19:45     19/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ცენტრში, 100 მილიონიანი ებრაული ინვესტიციით მშენებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "რიქსოსი" და სასტუმროსთან მშენებარე სამუზეუმო ფართი დაათვალიერა.
ქართულ ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო ღონისძიებათა ფარგლებში, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ თბილისის მერს ებრაული ინვესტიციით დაგეგმილი რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის მშენებლობის  შესახებ აუწყა. მისივე თქმით, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრისთვის, ბიზნეს პალატის ორგანიზებით, თბილისში დაგეგმილა ბიზნესფორუმი და საქველმოქმედო ვახშამი.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მთავრობა მზად არის  განიხილოს პროექტები და გასცეს მშენებლობის ნებართვები. მისივე თქმით, ჯამში საუბარია 300 მილიონამდე ინვესტიციაზე, რომლის ნაწილი უკვე განხორციელდა, ნაწილი კი მომდევნო წლებში განხორციელდება. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ოქტომბერში  დაგეგმილ ბიზნესფორუმზე, რომელშიც ებრაული კომპანიები მიიღემენ მონაწილეობას, დედაქალაქის მთავრობა საინტერესო პროექტებს წარადგენს.
იციკ მოშემ დავით ნარმანიას თბილისის მერად არჩევასთან დაკავშირებით იერუსალიმის მერის მილოცვა და ქართულ-ებრაულ ბიზნეს ფორუმზე მიწვევა გადასცა. ბიზნესფორუმი 2015 წლის იანვარში, იერუსალიმში გაიმართება.
დავით ნარმანიასთან ერთად მშენებარე ობიექტი ქართულ-ებრაული 26-საუკუნოვანი მეგობრობის საიუბილეო კომისიის თანათავმჯდომარე ჯამლეტ ხუხაშვილმა დაათვალიერა.

 

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლები მონოპოლიაში დაადანაშაულა. როგორც კომპანიის წარმომადგენლებთან დღეს მერიაში გამართულ შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, კომპანიას დღეს სრული ბაზარი უჭირავს, რაც ნარმანიას თქმით, კონკურენციის პირობებს არღვევს.
„თამაშის წესებს განსაზღვრავთ თქვენ, იმ გვერდნახევრიანი აქტის საფუძველზე, რომელიც თქვენსა და მერიას შორის იყო გაფორმებული. იცოდით, რომ თქვენ ამ აქტით 100%-იანი ბაზრის მფლობელები ხდებოდით და ამას დათანხმდით“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, აღნიშნული აქტი თბილისის მერიას  მუნიციპალური პოლიტიკის გატარებაში უშლის ხელს. დავით ნარმანია, მთავრობის წევრებთან ერთად, outdoor.ge-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ სარეკლამო კომპანია outdoor.ge-ს წარმომადგენლებს 12-პუნქტიანი დავალებები მისცა. მან კომპანიას მოსთხოვა, წარმოადგინონ 2009-2013 წლებისა და 20014 წლის 8 თვის დეტალური ფინანსური მონაცემები. outdoor.ge-მ პირველ ოქტომბრამდე მერიას უნდა წარუდგინოს, ასევე, ინფორმაცია ჩატარებული აუდიტის დასკვნების შესახებ. თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს დაავალა, წარმოადგინონ ინფორმაცია სოციალურ რეკლამაზე და სოციალურ პროექტებში მონაწილეობის შესახებ, აგრეთვე, სარეკლამო ადგილების შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებული ინფორმაცია და წლების მიხედვით, დოკუმენტურად დადასტურებული ინფორმაცია ინვესტიციის მოცულობის შესახებ.
კომპანიამ მერიას, ასევე, უნდა წარუდგინოს ინფორმაცია მერიის კუთვნილ ფართებზე განთავსებული რეკლამების თაობაზე და საკუთარი ხედვა ქირის გადახდასთან დაკავშირებით. outdoor.ge თბილისის მერს მის მფლობელობაში არსებული კონსტრუქციების წარმომავლობის შესახებ ინფორმაციასაც წერილობით მიაწვდის, ასევე, წლების მიხედვით გაწერილ დოკუმენტს ქონების შეძენის შესახებ.
გარდა ამისა, outdoor.ge-მ მერიას უნდა წარუდგინოს კომპანიის 70%-ის მფლობელის ვინაობა და კომპანიის აქტივების შესახებ ინფორმაცია. თბილისის მერის განცხადებით, თვითმმართველობის კოდექსით,  გარე რეკლამის რეგულირება მუნიციპალიტეტის კომპეტენცია გახდა და outdoor.ge-ს წარმომადგენლებს მოსთხოვა, წარმოადგინონ თავიანთი ხედვები ამ მიმართულებით.
1 ოქტომბრამდე outdoor.ge-მ მერიას, აგრეთვე, უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სხვა კომპანიებთან ურთიერთობის სამართლებრივი მხარის თაობაზე. სარეკლამო კომპანია მერიას გააცნობს არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ საკუთარ ხედვას და სამომავლო განვითარების გეგმებს 2021 წლამდე.
დავით ნარმანია, მთავრობის წევრებთან ერთად, outdoor.ge-ს წარმომადგენლებს დღეს შეხვდა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. 

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და დედაქალაქის მთავრობა outdoor.ge-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ. კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს, სადაც თბილისის მთავრობის წევრებს მიაწოდეს ინფომაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ. თბილისის მერმა outdoor.ge-ს წარმომადგენლებს უფრო დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა მოსთხოვა და განაცხადა, რომ პრეზენტაციამ უფრო მეტი კითხვები გააჩინა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშრებით.
„2013 წელთან დაკავშირებით ფინანსური ანგარიში არ არის წარმოდგენილი და, შესაბამისად, შემოსავლების ოდენობის დადგენა და მისი შედარება ბიუჯეტში არსებულ მონაცემებთან ვერ მოვახდინეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერმა კომპანიის წარმომადგენლებს მოსთხოვა, კონკრეტული ციფრები მერიას წერილობით მიაწოდონ.
დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიამ outdoor.ge-ს აუდიტის ფინანსური მონაცემები დასკვნასთან ერთად 2014 წლის 24 ივნიის მოსთხოვა, თუმცა, კომპანიისგან პასუხი დღემდე არ მიუღია. მისივე თქმით,  outdoor.ge-ს მერიისთვის არ მიუწოდებია, ასევე, ინფორმაცია ჯამურად არსებული ფართების სტატისტიკის შესახებ.
„მინდა გკითხოთ, ასეთი დამოკიდებულება გქონდათ თუ არა წინა მმართველობის პირობებში და იგივე დამოკიდებულებას თუ აგრძელებთ ჩვენთან მიმართებით? თუ ასეთი დამოკიდებულება გექნებათ, ვერ ვითანამშრომლებთ, იმიტომ, რომ ჩვენ მომსახურე კომპანიებისგან მოვითხოვთ ქალაქის, ხელისუფლების და ხალხის პატივისცემას, ურთიერთნდობას და ამ ნდობაზე დამყარებულ თანამშრომლობას“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
outdoor.ge-ს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ  ისინი დღეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრას ელოდნენ და დეტალური ინფორმაციის წარმოდგენისთვის მზად არ იყვნენ. outdoor.ge-ს წარმომადგენელის განცხადებით, დეტალურ  ინფორმაციას  უახლოეს პერიოდში წარმოადგენს.  

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
 

ნაძალადევის გამგებელმა თემქაზე კომპანია „ფურშეტ ჯორჯიას“ ახალი სუპერმარკეტი კომპანიის დამფუძნებელთან ერთად გახსნა. ზაზა გაბუნიამ ახლადგახსნილ სუპერმარკეტში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი. ნაძალადევის რაიონის გამგებლის თქმით, მოქალაქეთა დასაქმება ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ბიზნესს ამ თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა და როლი აქვს. კომპანია
„ფურშეტ ჯორჯია“ აღმოსავლეთ ევროპის ერთ–ერთი უმსხვილესი ბრენდია, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებში სავაჭრო და კვების ობიექტების ფართო ქსელს ფლობს.

 

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დასუფთავების აქციაში - "დავასუფთაოთ საქართველო“ - მიიღო მონაწილეობა. დავით ნარმანიამ, აქციის მონაწილეებთან ერთად, ნარიყალაზე,  ქართლის დედის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა. სამდღიან აქციაში გარემოსდამცველ ორგანიზაციებთან ერთად ჩართულები არიან თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვისა და დასუფთავების სამსახურები.
„დედაქალაქის დასუფთავებაზე ზრუნვა თითოეული ჩვენთაგანის  ვალია.  ყველამ უნდა იზრუნოს,  რომ ქუჩაში არ დავყაროთ, არ დავტოვოთ ნარჩენები. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ძალიან აქტიურ ქმედებებს ვიწყებთ. იქნება ეს დედაქალაქში  დამატებითი ურნების დადგმა, მასშტაბური აქციები,  საინფორმაციო კამპანია თუ  სხვადასხვა სახის ღონისძიებები. სუფთა ქალაქი ჩვენი ჯანსაღი ცხოვრების წესად უნდა ვაქციოთ,“ - განაცხადა თბილისის მერმა. აქციაში მონაწილობდნენ შვედეთის ელჩი საქართველოში, მარტინა კვიკი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები.
აქციას "დავასუფთაოთ მსოფლიო - დავასუფთაოთ საქართველო", შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) ფინანსური უზრუნველყოფით, თბილისის მერიის და გარემოსა დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – ,,საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო, მდგრადი განვითარების კავშირი ,,ეკოხედვა" და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ ახორციელებს.
გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული კამპანიის ,,დავასუფთაოთ მსოფლიო“ (Clean Up the World) ფარგლებში, დასუფთავების ყოველწლიური საერთაშორისო კამპანია 19-21 სექტემბერს მსოფლიოს 134  ქვეყანაში ტარდება. საქართველო  მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა  და ის რიგით 121 -ე ქვეყანა იყო, რომელიც დატანილი იქნა მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე.

სიახლე
19 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „ივენთ ჰოლში“ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) 20 წლის იუბილეს და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა GIPA-ში თავისი 10 წლიანი მოღვაწეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ ამ ხნის მანძილზე  ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სტუდენტებს სათანადო ცოდნა მიეღოთ.
„მიხარია რომ   კურსდამთავრებულებს შორის ჩემი სტუდენტებიც არიან.  ზოგიერთი მათგანის დიპლომის ხელმძღვანელიც ვიყავი. მინდა მათაც და თითოეულ კურსდამთავრებულს დღევანელი დღე მივულოცო და წარმატებები ვუსურვო“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანიას პედაგოგიური საქმიანობისთვის GIPA - ს სპეციალური სამკერდე ნიშანი გადაეცა.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდნენ.

 

სიახლე
18 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია რუსთაველის თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნასთან დაკავშრებით გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო. ფესტივალი, რომელიც 20 სექტემბერს გაიხსნება, მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერის განცხადებით, ფესტივალი წელს არაერთ ცნობილ თეატრალურ დასს უმასპინძლებს.
„აღნიშნული ფესტივალი, კულტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. მოხარული ვარ, რომ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული და მხარდაჭერილი ფესტივალი საქართველოს ფარგლებს გასცდა და ის კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული მოვლენების ცენტრად იქცა. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ იდეის განხორციელებისკენ, რომ თბილისი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს რუსთაველის სახელობის თეატრში “მოხეტიალეთა სიმღერებით” გაიხსნება. სპექტაკლში მონაწილეობენ ტაივანი-ჩინეთის ცეკვის თეატრი “ღრუბლის კარიბჭე” და ქართული ცეკვის ანსამბლი “რუსთავი”. ფესტივალი თბილისში მეექვსედ იმართება.

 

სიახლე
18 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკასს უმასპინძლა. იონას პასლაუსკასმა დავით ნარმანიას დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვის მთავრობებს შორის არსებულ ურთიერთობებს, რაც ელჩის თქმით, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებთან ურთიერთობა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება  ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების განხორციელების, ასევე ბინათმშენებლობის და  სასტუმროების მშენებლობის  კუთხით.  ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა,  პოტენციური ინვესტორებისთვის  უკვე მზადდება ბიზნესპროექტები, რომლებიც ბიზნესპალატებს, დონორ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ უწყებებს გადაეგზავნება.
ლიტვის ელჩმა თბილისის მერი ვილნიუსში მიიწვია.

სიახლე
18 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით 620 თბილისელი შეხვდა. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი