15:36     18/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია რუსთაველის თეატრში თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის გახსნასთან დაკავშრებით გამართულ პრესკონფერენციას დაესწრო. ფესტივალი, რომელიც 20 სექტემბერს გაიხსნება, მერიის მხარდაჭერით იმართება. თბილისის მერის განცხადებით, ფესტივალი წელს არაერთ ცნობილ თეატრალურ დასს უმასპინძლებს.
„აღნიშნული ფესტივალი, კულტურის სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან ერთად, შემოდგომის თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. მოხარული ვარ, რომ თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული და მხარდაჭერილი ფესტივალი საქართველოს ფარგლებს გასცდა და ის კავკასიისა და შავი ზღვის ქვეყნების კულტურული მოვლენების ცენტრად იქცა. ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ იდეის განხორციელებისკენ, რომ თბილისი რეგიონის კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თეატრალური ფესტივალი 20 სექტემბერს რუსთაველის სახელობის თეატრში “მოხეტიალეთა სიმღერებით” გაიხსნება. სპექტაკლში მონაწილეობენ ტაივანი-ჩინეთის ცეკვის თეატრი “ღრუბლის კარიბჭე” და ქართული ცეკვის ანსამბლი “რუსთავი”. ფესტივალი თბილისში მეექვსედ იმართება.

 

სიახლე
18 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იონას პასლაუსკასს უმასპინძლა. იონას პასლაუსკასმა დავით ნარმანიას დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნების გზით გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ლიტვის მთავრობებს შორის არსებულ ურთიერთობებს, რაც ელჩის თქმით, კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებთან ურთიერთობა. მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილება  ინფრასტრუქტურული და მუნიციპალური პროექტების განხორციელების, ასევე ბინათმშენებლობის და  სასტუმროების მშენებლობის  კუთხით.  ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას ტურიზმის სფეროში.
როგორც თბილისის მერმა განაცხადა,  პოტენციური ინვესტორებისთვის  უკვე მზადდება ბიზნესპროექტები, რომლებიც ბიზნესპალატებს, დონორ ორგანიზაციებს და დიპლომატიურ უწყებებს გადაეგზავნება.
ლიტვის ელჩმა თბილისის მერი ვილნიუსში მიიწვია.

სიახლე
18 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. დავით ნარმანიამ სტუმრებს დედაქალაქში განსახორციელებელი პროექტები გააცნო, რომელთა შორის თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის პარკის განახლება და ენერგოეფექტური გარე განათების დამონტაჟება დაასახელა. მისი თქმით,  მთავრობა  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ახალ სტანდარტებზე იწყებს მუშაობას, რაშიც ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებას გაიზიარებს. მისივე თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარება მის წინასაარჩევნო პროგრამაზე დაფუძნებული  სამომავლო საქმიანობის სტრატეგიის   შემადგენელი ნაწილია.
„ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი აქვს. ბანკი თბილისის მერიას მუნიციპალური და ინფრასტრუქტურული პროექტების გრძელვადიანი დაფინანსების პაკეტს  სთავაზობს. ამ კუთხით, ბანკს მდიდარი გამოცდილება, მიმზიდველი წინადადებები და დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვს,“ - განაცხადა  ბანკის წარმომადგენელმა ფილიპე შიმჩაკმა.
დავით ნარმანიამ ბანკის წარმომადგენლები სექტემბრის ბოლოს დაგეგმილ დონორთა საკოორდინაციო შეხვედრაზე მიიწვია.

სიახლე
18 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივა თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით არ გადაიხედება. ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა. პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები.
რაც შეეხება თსუ მაღლივ კორპუსთან მიმდინარე გაზ-გასამართი სადგურის მშენებლობას, მშენებლობის ნებართვა გაცემულია უსაფრთხოებისა და ყველანაირი ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით. ამასთან, გაზ-გასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.

 

სიახლე
17 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის გადაწყვეტილებით, დედაქალაქის 26 ბაგა-ბაღში ცენტრალური გათბობის უახლესი სისტემა დამონტაჟდება. ამისათვის თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 160 000 ლარი გამოეყოფა. სააგენტოს დირექტორის, თემურ თორდინავას  ვარაუდით, გათბობის სისტემის დამონტაჟება ნოემბრის ბოლომდე დასრულდება. მისივე თქმით, დანარჩენ ბაგა-ბაღებში გათბობის ალტერნატიული საშუალებები არსებობს.
დღევანდელ სხდომაზე თბილისის მთავრობამ, ასევე, 132-ე ბაგა-ბაღისთვის სტატუსის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. კიევის N2-ში მდებარე საბავშვო ბაღი თბილისის წინა მთავრობამ 6 წლის წინ ე.წ. „ბაღების ოპტიმიზაციის“ ფარგლებში დახურა, რის შემდეგაც აღნიშნულ შენობაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.
„ეს ბაღი თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უკვე დაუბრუნა. ამჟამად მიმდინარეობს სტატუსის აღდგენის პროცედურები, რის შემდეგაც სარემონტო სამუშოები დაიწყება. ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან დაიწყებს და ის 150-მდე ბავშვს მოემსახურება.  ბაგა-ბაღში 35-40 ადამიანი დასაქმდება. გარდა ამისა, 3000 ბავშვისთვის დამატებითი ფართი მოვიძიეთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ და რაიონის გამგებლებს დამატებითი შენობების მოძიება დაავალა. 

სიახლე
17 სექტემბერი 2014  
 
 

19 სექტემბერს თბილისის მთავრობა გარე სარეკლამო მომსახურების კომპანია outdoor.ge-ს ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს. მთავრობის დღევანდელ ხხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის რაიონულ გამგეობებს დაავალა, შეხვედრაზე წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია ამ კუთხით არსებული პრობლემების  შესახებ, რათა ერთობლივად გამოინახოს მათი გადაჭრის გზები.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების - „GWP, „სითი-პარკი“, „თელასი“, „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები გაწეული სამუშაოების შესახებ და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

სიახლე
17 სექტემბერი 2014  
 
 

ე.წ. ბოშების ბაზრობაზე 16 სექტემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად მიმდებარე ეზოში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად დედაქალაქის მერია 18 150 ლარს გამოყოფს. როგორც  თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განაცხადა, თბილისის მერიას უკვე წარედგინა ოფიციალური  წერილი თანდართული ხარჯთაღრიცხვით, რომელიც დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას დავალებით, დაჩქარებული წესით განსახილველად  თბილისის საკრებულოს გადაეგზავნება.
მისივე თქმით, ხანძრის შედეგად, ბაზრობის მიმდებარე ეზოში 300 კვადრატულ მეტრამდე   ფართობის სახურავია გამოსაცვლელი. უკვე დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები.
რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს, დიდუბის რაიონის გამგებელი ადგილზე ვითარების გასაცნობად იმყოფება. დაზარალებულ მოვაჭრეებს ფულად კომპენსაციას ბაზრის ადმინისტრაცია გადაუხდის.

სიახლე
17 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით 620 თბილისელი შეხვდა. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ერთჯერადი დახმარების თანხის ოდენობა გაზარდა. კერძოდ, სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები, მესამე შვილის ყოლის შემთხვევაში, ნაცვლად 400 ლარისა, 800 ლარს, მეოთხე შვილის შემთხვევაში, 800 ლარის ნაცვლად 1000 ლარს, მეხუთე და შემდგომი შვილის შემთხვევაში 1000-ის ნაცვლად 1500 ლარს მიიღებენ. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, საბიუჯეტო ცვლილებებით მისი ერთ-ერთი  წინასაარჩევნო დაპირების შესრულების დაწყება შესაძლებელი გახდა.
მისივე თქმით, ბიუჯეტში დამატებით 8 მილიონი ლარია  გათვალისწინებული  იმისთვის, რომ რაიონულმა გამგეობებმა შეძლონ წლის ბოლომდე აუცილებელი სოციალური მომსახურეობის გაწევა. 2,5 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის დაფინანსება, რათა მან შეძლოს სხვა სახის სოციალური დახმარებების გაცემა. გარდა ამისა, უკვე გაიზარდა სასწრაფო დახმარების პერსონალის შრომის ანაზღაურება.
„ჩვენ დღეიდან უკვე შეგვიძლია ახალი ბიუჯეტით ვიმუშაოთ“ - განაცხადა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა. დავით ნარმანია პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით გუშინ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.
„მინდა  ვუთხრა ჩვენს თანამოქალაქეებს, რადგან პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან გუშინ გაკეთდა განცხადება,  თითქოს  ქამრების შემოჭერით  სოციალური ან საინვესტიციო პროექტები შემცირდება. ქამრების მოჭერა არ ნიშნავს პროექტების და პროგრამების დაფინანსების შემცირებას, ეს ნიშნავს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას. ჩვენ იმიტომ გადავწყვიტეთ სესხის აღება და ეკონომიის ხარჯზე გავზარდეთ ბიუჯეტის ჯანდაცვის და  და სოციალური უზრუნველყოფის ნაწილი, რომ ხალხს არაფერი დააკლდეს.  სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი სოციალური მხარდაჭერა,  ჯანდაცვითი კუთხით არცერთი დაფინანსება არ შემცირდება და შეფერხდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

სიახლე
17 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი