს სამსახური და დაიწყოს თავისი პატარა ბიზნესი.

იხილეთ მეტი