ცხელი ხაზი 272 22 22
11:57 27/11/2014
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერიისა და საკრებულოს დელეგაცია დედაქალაქის მერის დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს დეპუტატები, მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება თბილისისა და გუანჯოუს მერების ოფიციალური შეხვედრა, რის შემდეგაც  ხელი მოეწერება ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას. დაგეგმილია შეხვედრები ბიზნეს წრეებთან და „ქართულ-ჩინური მეგობრობისა და თანამშრომლობის ასოციაციის“ ოფისის გახსნა. დავით ნარმანია ასევე შეხვდება ქალაქ ურუმჩის მერს.
დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში, რომელზეც დავით ნარმანია სიტყვით გამოვა.
როგორც ჩინეთში გამგზავრებამდე თბილისის მერმა განაცხადა, კონფერენციაზე იმსჯელებენ გუანჯოუსთან დაძმობილებულ ქალაქებში ურბანული განვითარების პერსპქტივებთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თბილისსა და გუანჯოუს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება მიზნად ისახავს საინვესტიციო და ურბანული განვითარების, ასევე  კულტურული, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში თანამშრომლობას, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო შედეგს მოიტანს.

 

 

სიახლე
26 ნოემბერი 2014  
 
 

მთაწმინდის რაიონში, გოგებაშვილის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მოასფალტება მიმდინარეობს.  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყო, დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და მთაწმინდის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით და დათქმულ ვადაში ვასწრებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გოგებაშვილის ქუჩაზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება. დღეს იგება გზის პირველი საფარი, რის შემდეგაც დაიგება მეორე ფენა. გარდა ამისა, ინტენსიურად  მიმდინარეობს დაზიანებული გზების შეკეთება  დედაქალაქის სხვა რაიონებშიც, რათა ზამთრის პერიოდს მომზადებული შევხვდეთ და უმტკივნეულოდ გადავიტანოთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, პროექტის ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდება მთლიანი ქუჩა საერთო ფართობით - 5 600 კვადრატული მეტრი. მისივე თქმით, უკვე დასრულდა გრუნტის მოწყობის, აგრეთვე, წყლისა და კანალიზაციის ჭების ამოწევის სამუშაოები, დასასრულს უახლოვდება ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს „სამშენებლო სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

 

 

 

სიახლე
21 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის შემოერთებულ ტერიტორიაზე მოსული უხვი ნალექის გამო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. „თბილსერვისის“ უფროსის მოადგილის, ლევან ნაროუშვილის თქმით, მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა არ შეექმნება. მისივე ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები წყნეთში, კიკეთსა და კოჯორში სპეციალური ტექნიკით მიმდინარეობს და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
ადგილზე იმყოფებიან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და შპს „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა, იყრება მარილი.
„თბილსერვისი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ზაფხულის საბურავებით გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.თბილისში ნალექი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

სიახლე
24 ნოემბერი 2014  
 
 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოფილი მთავრობის პირობებში დამკვიდრებული იყო პრაქტიკა, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, ტენდერის მონაწილე პრეტენდეტების მიერ, სატენდერო წინადადების სახით, ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა მხოლოდ რეკვიზიტების წარმოდგენა, რაც მიზანმიმართულად ხელს უწყობდა ტენდერის მიმდინარეობის პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეკვიზიტების წარმოდგენა არ იყო გათვალისწინებული ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ელექტრონული ტენდერების სატენდერო მოთხოვნებით.
2014 წლის სექტემბრიდან, არსებითად უარყოფილი იქნა ზემოხსენებული მავნე პრაქტიკა და პრეტენდენტის მიერ მხოლოდ რეკვიზიტების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, ზემოხსენებულ პრეტენდენტს ანიჭებს დისკვალიფიკაციას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე - სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში - თავიდანვე სრულყოფილად წარმოადგინონ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დოკუმენტები.
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ (რომლებმაც სატენდერო წინადადებით ატვირთეს  რეკვიზიტები)  წარდგენილი იქნა ორი საჩივარი, რომელთაგან ერთი (SPA140020932 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით) გადაწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ, ხოლო მეორე  (SPA140021523 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით)   საბჭოს მიერ დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

 

სიახლე
21 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისში, 2015 წლის 11 აგვისტოს, უეფა-ს სუპერთასის ჩატარებასთან დაკავშირებით, დღეს „ქორთიარდ მარიოტში“ ორმხრივი და სამმხრივი ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის თანახმად, ხელმომწერი მხარეები იღებენ ვალდებულებას, თბილისში, 2015 წელს ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის გამარჯვებულების სუპერთასი - 2015 თბილისის მატჩის ორგანიზების შესახებ.
„2015 წლის უეფა-ს სუპერთასის ორგანიზების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ სამმხრივ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და  ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ხელმძღვანელმა ნიკა ჯღარკავამ.
„2015 წლის სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით მასპინძელ ქალაქში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ორმხრივ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ.
როგორც  ხელმოწერის შემდეგ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მერია ყველაფერს აკეთებს ჩემპიონატის უეფა-ს სტანდარტებით ჩასატარებლად.  მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან სრულად ფინანსდება და უკვე მიმდინარეობს დინამოს სტადიონის მოწესრიგება და კეთილმოწყობის სამუშაოები. „თანხა უკვე გამოიყო 2014 წლის ბიუჯეტიდან, 10 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული 2015 წლის ბიუჯეტის პროექტით,  აქედან გამომდინარე ყველა აღებული ვალდებულება  პირნათლად შესრულდება“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა  რევაზ არველაძემ   მადლობა გადაუხადა  უეფა-ს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ქართულ ფეხბურთისთვის გამოცხადებული ნდობისთვის.

 

სიახლე
24 ნოემბერი 2014  
 
 

დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და, 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა.
სამწუხაროდ, დღეს არსებული პროგრამის ადმინისტრირების მექანიზმები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში,  მიზნობრივად გაიცეს კომუნალური სუბსიდიის თანხა მათი საჭიროების შესაბამისად. პროგრამის ხარვეზის გამო, დახმარებას იღებენ როგორც შეჭირვებული, ისე სოლიდური შემოსავლის მქონე ოჯახები, რაც ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია.
პროგრამის სრულყოფის მიზნით, დახმარების მიზნობრიობის გაუმჯობესებისათვის, 2015 წელს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში შეიმუშავებს არა სოციალურად დაუცველი, მაგრამ კომუნალური სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახებისათვის დახმარების მიზნობრივად გაცემის მექანიზმებს და, მიღებული შედეგების შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ასეთი საჭიროების მქონე ოჯახების დამატებითი სუბსიდირება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის საკითხს, ის საჭიროებს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე იქნება მიღებული.
მივმართავთ საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და შეგნებულად ნუ შეიყვანენ შეცდომაში თბილისის მოსახლეობას.

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

დედაქალაქის გამწვანების აქციას დეველოპერული კომპანია „არქი ჯგუფი“ შეუერთდა. კედრის, კვიპაროსის, სოჭისა და ლუგუსტრუმის 300-მდე ნერგი „არქი ჯგუფის“ თანამშრომლებმა დღეს, თამარაშვილის ქუჩაზე, ახალი მშენებლობის  ტერიტორიაზე, თბილისის მერის მოადგილესთან, ალუდა გოგლიჩიძესთან და ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსთან  ბიძინა გიორგობიანთან ერთად  დარგეს.
თბილისის მერის მოადგილის ალუდა გოგლიჩიძის თქმით, მისასალმებელია, რომ დედაქალაქის გამწვანების აქციას კერძო კომპანიები უერთდებიან. ალუდა გოგლიჩიძე  აქციაში ჩართვისკენ სხვა კომპანიებსაც მოუწოდებს.
„არქი ჯგუფის“ დამფუძნებლის ილია წულაიას თქმით,  „არქი ჯგუფის“ მთავარი პრიორიტეტები, მოსახლეობის ხარისხიანი საცხოვრებელით უზრუნველყოფასთან ერთად, გარემოზე, ქალაქის იერსახესა და გამწვანებაზე ზრუნვაა. მისივე თქმით, ამ მხრივ, კომპანია ახალ პრეცედენტს ქმნის – ყოველი აშენებული 10 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ ქალაქში 1 ხე ირგვება.

 

 

 

 

სიახლე
24 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალური პროექტების ევროპული სტანდარტებით მომზადებაში შვედური მხარის თანამონაწილეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით შვედეთი თბილისის მერიას აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს.
დავით ნარმანიას განცხადებით, შვედეთის საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში რამდენიმე მიმართულებით. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შვედეთის გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და გლდანის რაიონის გამგებელმა, ბესიკ ქარცივაძემ სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრ „აისის“ აღსაზრდელებს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.
თბილისის მერმა ცენტრის აღსაზრდელების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები დაათვალიერა და კონცერტს დაესწრო.
„ადამიანებმა, რომლებიც წლების განმავლობაში მზრუნველობას არ აკლებენ ამ ძალიან ნიჭიერ ბავშვებს, ბევრი კარგი საქმე გააკეთეს. ახლა ისინი ადგილობრივი ხელისუფლების მხარადჭერას საჭიროებენ. მისასალმებელია ცენტრის ხელმძღვანელობის საინტერესო კონცეფცია ცენტრის ბაზაზე სოციალური საწარმოს შექმნის შესახებ. გარდა ამისა, უკვე შეძენილია ფიზიკური რეაბილიტაციისთვის საჭირო  აპარატურა და რამდენიმე დღეში სპეციალური კაბინეტი დაიწყებს ფუნქციონირებას. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ზრუნვით ყველაფერს გავაკეთებთ ცენტრის აღსაზრდელების საზოგადოებაში სრულად ინტეგრაციისთვის. ახლა უკვე ის დროა, როცა დამატებითი კომპონენტები უნდა შეიქმნას მათთვის სრულყოფილი სერვისის მისაწოდებლად,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცენტრი ახორციელებს სოციალური საწარმოს პროექტს. კერძოდ, „აისის“ ბაზაზე დაფუძნდა მცირე სამკერვალო სახელოსნო, რომლის სრული კურსის გავლის შემდეგ, შშმ პირები დასაქმდებიან. 150 ბენეფიციარზე გათვლილი სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი ამჟამად 50-ზე მეტ  შშმ  სტატუსის მქონე ბავშვსა და მოზრდილს ემსახურება. ისინი უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტით, ორჯერადი კვებით და მათთვის სპეციალურად შერჩეული ინდივიდუალური თუ ჯგუფური პროგრამებით.
„აისი“ 2002  წელს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვების მშობლებმა დაარსეს. ცენტრის მიზანია შშმ პირების საზოგადოებაში ინკლუზიისა და ცხოვრების ხარისხის გაზრდის ხელშეწყობა სოციალური და ფიზიკური რეაბილიტაციის,  განათლების,  პროფესიული  მომზადებისა და დასაქმების მეშვეობით.

 

 

 

 

სიახლე
23 ნოემბერი 2014  
 
 

მუნიციპალიტეტებში მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 10 ნოემბრის განცხადებაში დიდუბის რაიონის შესახებ მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს გამგეობაში კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს დიდუბის რაიონის გამგეობაში ყოველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომლებიც თანამშრომელთა მოვალეობებს ასრულებდნენ.
სასურველია, სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინოს სახელები, გვარები და მეტი დეტალები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, კვლევის შედეგად შეიტყვეს. რაც შეეხება პირს, რომელიც, თურმე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა გამგეობაში და სოციალურ განყოფილებაში გამგებლის სხვა და სხვა დავალებებს ასრულებდა, ვფიქრობთ, რომ აქ იგულისხმება ბატონი ზურაბ უგულავა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ ზურაბ უგულავამ 2014 წლის 2 სექტემბერს, ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო მუშაობა დიდუბის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დიდუბის გამგეობიდან ინფორმაცია არ გაუთხოვია.
აქვე, განვმარტავთ, რომ ზურაბ უგულავას არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია სოციალურ განყოფილებასთან. 17 სექტემბერს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თეა დარახველიძე, რომლის საკურატორო სფეროა სოციალური განყოფილება, ხოლო ზურაბ უგულავა 2014 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა გამგებლის მოადგილედ და მის საკურატორო სფეროს ინფრასტქუტურის განყოფილება წარმოადგენს.  

 

სიახლე
12 ნოემბერი 2014  
 
 

დედაქალაქის მასშტაბით გამწვანების აქციები გრძელდება. საშემოდგომო რგვების ფარგლებში დღეს თემქის დასახლების მესამე და მეთერთმეტე მიკრორაიონების შემაერთებელ გზაზე 100 ძირი ჰიმალაური კედრის ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და  ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებთან ერთად მიიღეს.
ჰიმალაური კედარი მარადმწვანე მცენარეა და დედაქალაქში წლის ნებისმიერი სეზონის კლიმატურ პირობებს შეესაბამება. სულ, ნაძალადევის რაიონში, გამწვანების საშემოდგომო სეზონზე 700  სხვადასხვა ჯიშის  ნერგი დაირგვება.
დღესვე გამწვანების აქციები გაიმართა დიდუბისა და საბურთალოს რაიონებში. ვ. გოძიაშვილის სკვერში 50 ძირი კვიპაროსისა და ფიჭვის ნერგი დაირგო. ნერგები საბურთალოს რაიონის გამგებელმა და გამგეობის თანამშრომლებმა 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად დარგეს. საბურთალოს რაიონში უკვე დაირგო 600 ძირი ნერგი. დიდუბეში წყალტუბოს ქუჩაზე მდებარე 9 აპრილის სკვერს 50 ნერგი შეემატა. გამწვანების აქციებში გამგებლებმა, გამგეობის თანამშრომლებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. თბილისის გამგეობები გამწვანების აქციებს 2 კვირის განმავლობაში გააგრძელებენ და ჯამში 7 ათას ნერგს დარგავენ.
სულ, გამწვანების საშემოდგომო სეზონზე თბილისსა და მის შემოგარენში 3 000-მდე ნერგი უკვე დაირგო. ჯამში კი, წლის ბოლომდე 20 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.
დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას გამწვანების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ასევე, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.
დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად, თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ჩატარდება. 

 

 

სიახლე
22 ნოემბერი 2014  
 
 

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე გადაუდებელი, ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელსაც კომპანია "სილქნეტი" ახორციელებს, 7 ნოემბერს საღამოს 19:00 საათიდან - 02:00 საათამდე  მომხმარებლები ვერ შეძლებენ თბილისის მერიის ვებ-გვერდით სარგებლობას, რადგან ელექტრონულ მომსახურეობაზე წვდომა დროებით იქნება შეფერხებული. 

სიახლე
6 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი „ევროპის სახლში“ ნანტისა და თბილისის 35-წლიანი ურთიერთობების ამსახველი წიგნი-ალბომის ,,ნანტი-თბილისი - მეგობრობის 35 წელიწადი“ პრეზენტაციას და ნანტელი ესეისტი ხელოვანის, ჟერარ ორეის  გამოფენას ,,მოგზაურობით გარდასახულნი’’ დაესწრნენ.
როგორც პრეზენტაციაზე თბილისის მერმა განაცხადა, ალბომი ასახავს თბილისსა და ნანტს შორის 35 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებს. წიგნში ასევე  თავმოყრილია იმ ადამიანების მოგონებები, რომლებიც წლების  განმავლობაში იღწვოდნენ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და გამრავალფეროვნებისთვის. „ეს ალბომი დაგარწმუნებთ, თუ როგორ აახლოვებს ადამიანებს ქალაქებს შორის დაძმობილება.  მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიისა და საკრებულოს სამსახურებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ პროექტზე იმუშავეს, ავტორს, შორენა ციცაგს, რომელმაც უდიდესი მონდომება და შემოქმედებითი მიდგომა ჩააქსოვა ამ მშვენიერი ალბომის შექმნაში. ნანტი-თბილისის ურთიერთობები არ ამოიწურება ალბომში მოყოლილი, უკვე განხორციელებული პროექტებით. ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და ამის ნათელი დადატურებაა დღევანდელი გამოფენა, რომელსაც, ვფიქრობ, ისეთივე წარმატება ექნება თბილისში, როგორიც გასულ წელს ნანტსა და ზაარბრუკენში ჰქონდა’’, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამმხრივი დაძმობილების ფარგლებში, გამოფენა 2013 წელს ნანტში, ქალაქისთვის ევროპის მწვანე დედაქალაქის სტატუსის მინიჭებასთან  დაკავშირებით, შემდეგ კი ზაარბრიუკენში გაიმართა. ორივე ქალაქში ჟერარ ორეის გამოფენას, როგორც  ძალიან ორიგინალურსა და  ესეისტურს,  წარმატება  ხვდა წილად.

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
21 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ისრაელის ქალაქ აშკელონის მერი, იტამარ შიმონი, ვიცე-მერი შაფთაი ცური, აპარატის უფროსი, ეიტალ კორსანტინი, აშკელონის მერიის ეკონომიკური სამსახურის დირექტორი, დევიდ ორენი,  საკრებულოს წევრი, ნურით ბენიამინი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
აშკელონის მერმა დავით ნარმანია ქალაქ აშკელონში სტუმრად მიიწვია. თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება  მუნიციპალური განვითარების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, ასევე საკომუნიკაციო სისტემის რეაბილიტაციის მიმართულებით.
დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო წლის დასაწყისში მისი ისრაელში ვიზიტი იგეგმება, სადაც ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ისრაელის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და საინვესტიციო პროექტებს განიხილავს.

 

 

 

სიახლე
5 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პლამენ ბონჩევს შეხვდა. ბულგარელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თბილისისა და სოფიას  დაძმობილების შესახებ  ბულგარეთის დედაქალაქის მერის სურვილი გადასცა. ბულგარეთის ელჩის განცხადებით, თბილისთან თანამშრომლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ვარნას მერიას. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე თბილისსა და სოფიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაციისა და მუნიციპალური მენეჯმენტის მიმართულებით. მისივე თქმით, თბილისი ვარნასთან მუნიციპალური განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებს.
თბილისის მერის თქმით, საქართველოში ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, დაგეგმილია ბულგარეთში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ბულგარელი კოლეგების და ბიზნესწრეებისთვის  გაკეთდება საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია.

 

 

 

 

სიახლე
20 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვისის“ ორგანიზებით, მარჯანიშვილის 16-ის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 80-იან წლებში მეტროსადგურ “მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი უნდა განთავსებულიყო, თუმცა მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობა გვირაბს წლების განმავლობაში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენით ანაგვიანებს.
„თბილსერვისმა“ ტერიტორია მძიმე ტექნიკის დახმარებით დაასუფთავა და მოსახლეობას მოუწოდა, ნარჩენების დაყრისაგან თავი შეიკავოს.

 

 

 

 

 

სიახლე
3 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და  ვაკის რაიონის გამგებელთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, დიდი ხანია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულა. „ჩვენ წელს დავიწყეთ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, უკვე გაკეთდა მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და პარკირების ადგილი, კეთდება მოედანი. პროექტი ჯამში 180 ათას ლარზე მეტით დაფინანსდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.  მისივე თქმით,  ტენდერში გამარჯვებული  კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაასრულებს და ობიექტი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ჩაბარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა მაღლივ კორპუსამდე მისასვლელი 1000 კვადრატულ მეტრამდე გზა, კეთდება ტროტუარები და ბორდიურები.   გარდა ამისა, ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოეწყო იქვე მდებარე ავტოსადგომი. დასასრულს უახლოვდება  კორპუსის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ფეხით მოსიარულეთათვის  განკუთვნილ ტერიტორიაზე  გაკეთდება გამწვანების ზოლი.
თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო და მას შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.

 

 

სიახლე
20 ნოემბერი 2014  
 
 

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია მერიის სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის, კახა გავაშელის ნასამართლეობასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პარტია მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მათ მიერ ამჯერადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, არც ერთი ეს თანამშრომელი „არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება“.

 

 

 

 

სიახლე
30 ოქტომბერი 2014  
 
 

სოფელ დიღმისა და დიდგორის დამაკავშირებელი გზა, რომელსაც კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა. აღნიშნული გზა წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 4 კილომეტრამდე გზა სრულად მოწესრიგდა. მოეწყო წყლის გამტარი სანიაღვრე სისტემა, რაც ახლადდაგებული გზის დაზიანებას მთლიანად გამორიცხავს. მოიხსნა გრუნტი და მოეწყო საფუძვლის ქვედა და ზედა ფენები, რის შემდეგაც დაიგო ასფალტო-ბეტონის ორი ფენა.
„ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და ახალი, კაპიტალური გზა გავაკეთეთ. სამუშაოები, რომელზეც 1,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, დღეს სრულდება და დათვალიერების შემდეგ კონტრაქტორი კომპანიისგან ჩავიბარებთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობას სხვა პრობლემებიც აწუხებს და ბიუჯეტის ფორმირებისას მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, სოფელ დიღომში იცვლება წყლის მილები, რის შემდეგაც მოწესრიგდება შიდა გზების ძირითადი ნაწილი. დაგეგმილია, ასევე, გარე-განათების და სხვა სამუშაოები. „ჩვენ რაიონულ გამგეობებს მომდევნო წლის დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ლარით გავუზარდეთ, რაც შიდა გზების, მოედნების კეთილმოწყობას, ავარიული სახლების გამაგრებას და სხვა სამუშაოებს მოხმარდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „თბილისი“ აწარმოებდა. ჯამში სამუშაოებზე 1 449 000, 00 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

სიახლე
19 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ავსტრიის არარეზიდენტ ელჩს, (რეზიდენციით ბაქოში) სილვია მეიერ-კაჯბიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარეს სურს, მუნიციპალური მენეჯმენტის სფეროში ავსტრიის გამოცდილება გაიზიაროს.
გადაწყდა, რომ მომზადდება საინვესტიციო პროექტები, რომელიც ავსტრიის მხარეს გადაეგზავნება. თავის მხრივ, ავსტრია ქართულ მხარეს დაინტერესებული ინვესტორების მოძიებაში დაეხმარება.

 

 

 

სიახლე
28 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი