21:31     31/07/2014   Tbilisi.gov.ge
   
 

თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო მომავალი სასწავლო წლიდან ახალი მეთოდოლოგიით სწავლებასა და გაუმჯობესებულ მომსახურეობას გთავაზობთ

საბავშვო ბაღების მეთოდოლოგიური და ადმინისტრაციული მართვის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი – თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტო. თბილისის მერია განაგრძობს ბაღების დაფინანსებას და სააგენტოსთან სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ითანამშრომლებს.
საბავშვო ბაღების სააგენტო თბილისელებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი მეთოდოლოგიით სწავლებასა და გაუმჯობესებულ მომსახურეობას სთავაზობს.
მომავალი სასწავლო წლიდან საბავშვო ბაღებში გაუქმდება ყველა ის დამატებითი გადასახადი, რომელბიც წლების განმავლობაში არაოფიციალურად არსებობდა.  შესაბამისად მშობელი სისტემატიურად იხდიდა გაურკვეველ, არასტანდარტულ გადასახადს, რაც ხშირად მათ სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა. ყოველივე ეს კი ბავშვებს შორის არათანასწორ სასწავლო გარემოს ქმნიდა.
თითოეულ ბაღს შესაძლებლობა ექნება დადგენილი სტანდარტის მიხედვით, ხარისხის შესაბამისი, ინდივიდუალური გადასახადი დააწესოს, მაგრამ ეს თანხა არ უნდა აღემატებოდეს იმ რაოდენობას, რაც რეალურად სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ერთი ბავშვის შენახვას სჭირდება.
მშობელი საბავშვო ბაღის ასაკის მეორე შვილის სწავლებაში, პირველი შვილის სწავლის   ღირებულების 50%-ს გადაიხდის, ხოლო მესამე ბავშვის სწავლება  იქნება უფასო.
მნიშვნელოვანია, რომ სოციალურად დაუცველი - 200 000-ზე ნაკლები  სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახების ბავშვებისა და ასევე იმ მოზარდების სწავლების გადასახადს, რომელთა აღზრდა  ინკლუზიურ მეთოდით  მიმდინარეობს,  თბილისის  მერია დაფარავს.
რეფორმის შედეგად, ყველა ბავშვს, განურჩევლად მისი სოციალური მდგომარეობისა,   საშუალება ექნება თანაბარ პირობებში აღიზარდოს და დამატებით ყველა ის სასწავლო წრე გაიაროს, რომელიც ადრე ფასიანი იყო და შესაბამისად  მიუწვდომელი. ბაღებში სწავლების ახალი მათოდოლოგია გამოქვეყნდება საბავშვო ბაღების სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე: www.kids.org.ge და ნებისმიერ მშობელს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს და თავად ნახოს, თუ რა მეთოდით წარიმართება მათი შვილების აღზრდა– განვითარება.
თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტომ ბავშვების მიღება დაიწყო. პირველ ეტაპზე   საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ბაღებში მხოლოდ იმ სოციალურად დაუცველი ოჯახების 2-5 წლამდე ასაკის  ბავშვები მიიღებიან, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 200 000.
ყველა სხვა კატეგორიის მსურველთა  რეგისტრაცია დაიწყება 15 აგვისტოდან. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს  შესაძლებლობა ექნება, საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, აირჩიოს საბავშვო ბაღი და დარეგისტრირდეს  ვებ–გვერდზე: www.kids.org.ge ან ადგილზე მიბრძანდეს საბავშვო ბაღში.

 

იხილეთ მეტი