14:06     30/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

2014 წლის 29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის ჩატარება, თბილისის მერიის დაუდევრობის გამო, შესაძლოა, ჩავარდეს. მკაფიოდ გვინდა განვაცხადოთ, რომ თბილისის მერია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მაქსიმალურად ჩაერთო სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებში, თუმცა, აქვე ვაცხადებთ, რომ ხელშეკრულება, რომელზეც მერიას უნდა მოეწერა ხელი, ფეხბურთის ფედერაციას ამ დრომდე არ მოუმზადებია.
კარგი იქნებოდა, თუკი ფეხბურთის ფედერაციას გაცილებით საქმიანი მიდგომა ექნებოდა აღნიშნული ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით. დღემდე არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებს განსაზღვრავს, თბილისის მერია არ ფიგურირებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უეფასთან ხელშეკრულებას ხელს აწერს არა თბილისის მერია, არამედ ფეხბურთის ფედერაცია, რომელსაც, თავის მხრივ, ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა თბილისის მერიასთან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან და სტადიონთან. თუმცა, სფფ–ს თბილისის მერიისთვის აღნიშნული დოკუმენტი ამ დრომდე არ შემოუთავაზებია.
ფაქტია ისიც, რომ თბილისის მერიის 2014 წლის ბიუჯეტში აღნიშნული ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებზე თანხა გათვალისწინებული არ იყო და მხოლოდ აგვისტოს ბოლოს, ბიუჯეტის კორექტირების შემდეგ გახდა შესაძლებელი სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო თანხების გამოყოფა.
2014 წლის 26 აგვისტოს თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან შემოვიდა წერილი, რომლითაც ის ითხოვდა 2015 წლის 11 აგვისტოს თბილისში უეფას სუპერ თასის მასპინძლობასთან დაკავშირებით, მატჩის მასპინძელ - ბორის პაიჭაძის  სახელობის ეროვნულ სტადიონზე ჩასატარებელი სამუშაოების ფარგლებში, ბილეთების ელექტრონული სისტემისა და მასთან პირდაპირ და პერიფერიულად დაკავშირებული ტექნიკის მონტაჟისთვის 2014 წლის ბიუჯეტში თანხების გამოყოფის თაობაზე.
თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად, მერიის საფინანსო სამსახურმა მოამზადა თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი, რომელიც თბილისის საკრებულოს 2014 წლის 16 სექტემბრის N8-14 დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა და ბიუჯეტში დაემატა "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითრების" ქვეპროგრამა საერთო თანხით - 4,2 მილიონი ლარი. ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებისთვის საჭირო თანხები თბილისის 2015 წლის ბიუჯეტშიც არის დაგეგმილი და ჯამში, აღნიშნულ ღონისძიებაში ქ. თბილისის მერიის ფინანსური მონაწილეობა 13,2 მილიონი ლარით განისაზღვრება.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა უეფასთან დასადები ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს უეფამ და ფეხბურთის ფედერაციამ. ამავდროულად, ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს მერიასთან ხელშეკრულების დადება, რომლის პროექტიც ფედერაციას ჯერ-ჯერობით არ მოუწოდებია. ამავე წერილით ფედერაცია მერიისაგან ითხოვს ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოცემული ინფორმაციის შევსებას, რაც ბუნდოვანია მოწოდებული ხელშეკრულების შენაარსის გათვალისწინებით. აღნიშნულ საკითხებზე მუშაობისას მოვიძიეთ ის დოკუმენტები, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრავს თბილისის მერიის მონაწილეობის საკითხებს 2015 წლის 11 აგვისტოს უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის მასპინძლობასთან დაკავშირებულ პროექტში. აღმოჩნდა, რომ სოციალური უზრუნველყოფისა და კულტურის საქალაქო სამსახურის შესაბამის სპორტის განყოფილებაში ამ კუთხით არავითარი დოკუმენტი არ მოიძებნა.
აღნიშნული პრობლემების განსახილველად და მათი მოგვარების ოპტიმალური გზების დასახვის მიზნით, 2014 წლის 25 სექტემბერს ქ. თბილისის მერიაში მოწვეულ იქნა საკითხით დაინტერესებული ყველა მხარე. სამუშაო შეხვედრისას გაირკვა, რომ არ არსებობს პროექტი, სადაც გაწერილია ღონისძიების მოსამზადებელი კონკრეტული ქმედებები, პასუხისმგებელი პირების, შესრულების დროისა და საჭირო თანხების მითითებით. გაურკვეველია, არსებობს თუ არა აუდიტის დასკვნა სტადიონზე გასაწევი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ. არ არის ინფორმაცია ღონისძიებისთვის შესასყიდი ტექნიკის გარანტიისა და დაზღვევის ხარჯების შესახებ, შესაბამისად, გაურკვეველია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა სატესტო თამაშის დროს ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, გადაწყდა, რომ: საკითხი დაჩქარებული წესით გავიდეს საქართველოს მთავრობის სხდომაზე და საქართველოს მთავრობის დადგენილებით მოხდეს თბილისის მერიის აღნიშნულ ღონისძიებაში ფინანსური მონაწილეობის ფორმალიზება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარუდგენს მის ხელთ არსებულ ყველა დოკუმენტს საკითხით დაინტერესებულ ყველა მხარეს. გაფორმდება ხელშეკრულება საკითხით დაინტერესებულ მხარეებსა და ქ. თბილისის მერიას შორის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოამზადებს პროექტს ღონისძიებისთვის გასაწევი სამუშაოების შესახებ, დროში გაწერილი, თანხებისა და პასუხისმგებელი პირების მითითებით. სს „ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი“ მოამზადებს განვითარების სტრატეგიულ გეგმას და გრძელვადიან პროგრამას, რის საფუძველზეც ბიუჯეტის  ქვეპუნქტი - "ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის განვითრების" ქვეპროგრამა გაიწერება სრულფასოვნად. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია წარმოადგენს უეფას მიერ გამოგზავნილ სამოქმედო გეგმას, ახსნა-განმარტებით, თუ რა სამუშაოები შესრულდა, რა თანხები დაიხარჯა, ვინ იყო პასუხისმგებელი, ვინ გაწია ხარჯები და რა სამუშაოებია შესასრულებელი - დროის, პასუხისმგებელი პირის, თანხის მითითებით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისის მერიას წარუდგინს უეფას იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს სტადიონი. აღნიშნულზე დაყრდნობით, მომზადდება დასკვნა სტადიონზე გასაწევი სამუშაოების აუცილებლობის შესახებ და სხვა.
სამწუხაროდ, აღნიშნული შეთანხმების შემდეგ საკითხი წინ არ წაწეულა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას არ წარმოუდგენია ის ინფორმაცია და შესაბამისი დოკუმენტები, რისი წარმოდგენის ვალდებულებაც მან აიღო.
მიუხედავად არსებული გაუგებრობისა, თბილისის მერია კვლავაც მზად არის, კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ჩაერთოს უეფას სუპერ თასის ფინალური მატჩის საორგანიზაციო საკითხებში. აგრეთვე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ფუჭი და უსაგნო ბრალდებების ნაცვლად, ყველამ ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ აღნიშნული ღონისძიება თბილისმა და მთლიანად საქართველომ ღირსეულად ჩაატაროს. 

 

სიახლე
30 სექტემბერი 2014  
 
 

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელს მარტინ ჰომოლას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ტყის რესურსების მართვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ცალკეული პროექტების მხარდაჭერაზე ისაუბრეს. ასევე თბილისის გარემოსდაცვითი კომპონენტის გასაძლიერებლად, 2015 წელს, საერთაშორისო ექსპერტის მოწვევისა და კლიმატის ცვლილებების საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საკითხები განიხილეს.

 

 

სიახლე
30 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 609 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 ადამიანს მოუსმინეს.
სულ, 11 აგვისტოდან  29  სექტემბრის  ჩათვლით,  თბილისის მერმა, მერის  მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და  რაიონების გამგებლებმა  4 949  ადამიანი მიიღეს. აქედან,  დედაქალაქის მერი 240 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
29 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის განვითარების ფონდის საზოგადოებრვი დარბაზის შეხვედრაზე განხილულ იქნა, გუდიაშვილის მოედანთან არსებული მემკვიდრეობა, როგორც პროექტების, ასევე დაფინანსების კუთხით. გუდიაშვილის მოედნის გარშემო არსებული კულტურული ძეგლების და სახლების მომავალზე განვითარების ფონდის მიერ მოწვეულმა სტუმრებმა იმსჯელეს. მათ შორის იყვნენ: არქიტექტორთა კავშირი, ასოციაცია „ინჟინრული აზრი“, დამოუკიდებელი ექსპერტები, ხელოვნებათმცოდნეები, არასამთავრობო ორგანიზაცია „ტფილისის ჰამქარი“, საკრებულოს წევრი ალეკო ელისაშვილი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, არქიტექტორ-ინსტრუქტორები  და ადგილობრივი მოსახლეობა.
თბილისის განვითარების ფონდმა, საზოგადოებას ის ძველი პროექტები წარუდგინა, რომელიც ოფიციალურად დღემდე ითვლებოდა მოქმედად, ან არ იყო გასჯაროებული და შესთავაზა შესაძლებლობის შემთხვევაში, ამ პროექტების კორექტირება დროისა და სახსრების დაზოგვის მიზნით. თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა  თემურ ხომერიკმა, სპეციალისტებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და მოსახლეობისგან მოისმინა ურთიერთსაპირისპირო და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი ალტერნეტიული მოსაზრებები, თუმცა ყველა შეთანხმდა ერთზე - აუცილებელია მიდგომების დონეზე რადიკალური პოზიციების შეჯერება და საქმის დაძვრა.
გუდიაშვილის მოედნის კულტურული ძეგლების გადასარჩენად არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ ძველი პროექტები უვარგისია კულტურული მემკვიდრეობის კუთხით  და მათი განხორცილელება არ ღირს. ამიტომ მათი მოთხოვნაა, ახალ პროექტებზე კონკურსების გამოცხადება, როგორც ეს მათ ჩამოაყალიბეს ქალაქის მერთან დადებულ მემორანდუმში. რაც შეეხება მოსახლეობას, მათ გამოთქვეს წუხილი საკუთარი სახლების მდგომარეობასთან დაკავშირებით და მოითხოვეს დაჩქარდეს როგორც რეაბილტაციის , ასევე ახალმშენებლობის პროცესი.
თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი, სასწრაფო და გადაუდებელ პრობლემად, მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების მძიმე ავარიულ მდგომარეობას ასახელებს. ასევე თვლის,რომ პირველ რიგში დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს ამ კატეგორიის მოსახლეობის სახლებიდან გამოყვანა და დროებით ქირით დაბინავება, მანამ, სანამ არ გამაგრდება ჩამოშლილი კედლები და უსაფრთხო პირობები არ შეიქმნება. ერთ-ერთი ასეთი მისამართი გია აბესაძის ქუჩა N 21-ია, სადაც რამდენიმე დღის წინ კიდევ უფრო დამძიმდა სიტუაცია. ფონდის ხელმძღვანელი ეთანხმება კონკურსის გამოცხადებას, თუმცა დროის დასაზოგად მიმართა დამსწრეებს, რომ  დეტალურად განეხილათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ შეფასებული პროექტი, რომელზედაც მშენებლობის ნებართვის ვადა 2016 წლამდეა.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ  გუდიაშვილის კულტურული ძეგლების საკითხზე მსჯელობა 1 ოქტომბერს არქიტექტორთა კავშირში 11 საათზე გაიმართება.  შეხვედრა იქნება ვიწრო სამუშაო ფორმატში, სადაც გუდიაშვილის თემაზე მომუშავე სპეციალისტების ჩართულობით გადაწყდება პროექტების მიმდინარეობის საკითხები, ჩამოყალიბდება კონკრეტული კონცეფცია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფონდის მიერ მოწყობილი მშენებლობების ნებართვები და პროექტები იყო ხარვეზებით და შეუთანხებელი. ძველი მენეჯმენტის მიერ მშენებელ ფირმებზე თანხები გადარიცხული იქნა ავანსად, რაც პრობლემურს ხდის მათ ამოღებას. გარდა ამისა,  თავისუფალ ტერიტორიაზე, რომელიც გამოსყიდული იქნა ფონდის მიერ, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ნამდვილი დონორისა და ინვესტორის შეყვანა.
არასამთავრობო სექტორის გულისწყრომა გამოიწვია ძველი პროექტების ჩასწორების წინადადებამ. მთლიანობაში შეხვედრა გაიმართა კონსტრუქციულად და დამსწრეები შეთანხმდნენ, დაელოდონ ექსპერტების დონეზე 1 ოქტომბრის შეხვედრის შედეგებს და შემდეგი თვის ბოლოს შეჯერებული პოზიცია წარუდგინონ საზოგადოებას.

 

 

სიახლე
29 სექტემბერი 2014  
 
 

თბილსის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება. ორი დედაქალაქის მერი თბილისსა და ბერლინს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღმავების საკითხებს განიხილავენ.
„ბერლინის მერთან საუბარი თბილისსა და ბერლინს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე გვექნება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ევროპული სტანდარტების ჰარმონიზაციისა და სხვა ცალკეულ პროექტებში მხარდაჭერის საკითხებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა გერმანიაში გამგზავრების წინ დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილსიის ხელისუფლებამ დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. „გენგეგმის შედგენისას გერმანული მხარე მხარდაჭერას გაგვიწევს და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარება. გერმანელი ექსპერტები უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პორცესში და გაგვიწევენ ყველა საჭირო კონსულტაციას იმისათვის, რომ შედგეს ძალიან ღირებული და განვითარებაზე ორიენტირებული დედაქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, განსაკუთრებით აქტუალურია არსებული წესებისა და პროცედურების ევროპული გამოცდილებასთან ჰარმონიზაცია. ამიტომაც მუნიციპალური საკითხების გადაწყვეტისას თბილისის მთავრობა გერმანულ გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებს.
ბერლინის მერთან თბილისის მერის შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
28 სექტემბერი 2014  
 
 

მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა აღდგენილია და შეუფერეხებლად მუშაობს. მეტროსადგურში „ვაგზლის მოედანი - 2“, მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზზე მატარებლების მოძრაობა ერთი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო.
არსებული ინფორმაციით, 40 წლამდე მამაკაცი მატარებლის ბაქნიდან გადახტა და თავი მოიკლა. ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

სიახლე
28 სექტემბერი 2014  
 
 

მეტროსადგურში „ვაგზლის მოედანი - 2“, მამაკაცის გარდაცვალებით გამოწვეული საგამოძიებო მოქმედებების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით შეჩერებულია. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები, რის შემდეგაც დადგინდება მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ ეტაპზე არ გამოირიცხება თვითმკვლელობის ვერსია.
საბურთალოს ხაზის ფუნქციონირება საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე აღდგება.
აქვე, ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას გადაადგილების მხრივ შექმნილი პრობლემის გამო.

 

სიახლე
28 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრნენ. კონფერენცია, რომელშიც თბილისისა და ქუთაისის მერები მიიღებენ მონაწილეობას, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ორგანიზებით იმართება და ის სამხრეთ კავკასიაში მდგრადი უბანული განვითარების საკითხებს მიეძღვნება.
კონფერენციაზე ურბანულ დაგეგმარებასა და ქალაქის მენეჯმენტის რეალობის შეცვლის საკითხებზე, სამხრეთ კავკასიაში ურბანული განვითარების მხრივ არსებულ პროგრესზე, წყლის რესურსების, სანიტარიისა და ნარჩენების მართვის საკითხებზე იმსჯელებენ.
„კონფერენცია სპეციალურად კავკასიაში მუნიციპალური მართვისა და ამ მიმართულებით სერვისების გაუმჯობესებას ეხება. ყურადღებას განსაკუთრებით გავამახვილებთ ინფრასტრუქტურის მოწერიგებაზე, რადგან ამ მიმართულებით ევროპული მიდგომებისა და სტანდარტების დანერგვა ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქუთაისის მერის, შოთა მურღულიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ურბანული განვითარების კუთხით გერმანიის გამოცდილება გაიზიაროს. „ის კარგი გამოცდილება, რომელიც ევროპაში მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიმართულებით არსებობს, უნდა გადმოვიტანოთ და ჩვენს ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მოვახმაროთ. ეს სწორედ ის ძირითადი სერვისებია, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს ჩვენი მოსახლეობა. შესაბამისად, მაქსიმალურად ვეცდებით, დავამყაროთ რაც შეიძლება კარგი კონტაქტები და მოვიპოვოთ ის დაფინანსება, რომელიც ამ სერვისების დანერგვისთვის არის საჭირო“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.
კონფერენცია სამი დღეს გაგრძელდება და მას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციები დაესწრებიან.

სიახლე
28 სექტემბერი 2014  
 
 

24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენების დღეს აღნიშნავს. კრწანისის რაიონში, 300 არაგველის მემორიალთან, დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა,რომელსაც კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, სასულიერო პირები და მრევლი დაესწრო.
კრწანისის რაიონის გამგებლის განცხადებით, ღონიძიების ფარგლებში გამგეობის მიერ, ტერიტორიისა და გალავნის დასუფთავება-კეთილმოწყობა განხორციელდა. მან ასევე აღნიშნა, რომ: მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს თუ რა ეროვნული და ისტორიული დატვირთვა აქვს ამ ადგილს.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II მიერ 2008 წელს არაგველები წმინდანებად შეირაცხნენ, ხოლო 2010 წელს სრულიად საგვარეულო კავშირმა ამ დრეს „კრწანისობის“ დღესასწაული დააწესა. წელს, კრწანისის ბრძოლიდან 219 წელი შესრულდა. 

სიახლე
24 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი