ცხელი ხაზი 272 22 22
21:50 23/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერიასა და ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტს’’ („თსაუ“) შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ და ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის’’ რექტორმა, სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.
მემორანდუმის თანახმად, თბილისის მერია მონაწილეობას მიიღებს ,,თსაუ“-ს მიერ  საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებასა და განხილვაში, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა კადრებს საჯარო სამსახურისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რეკომენდაციებს გაუწევს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ,,თსაუ“-ს კურსდამთავრებულებს მუშაობისას არსებული  პრობლემური საკითხების გადაჭრაში, ასევე, უზრუნველყოფს ,,თსაუ“-ს სტუდენტების შეხვედრას თბილისის მერიის შესაბამისი დარგის   სამსახურების თანამშრომლებთან.
თავის მხრივ, „თსაუ“ მონაწილეობას მიიღებს თანამშრომლობის პერიოდში წამოჭრილი საკითხებისა და პრობლემების გადაჭრაში, ხელს შეუწყობს საბაკალავრო და სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტებს თბილისის მერიასთან  თანამშრომლობაში და სხვა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
23 ოქტომბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია დღეს, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერს, ალისტაირ ვატსონს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაზე,  მათ შორის,  საქართველოში ინვესტიციების განხორციელებასა და ადგილობრივ საწარმოებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე განიხილეს ასევე ურბანული საკითხები. კერძოდ, საუბარი ტრანსპორტის სფეროში სამომავლო თანამშრომლობას, ასევე, ნარჩენების მართვის საკითხებს შეეხო.
აღინიშნა, რომ ბრისტოლსა და თბილისს შორის 25 წლიანი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე განაცხადა, საინტერესოა ბრისტოლის გამოცდილების გაზიარება კულტურული მემკვიდრეობის აღდგენის და ქალაქის დაგეგმარების მიმართულებით.
„ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში თანამშრომელობასთან დაკავშირებით. 25 წლიანი მეგობრობის გამოცდილება და ისტორია, რაც ჩვენ გვაქვს, უნდა გავაფართოვოთ და განვავითაროთ. ჩვენი ყველაზე უმთავრესი ინტერესი ეკონომიკური თვალსაზრისით ურთიერთობების გააქტიურებაა“, _ განაცხადა დავით ნარმანიამ.
ბრისტოლის ლორდ-მერის განცხადებით, თბილისის მერთან ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც მხარეებმა ყველა აქტუალური საკითხი განიხილეს.
„ეს  ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრა იყო. საუბარი შეეხო მრავალ საკითხს. განვიხილეთ საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობები ბიზნესის კუთხით. აღსანიშნავია, რომ თბილისსა და ბრისტოლს  დაძმობილების ფარგლებში მუშაობის ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვთ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ორ ქალაქს შორის თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, _ განაცხადა ალისტაირ ვატსონმა.
შეხვედრაზე ბრისტოლის დელეგაციაში ლორდ მერთან ერთად იმყოფებოდნენ ბრისტოლის ლორდ-მერის მეუღლე, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბრისტოლ-თბილისის ასოციაციის და ბრისტოლის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, ასევე თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის, სოციალური, არქიტექტურისა და ტრანსპორტის საქალაქო სამსახურების უფროსები.
ბრისტოლის დელეგაცია თბილისში რამდენიმე დღე დარჩება. დელეგაციის წევრები „თბილისობის“ დღესასწაულში მიიღებენ მონაწილეობას. 

 

სიახლე
23 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

საიუბილეო 35-ე "თბილისობა" წელს სხვადასხვა, მრავალფეროვანი პროგრამით ქალაქის ათივე რაიონში და ტრადიციულად ძველ თბილისში საზეიმოდ აღინიშნება. თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ პირადად მიიღონ სხვადასხვა სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა.

სიახლე
23 ოქტომბერი 2014  
 
 

არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული  იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით,  შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ჟიური  ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ტრადიციულ ბიზნეს-რეიტინგში გამარჯვებულ ბიზნესმენთა დაჯილდოების XV საიუბილეო ცერემონიას დაესწრო.
„დღევანდელი დაჯილდოება დასტურია იმისა, თუ რატომ უნდა ვიყოთ ყველა ერთად. იმისთვის, რომ ბიზნესი, რომელმაც ძალიან ბევრი იშრომა, იწვალა, სახელმწიფოს მისი კუთვნილი გადასახადი გადაუხადა, ხალხი დაასაქმა, სოციალურად დაუცველებს  გვერდით დაუდგა, ნამდვილად ღირსია იმისა, რომ წელიწადში ერთხელ მაინც, ამ ფორმატით შევიკრიბოთ და თბილი სიტყვა ვუთხრათ. მიხარია, რომ კონტიგენტი იზრდება, ფართოვდება, რაც დასტურია იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი ნაბიჯ-ნაბიჯ ვითარდება ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ დაჯილდოების ცერემონიაზე.
პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების განსაზღვრა,  ბიზნესს, ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის დიალოგის მხარდაჭერა, ახალი პერსპექტიული კომპანიების წარმოჩენა, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენების დაახლოება და ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიო ბიზნეს-საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და სხვა.
ცერემონია “ფუნიკულიორის კომპლექსის წვეულებათა დარბაზში” გაიმართა.

 

 

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ  საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც, ბანკი თავის  კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული. მისივე თქმით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 557 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 მოქალაქეს, მერიაში კი 205 თბილისელს მოუსმინეს.  მოქალაქეთა მიღება არ გაუმართავს თბილისის მერს დავით ნარმანიას. ის ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თბილისის მერი მოქალაქეებს მომდევნო ორშაბათს შეხვდება.
სულ, 11 აგვისტოდან  13 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 099 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
13 ოქტომბერი 2014  
 
 

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისს უცხოელ სტუმრებთან ერთად, დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ-მერი ალისტაირ ვატსონი ეწვევა.
როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ  მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბრისტოლის ლორდ-მერი თბილისობის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. მისივე თქმით, „თბილისობაზე“ დედაქალაქი 30-ზე მეტ უცხოელ სტუმარს უმასპინძლებს.
„თბილისობა - 2014“  საკმაოდ მრავალფეროვანი იქნება და ქალაქის ათივე რაიონის სხვადასხვა უბანში გაიშლება. ჩატარდება ღვინის ფესტივალი, სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, ქართული რეწვის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვები, ფოლკლორული ანსამბლების და თანამედროვე შემსრულებელთა კონცერტები, სპექტაკლები და სხვა.
„წელს პირველად, ჩემი ინიციატივით, შემოვიღეთ „თბილისზე მზრუნველის“ წოდება. არიან ადამიანები, რომლებსაც დედაქალაქზე გული შესტკივათ  და  ბევრ რამეს უსასყიდლოდ აკეთებენ. ასეთი ადამიანების შრომამ ფუჭად არ უნდა ჩაიაროს. ამიტომ, ჩვენ 10-ზე მეტ ადამიანს მივანიჭებთ „თბილისზე მზრუნველის“ წოდებას. ტრადიციულად, გაიმართება საპატიო თბილისელების  დაჯილდოება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერის თქმით, თბილისობის ფარგლებში  დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საზოგადოებას დეტალური ინფორმაცია სატელევიზიო რგოლების მეშვეობით მიეწოდება. დედაქალაქის მერმა თბილისელებს მოუწოდა, მონაწილეობა მიიღონ „თბილისობა 2014“-ში.

 

 

 

 

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება. ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები. სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება - შინდისი-კრწანისი - წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს, მათ შორის, საქართველო-ისრაელის ბიზნეს-ფორუმს გამოეხმაურა.
თბილისის მერის თქმით, ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის აღსანიშნად,  ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველო ისრაელიდან საკმაოდ მნიშვნელოვან დელეგაციას მასპინძლობდა.  ჩატარდა კულტურული ღონისძიებები, ბიზნეს-ფორუმი, რომელშიც თბილისის მერია აქტიურად იყო ჩართული.
მისივე თქმით, დაინტერესებულმა ბიზნეს ჯგუფებმა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი გამოთქვეს. საუბარია კონკრეტულ პროექტებზე, მათ შორისაა ორი სასტუმროს, ორი გადამამუშავებელი ინდუსტრიის და ერთი მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტი.

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული.
სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს.
რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი დედაქალაქის მერიის შენობის წინ გამართული ორგანიზაცია „პარტიზანული მებაღეობის“ აქციის წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. „პარტიზანული მებაღეობა“ დედაქალაქის მერიასთან დიალოგის სურვილს გამოთქვამს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნატა ფერაძის თქმით, დღევანდელი შეხვედრა ღია დიალოგის დაწყების კარგი პრეცედენტია. ფერაძე იმედოვნებს, რომ დედაქალაქში არსებული პრობლემური საკითხები ერთობლივად გადაიჭრება.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე ქალაქის გამწვანებასთან და იერსახესთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო პრობლემური მშენებლობები, რომელიც ერთის მხრივ მწვანე ნარგავების გაჩეხვას უკავშირდება და მეორეს მხრივ შენობების მშენებლობას, ზოგ შემთხვევაში, ყოფილ სარეკრეაციო ზონაში.
„ეს არ იყო პირველი შეხვედრა, რადგან  ჩვენ ამ ადამიანებთან  მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს. დაბეჯითებით მინდა ვთქვა, რომ დღეს განხილულ არცერთ თემაზე მერიასთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს. მათთვის უფრო მეტად საინტერესო სამომავლო გეგმები და სტრატეგიაა, რაზეც თბილისის მთავრობა მუშაობს. ამოცანა საკმაოდ მრავალხმრივია, ერთის მხრივ არ უნდა გავჩერდეთ, მეორეს მხრივ უკვე უნდა დავდოთ ისეთი დოკუმენტები და სამოქმედო გეგმები, რომელიც არ არსებობდა და სწორედ ამაზე დავაფუძნოთ ჩვენი სამომავლო საქმიანობა. ჩვენ შევთანხმდით რომ ნებსიმიერი დოკუმენტს, რომელიც ქალაქის განვითარებას და გამწვანებას  ეხება, მათთან ერთად განვიხილავთ და საბოლოო, შეჯერებული ვარიანტი მათთან დისკუსიით და კომუნიკაციით მივიღებთ“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.

 

 

 

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში აბას თალები ფარის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე  ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავებით არის დაინტერესებული. საუბარი შეეხო თეირანისა და თბილისის მერიებსა და თბილისის საკრებულოსა და თეირანის ისლამურ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია ასევე საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. მისივე თქმით, ირანელი ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ თბილისში ამორტიზებული შენობების რეაბილიტაციის მიმართულებით. აბას თალები ფარიმ დავით ნარმანიას თბილისში ირანული კულტურის ცენტრის აშენების იდეა გააცნო, სადაც ქართველი ირანისტები დასაქმდებიან, რაშიც თბილისის მერმა ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თეირანის მერის მიწვევა გადასცა.
თბილისის მერმა ირანულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის ვიზიტით ჩავიდეს თეირანში და შესაძლოა ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განხორციელდეს.

 

 

 

 

სიახლე
7 ოქტომბერი 2014  
 
 

„თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში, 25 ოქტომბერს რიყეზე „ღვინის ქალაქი“  მოეწყობა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თბილისის მერიის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.
თბილისის ვიცე-მერის ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით,  მერია მიესალმება მსგავსი სახის ღონისძიებების ჩატარებას. „ჩვენი მიზანია დედაქალაქის სტუმრებს მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რამდენად უძველესი და დახვეწილი ღვინის კულტურაა საქართველოში“ - განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
„ღვინის ქალაქის“ ფარგლებში, რიყეზე  „ღვინის სახლები“ დაიდგმება, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ღვინოების სრული ასორტიმენტი, ინფორმაცია ღვინოებზე  -  ყურძნის ჯიშები, ტექნოლოგია, მთავარი მწარმოებლები, ისტორია და ა.შ.  იქვე გაიმართება ღვინის დეგუსტაცია, გამარჯვებული კი “თბილისობაზე“ დაჯილდოვდება. ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები ფასდაკლებით გაიყიდება.
„ღვინის ქალაქი“ თეატრალიზებული ღვინის აღლუმით და თეატრ „ნაბადის“ მსახიობების მონაწილეობით გაიხსნება. აღლუმი   ჩაივლის მეტეხის ხიდზე  „ღვინის ქალაქმდე“, რომელიც საზეიმოდ გაიხსნება სიმბოლური გასაღებით. გასაღები კი  ქალაქის მერს გადაეცემა.
იმავე დღეს “ღვინის ქალაქის” სცენაზე მოეწყობა ჯგუფ “ფრანი”-ს კონცერტი. „ქართული ღვინის კონკურსი - თბილისი 2014“–ის შედეგების საზეიმო გამოცხადება და დაჯილდოვების ცერემონია 26 ოქტომბერს გაიმართება.

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 593 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 368 მოქალაქეს, მერიაში კი 225 თბილისელს მოუსმინეს.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 25 მოქალაქე მიიღო.
სულ, 11 აგვისტოდან  6 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  5 542  ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

 

 

 

 

სიახლე
6 ოქტომბერი 2014  
 
 

დისციპლინური გადაცდომის გამო, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად, თბილისის  მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კრწანისის რაიონული განყოფილების უფროსი ირაკლი კვარაცხელია თანამდებობიდან გათავისუფლდა.
თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა შეისწავლა კვარაცხელიას მიერ 18 ოქტომბერს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ით გაკეთებული განცხადება მერიის სისტემის მოსამსახურეთა მიერ ჩადენილი სავარაუდო კანონდარღვევის თაობაზე. სატელევიზიო ინტერვიუში ირაკლი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ მასზე ხორციელდებოდა ზეწოლა სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის მხრიდან იმ მიზნით, რომ მას დაეტოვებინა სამსახური. მისი განცხადებითვე, „ეს ყველაფერი ხდება ძალიან ორგანიზებულად და ქალაქის ვიცე-მერი, ბატონი მარგიშვილი ხელმძღვანელობს ამას და ამის დამადასტურებელი უამრავი ფაქტი არსებობს“.
აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით და შესაბამისი ახსნა-განმარტების მისაღებად ირაკლი კვარაცხელია 20 ოქტომბერს შიდა აუდიტის სამსახურმა დღის განმავლობაში ორჯერ დაიბარა, თუმცა, დაპირების მიუხედავად, ის აუდიტის სამსახურში არ გამოცხადდა. მას არც სატელევიზიო ინტერვიუში და არც შიდა აუდიტის სამსახურში არ წარუდგენია ვიცე-მერის, ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ზეწოლის განხორციელების დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი და დოკუმენტი.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპია „ადამიანისა და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა“. ამავე კანონის 731 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, „საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, შეასრულოს ქცევის ზოგადი წესები“. ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 732 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო მოსამსახურემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს პირადად მის, მისი დაწესებულების ან საჯარო სამსახურის რეპუტაციას.“ საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ პირველი მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, „ცილისწამება არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისათვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება.“
ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ 2014 წლის 18 ოქტომბერს გადაცემა „კურიერში“ თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილის ხელმძღვანელობით თანამშრომლებზე ვითომდა ზეწოლის განხორციელების ფაქტების თაობაზე გაკეთებული განცხადებისას არ წარადგინა ამ ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული დოკუმენტი, ასევე, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურისთვის არ წარუდგენია ამის დამადასტურებელი მასალა, მან გააკეთა ქ. თბილისის ვიცე-მერ ალექსანდრე მარგიშვილისთვის სახელის გამტეხი და ზიანის მიმყენებელი არსებითად მცდარი ფაქტის თაობაზე მიზანმიმართული განცხადება, რითაც ზიანი მიაყენა ალექსანდრე მარგიშვილისა და ქ. თბილისის მერიის რეპუტაციას. მან, ქცევის ზოგადი წესების მოთხოვნების არაჯეროვან შესრულებასთან ერთად, ჩაიდინა მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ირაკლი კვარაცხელიამ დაარღვია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, იგი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 79-ე და 99-ე მუხლების თანახმად (დისციპლინური გადაცდომა) გათავისუფლდა სამსახურიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
22 ოქტომბერი 2014  
 
 

22 ოქტომბერს თბილისს დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ მერი ალისტაირ ვატსონი დელეგაციასთან ერთად  ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
თბილისში   დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე დღეს  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ისაუბრეს.
დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით,  თბილისის მერთან შეხვედრაზე  მხარეები განიხილავენ ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორში, ასევე  გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.  დაგეგმილია შეხვედრები თბილისის განვითარების ფონდის, ქალაქის არქიტექტურის, ტრანსპორტის და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან, ბიზნეს წრეებთან.
„აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბრისტოლი 2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად გამოცხადდა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. ქალაქ ბრისტოლის ამჟამინდელი მერი  პროფესიით არქიტექტორია და როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერი ქალაქის დაგეგმარების საკითხით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული“ - განაცხადა ელჩმა.  მისივე თქმით, ბრისტონის დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაუროს დიპლომატიურ კორპუსთან და დონორ ორგანიზაციებთან 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბრისტოლის მერის  ვიზიტი ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების დასტურია. „ბრისტოლის დელეგაცია ჩვენ გაგვაცნობს გამოცდილებას ქალაქდაგეგმარების, გამწვანების და რეკრეაციული ზონების განვითარების თვალსაზრისით, ასევე იქნება საუბარი შშმ პირებისთვის საჯარო სივრცეების ადაპტაციის საკითხებზე. გასულ წელს ბრისტოლმა ევროპის მწვანე ქალაქის სტატუსი მიიღო. ჩვენთვის საინტერესოა ამ კუთხით მათი  გამოცდილების გაზიარება როგორც თეორული, ისე  პრაქტიკული კუთხით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა  ბრისტოლის ლორდ მერი და დელეგაცია თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვია.
ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია 1988 წლიდან.

 

 

სიახლე
3 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი