10:39     23/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას ეხება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, ასევე მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რადგან მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა შეზღუდულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1 542 462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735 000 ლარი.
თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა  რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით.

სიახლე
23 აპრილი 2014  
 
 

გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და  თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ,  დაგვიანებულ ნაბიჯს.მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი  თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ  ბიუჯეტის საბოლოო პროექტში  სოციალურ პროგრამებზე  10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო  ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.მიგვაჩნია, რომ ამ  პერიოდის განმავლობაში თბილისელებს   შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია  იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი.

სიახლე
7 მარტი 2014  
 
 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში არსებული 7 სასაფლოს მიმართულებით 20-21 აპრილს 08:00 - 19:00 საათამდე 8 სპეციალური მარშრუტი დაინიშნება. სულ აღნიშნულ მარშრუტებზე  თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ასევე აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობა და 23:00 საათიდან ღამის 04:00 საათამდე  მგზავრების გადაყვანა  განხორციელდება უფასოდ.

სიახლე
18 აპრილი 2014  
 
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, შპს „მანის“ დირექტორების პასუხისგებაში მიცემის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას თითქოს აღმოჩენილი დარღვევების გამო. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ საწარმოს თბილისის მერიისთვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრული აბსურდია და საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობაა. ამ მიზანმიმართული პროვოკაციის ავტორები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავენ თბილისის მერიის დისკრედიტაციას სრულიად უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებით, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გახშირებული პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.
განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას არასდროს უსარგებლია შპს „მანის“ მომსახურებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის, ლევან ჯალაღანიას, მიერ შედგენილ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ არის რაიმე ნათქვამი ამ საწარმოს საქმიანობის კავშირზე თბილისის მერიასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ აბსურდული და პროვოკაციული „ცნობის“ ავტორებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თუ არსებობს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინონ  ის ან/და ასახონ შესაბამის სამართლებრივ აქტებში.

 

 

სიახლე
11 აპრილი 2014  
 
 

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიური და ეფექტური მოხმარების, ასევე ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების მიზნით, თბილისში ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ინოვაციური პროგრამა დღეს, პროექტის ავტორებმა შეაჯამეს. იაფი გათბობა და ცხელი წყალი - ამ სახელწოდების პროექტში უკვე 34 ოჯახია ჩართული. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე პირველი მსგავსი პროექტი მიზნად ისახავს ენერგორესურსების დაზოგვას, ცხელი წყლისა და გათბობის საერთო სისტემის შემქნას. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში საცხოვრებელ კორპუსებზე წინასწარ შერჩეულ ადგილას, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ქვაბების, აგრეთვე დაცული და იზოლირებული გაყვანილობების მონტაჟი მოხდება. მოხმარებული ცხელი წყლისა და სითბური ენერგიის აღსაღრიცხად შეიქმნება ინდივიდუალური სისტემა, რათა თავიდან იქნეს არიდებული მეზობლებს შორის მოსალოდნელი გაუგებრობები.  მზის სისტემისა და ბუნებრივი აირის კომბინირებული ვარიანტი ეკონომიური, ეფექტიანი და გარანტირებულად უსაფრთხოა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ასევე შენარჩუნდება ფასადის ესთეტიური მხარე.საცხოვრებელი კორპუსების შერჩევა ბუნებრივი გაზის შესყიდვის პუნქტების მიხედვით მოხდება. პროექტი, რომელიც გასული წლის 15 აგვისტოს დაიწყო ენერგო ინოვაციურმა ჯგუფმა შეასრულა. საპილოტე პროექტი თბილისის მერიამ დააფინანსა.თემქაზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დღეს, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე, დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვაბელი გიგი უგულავა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სიახლე
17 აპრილი 2014  
 
 

თბილისის 5 რაიონის გამგებელი დღეს, ისევ საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. ამჟამად თბილისის მერიაში შემოსულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე, მესამე, მეოთხე სამმართველოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, მთავარი პროკურატურა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს. ,,ანძის გარეგანათების გათიშვის" აბსურდულ საქმეზე უკვე მეორეჯერ დღეს დაკითხვაზე დაბარებულები არიან რაიონის გამგებლები.
ცალსახაა, რომ ამ ვითომ გამოძიებისა თუ შემოწმების მიზანი, რომელიც წინაასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა, კვლავ პოლიტიკური ზეწოლა და ხელების გადაგრეხვის პროცესის გაგრძელებაა. მიზანი კი ნათელია, საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ ის ადამიანები, ვინც თავისი პროფესიონალიზმისა თუ გაწეული სამუშაოდან გამომდინარე, განსაკუთრებით რაიონის გამგებლები, არჩევნებისას მათ რეალურ კონკურენტებად აღიქმებიან და მეორეს მხრივ, საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ახირების გამო, ჩაგდებული ბიუჯეტით თბილისელებისათვის გამოწვეული პრობლემების გადაფარვა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნაცვლად ჩვენი დაშინების მცდელობისა, აკეთონ რეალური საქმე თბილისელებისათვის, ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს და სულ ცოტა თბილისის მერიას მაინც ნუ შეუშლიან ხელს საქმის კეთებაში. 

სიახლე
5 მარტი 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპნიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი დაარეგულირა. გამოყოფილია ადგილები, სადაც  სპეციალურად დამონტაჟებული სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეეძლება. ხოლო, რაც შეეხება ქალაქში არსებულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. თბილისის მთავრობამ განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც პლაკატების განთავსება იკრძალება (ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობები).  გარდა საკანონმდებლო აკრძალვისა, თბილისის მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით.

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

სიახლე
17 აპრილი 2014  
 
 

დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მომართეს.

სიახლე
21 თებერვალი 2014  
 
 

დღეს, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ში თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც ე.წ ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. დღევანდელ განხილვაზე პროექტს არ ჰქონდა დართული სათანადო ტექნიკური და ეკონომიკური დასაბუთება, შესაბამისად გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა.
თბილისის მერია  მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც უკავშირდება,  როგორც  თბილისის უბნების რეაბილიტაციასა  და  თვისობრივ განახლებას, ასევე ახალი მშენებლობების წარმოებას, რაც დადებითად აისახება როგორც ეკონომიკის განვითარებაზე, ასევე სოციალურ და სხვა სახის მიმართულებებზე.
ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ე. წ. ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელება იგეგმება  თბილისის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ასევე მოიცავს ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის ტერიტორიას. შესაბამისად,  დედაქალაქის  ისტორიული ნაწილის განვითარების ერთ-ერთ უმთავრესი წინაპირობა უნდა იყოს მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის   მაქსიმალურად შენარჩუნება.

სიახლე
7 აპრილი 2014  
 
 

დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მომართეს.

სიახლე
21 თებერვალი 2014  
 
იხილეთ მეტი