08:50     16/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით 620 თბილისელი შეხვდა. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით #203-ე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სპეციალიზებულ სკოლას ესტუმრა. გამგებელთან ერთად სკოლაში ყრუთა კავშირის პრეზიდენტი, ამირან ბატატუნაშვილიც იმყოფებოდა. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს. ბექა მიქაუტაძემ მოსწავლეებს და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა. გამგებელმა სკოლას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა და სკოლის ხელმძღვანელობას ახალ პროექტებსა და წამოწყებებში თანადგომას დაპირდა.

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამეგებლმა ზაზა გაბუნიამ, სამედიცინო პროფილის სასწავლებელ “ორიენტირის” 600-მდე სტუდენტს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. მისასალმებელ სიტყვაში ზაზა გაბუნიამ ქვეყნის განვითარებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. 
საზოგადოებრივი სასწავლებელი “ორიენტირი” 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. კოლეჯის ბაზაზე სამედიცინო მიმართულების მრავალი სპეციალისტი მომზადდა.  

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში  მოქალაქეთა ორშაბათის მიღება მიმდინარეობს. თბილისის მერი, მერის მოადგილეები და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები დღეს  სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 250-მდე მოქალაქეს შეხვდებიან. მოქალაქეებთან შეხვედრები მიმდინარეობს ასევე ქალაქის ათივე რაიონულ გამგეობაში.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე იმართება. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

ახალი სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიულოცა. „გერქვას უნივერსიტეტელი და სწავლობდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერთი მხრივ, განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა და, მეორე მხრივ, ძალიან დიდი ტვირთი, რადგან ეს სახელი ღირსეულად უნდა ატარო. დარწმუნებული ვარ,  პირველკურსელები შეუერთდებიან დანარჩენ სტუდენტებს ამ სახელის ღირსეულად ტარებაში,“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, უკეთესი მომავლის შექმნა, პირველ რიგში, ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღებასთან არის დაკავშირებული.  „ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ,  უნივერსიტეტში გატარებული ყოველი დღე მაქსიმალურად ეფექტურად  უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ცხოვრების გზა უფრო ადვილად გავიკვლიოთ, რაც არც ისე მარტივია,“ - მიმართა დავით ნარმანიამ სტუდენტებს.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ დედაქალაქის მერად არჩევამდე და მინისტრობამდე უნივერსიტეტელი იყო, რაც მისთვის ძალზე საამაყოა. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან,  განათლების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ზაზა კოლელიშვილთან ერთად, ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს და პედაგოგებს 133-ე საჯარო სკოლაში მიულოცა.
„მინდა განსაკუთრებით მივესალმო პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად გადაშლიან სკოლის სახელმძღვანელოს. მინდა დღევანდელი დღე თითოეულ თქვენთაგანს კარგად დაგამახსოვრდეთ, რადგან ეს არის  სწავლის და ყოველივე საუკეთესოს დასაწყისი. თითოეული გაკვეთილი, რომელიც თქვენთვის ჩატარდება, ყოფილიყოს თქვენი სამომავლო განვითარების, წინსვლის და წარმატების საფუძველი. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უკეთესი მომავალი გქონდეთ“  - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 107 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისსა და საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში გამართულ ღონისძიებებს და წმინდა ილია მართლის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო. დავით ნარმანიას თქმით, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას მის მიერ გაკეთებულ დიდებულ საქმეებს დავიწყება არ უწერია. „ილიას შემოქმედება და მოღვაწეობა რამდენიმე მიმართულებით იყო ძალიან ღრმა და მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. მათ შორისაა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას. დიდია მისი ღვაწლი საბანკო საქმის განვითარებაში. ეს ხდებოდა ძალიან რთულ და მძიმე პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ  უსვამს ხაზს, რომ ილია ჭავჭავაძე სხვებისგან  გამორჩეული პიროვნება იყო“  განაცხადა დავით ნარმანიამ საგურამოში სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სახლ-მუზეუმების ხელმძღვანელებს იმისთვის, რომ ილიას მემკვიდრეობა დღემდე შემოუნახეს მომავალ თაობებს. თავის მხრივ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს ილიას სახელთან დაკავშირებულ თითოეულ ნივთს, შენობას და ქუჩას.

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის საკრებულოში გაფართოებული კომისიების სხდომა გაიმართა, რომელსაც  მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან თევზაიამ 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. აღნიშნული პროექტი შესაბამისმა სამსახურმა საკრებულოს გასაცნობად სამი დღის წინ გადაუგზავნა. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, ბიუჯეტის შემოსავლებში საწარმოთა ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები 2013 წელთან შედარებით დაიგეგმა 48 500,0 ათასი ლარით მეტი (2013 წლის გეგმა 94 000,0 ათასი, ხოლო 2014 წლის გეგმა - 142 500,0 ათასი ლარი). აღნიშნული პარამეტრის ზრდა იყო ყოვლად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, ვინაიდან გასულ წელთან მიმართებით არ შეცვლილა აღნიშნული გადასახადის არც დასაბეგრი ბაზა და არც გადასახადის სიდიდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება 42 600.0 ათასი ლარით, გადასახდელები - 12 575,4 ლარით, რაც იწვევს საბიუჯეტო დეფიციტს 30 024.6 ათასი ლარის ოდენობით. დეფიციტის შევსების წყაროდ მიზანშეწონილად ჩაითვალა სესხის აღება კომერციული ბანკიდან და ეს სესხი გამოყენებული იქნება კაპიტალური ინვესტირებისათვის. გარდა ამისა, ბიუჯეტში მოძიებული შიდა რესურსების ხარჯზე, იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადი მატერიალური დახმარება 800, 1000 და 1500 ლარის ოდენობით; აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელმოწყობის პროგრამები.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, კომისიებმა 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს  კენჭი  უყარეს. პროექტი საკრებულოს მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად წაედგინება.

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს შეხვდა. ელჩმა დავით ნარმანიას მერად არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვა, მათ შორის ტურიზმის , საგანმანათლებლო და მუნიციპალური სერვისების სფეროში. დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ესტონეთის მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაიზარდა. „ესტონეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებთ, განსაკუთრებით დედაქალაქებს შორის მუნიციპალური სერვისების მენეჯმენტის და სტანდარტების შემუშავების კუთხით“ განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების განვითარება, ასევე გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერის წინსაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი დედაქალაქის მწვანე ქალაქად და მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევაა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს როგორც ესტონეთიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

დავით ნარმანიამ ესტონეთის დედაქალაქის მერი ოქტომბრის ბოლოს, „თბილისობის დღესასწაულზე“ მოიწვია. 

 

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი