02:21     21/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ საქალაქო სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახური, განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის საქალაქო სამსახური და კულტურის საქალაქო სამსახური.
ალუდა გოგლიჩიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის, ისევე, როგორც დანარჩენი ორი სამსახურის  დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება რამდენიმე მოტივით არის განპირობებული. კერძოდ, თითოეული სამსახურის  საქმიანობის სფერო თავისი შინაარსით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, სამიზნე ჯგუფებისა და ბენეფიციართა დიდი რაოდენობის გამო, მართვის სისტემა წარმოდგენილი სახით უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება.
ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, ამჟამად არსებული  სახით მოქმედი სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის საქმიანობის კუთხით, მერია ვერ გაატარებს ერთიან პოლიტიკას, რადგან სამსახურსა და რაიონულ გამგეობებს შორის არ არსებობს არავითარი კოორდინაციის მექანიზმი, სამსახურს არ აქვს ერთიანი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელიც საერთო იქნებოდა მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისთვის. 

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე  მოისმინა და მოიწონა  საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის შესახებ  საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ინიციატივა. საბჭოს მიზანია გამგეობის საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით,  ეს ძალიან საინტერესო მექანიზმი  ხელს შეუწყობს გამგეობებში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.
„ეს იქნება ადრინდელი მართვისგან ტიპიურად განსხვავებული მიდგომა, რაც საინტერესო მექანიზმია  დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. შემუშავდება დებულება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გამგეობებში საზოგადოებრივი  საბჭოების შექმნა, რომლებიც გამგეობას ამა თუ იმ საკითხებზე საინტერესო რჩევებს მისცემენ, მიაწვდიან ინფორმაციას და გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. გადაწყდა, რომ პროექტის შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი უხელმძღვანელებს.
როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, საზოგადოებრივი საბჭოები საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არ საჭიროებს. 

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

კომპანია „სითი - პარკის“ საქმიანობის ანგარიშს დედაქალაქის მთავრობა 22 აგვისტოს მოისმენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს  მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, კომპანია „სითი - პარკის“ ხელმძღვანელობასთან ქალაქის მთავრობას კონკრეტული შეკითხვები აქვს. „ჩვენ ვემზადებით პარასკევის მოსმენისთვის, რათა კომპანია „სითი პარკს“ დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რაც საზოგადოებას  და  ჩვენ გაგვაჩნია. შეხვედრაზე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ხელშეკრულების მიმდინარეობასთან და  სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მოვისმენთ“ - განაცხადა დავით  ნარმანიამ.
კომპანია „სითი - პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაცია თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს.

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ შპს-ებში  საკადრო ცვლილებები განხორციელდა. დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ალექსანდრე ჯაფარიძე დაინიშნა. 
გარდა ამისა, შპს „თბილსერვისს“ გიორგი ბაგრატიონი, შპს „ლაბორატორიას“ ლაშა სამხარაძე, შპს „სინათლის ქალაქს“ ვასილ ხორავა, ხოლო  ა(ა)იპ  „თბილისის პორტალს“ ირაკლი შანიძე უხელმძღვანელებენ. 
სამსახურების ახალმა ხელმძღვანელებმა თბილისის მერისგან პირველი დავალებები უკვე მიიღეს. 
დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა მთავრობის წევრებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი „სოლიდარობის ფონდის“ მიზნები და ამოცანები გააცნო და განაცხადა, რომ თბილისის მერია „სოლიდარობის ფონდს“ უერთდება. მერიის მხრიდან ფონდის სამუშაო ჯგუფში მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე იქნება ჩართული.  

 

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერიასა და გამგეობებში მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. 600-მდე მოქალაქეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე თბილისის მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურის უფროსები და რაიონების გამგებლები შეხვდნენ. თბილისელები ძირითადად სოციალური პრობლემების მოგვარებას, მკურნალობისა და  სწავლის დაფინანსებას, ასევე საცხოვრებელი ფართების გამოყოფას, მოწესრიგებას და დაკანონებას ითხოვენ.
დავით ნარმანია დღეს 2007 წელს საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებული პედაგოგთა ჯგუფსაც შეხვდა. პედაგოგები სამსახურიდან გათავისუფლების პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. თბილისის მერი მათ დახმარებას დაპირდა. დავით ნარმანიას თქმით, მერია თბილისში დამატებით ბაღების აშენებას გეგმავს. დღეს დავით ნარმანიამ პირადად მოისმინა 40 მოქალაქის პრობლემა.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

სიახლე
18 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ურეკში თბილისის მერიის  საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, დასასვენებლად მყოფ მოზარდებს ესტუმრა და მათ საჩუქრები გადასცა. მოზარდთა გამაჯანსაღებელი პროგრამის გარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 20 წლამდე ასაკის მოზარდები და მათი თანმხლები პირები ორკვირიანი საგზურებით სარგებლობენ. პროგრამა მთისა და ზღვის კურორტებზე (ბაკურიანი, ურეკი)  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეაბილიტაციასა და მათ რესოციალიზაციას ისახავს მიზნად.
თითოეული ბენეფიციარი და მისი გამყოლი პირი დასასვენებელ კომპლექსში კომფორტული და შესაძლებლობებზე ადაპტირებული ნომრებით, სამჯერადი სრულფასოვანი კვებით, პირველადი უფასო სამედიცინო დახმარებით, უფასო სამკურნალო მასაჟებითა და ფიზიოთერაპიის კურსით არიან უზრუნველყოფილნი.
პროგრამით სარგებლობენ როგორც თბილისში რეგისტრირებული 20 წლამდე ასაკის შშმ პირები, ასევე  ის მოზარდები, რომლებიც დედაქალაქში რეგისტრირებული არ არიან, მაგრამ  განთავსებული არიან ბავშვთა სპეციალიზირებული ცენტრებში ან სწავლობენ თბილისის საჯარო სკოლებსა და  საბავშვო ბაგა-ბაღებში.საკურორტო–სამკურნალო რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში,  წელს ურეკში უკვე 631-მა ბენეფიციარმა (შშმ მოზარდები და გამყოლები) დაისვენა.
პროექტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება და სულ მის ფარგლებში ზღვისა და მთის კურორტებზე 1 550 ადამიანი დაისვენებს.

სიახლე
17 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

გლდანის გამგეობისა და „ჯინო ფერედაის"-ის ინიციატივით, გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 20  მოზარდს დღეს „ჯინო ფერედაის"-მა უმასპინძლა. ბავშვებისა და მათი თანმხლები პირების გადაადგილება გლდანის გამგეობამ უზრუნველყო. გამგეობისა და „ჯინო ფერედაისის“ ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, აქცია გაგრძელდება  და ბავშვების სხვადასხვა ნაკადი ზაფხულის განმავლობაში „ჯინო ფერედაისს“ კიდევ ეწვევა. 
გასართობ-დასასვენებელ ცენტრში ბავშვები დღეს გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ მიიყვანა.

სიახლე
17 აგვისტო 2014  
 
 

ქალაქში არსებული უფასო სასადილოების პროგრამა არ გაუქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის მერმა შესაბამისი საქალაქო სამსახურებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა.
დავით ნარმანიას განცხადებით, საქალაქო სამსახურები ქალაქის ყველა რაიონში ახორციელებენ მონიტორინგს, რათა დაზუსტდეს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს. „შემოსულია ახალი განცხადებები ბენეფიციარების დამატების შესახებ და ისინი უნდა დავაკმაყოფილოთ. ასევე, მნიშვნელოვანია უფასო სასადილოებში საკვების ხარისხი და ის უნდა გაუმჯობესდეს. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
იხილეთ მეტი