ცხელი ხაზი 272 22 22
08:20 20/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

პოლონეთის ქალაქ ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ლუბლინის მერმა ქშიშტოფ ჟუკმა მოაწერეს.
შეთანხმების  თანახმად, ლუბლინი და თბილისი ხელს შეუწყობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის და ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა  ევროინტეგრაციის პროცესში. ორივე ქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ქალაქის მართვის, მარკეტინგისა და ბრენდირების საკითხებში, გარდა ამისა, მხარეები ხელს შეუწყობენ ადგილობრივ მწარმოებლებს დაამყარონ კავშირები ორივე ქალაქში  საინვესტიციო პოტენციალის  გაზრდის მიზნით.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელება, უმაღლესი სასწავლებლების დაახლოება და სხვა. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
შეთანხმების ხელმოწერამდე თბილისისა და ლუბლინის მერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ქშიშტოფ ჟუკის თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს. მათ შორისაა თანამშრომლობა „ევროსითის“ პროგრამების ფარგლებში.
"ჩვენ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვეძებთ ევროკავშირთან ურთიერთობებში. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა „კრეატიული ევროპა“, რომელიც ხელს უწყობს კულტურასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ხოლო მეორე პროგრამა „ჰორიზონ 2020“, აკადემური სფეროს განვითარებასა და ბიზნეს უწყობს ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაა. ამიტომ, ვაწარმოებთ მერთან მოლაპარაკებებს ბიზნესის სექტორში და ვიმედოვნებთ, რომ ერთად საფუძველს ჩავუყრით ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას, რათა პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირისგან დაფინანსება მოიპოვოთ. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას", - განაცხადა ლუბლინის მერმა.

 

 

სიახლე
19 ოქტომბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადასცეს.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს, შესაძლებლობა საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული სახლები. ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, გამგეობა დაეხმარება 700-მდე სოციალურად დაუცველ და 2002 წელს მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, განსაკუთრებით კი მათ ვინც  კერძო, ძველ,  დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.
„ჩვენ აუცილებლად  ყოველ წელს უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს სამშენებლო მასალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის, რადგან ახლა ზამთრის პერიოდი მოდის და მათი სახლების შეკეთება, თუნუქით გადახურვა ძალიან აქტუალური და საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოსახლეობის დახმარებას ვცდილობთ იმ ფინანსების ფარგლებში, რაც წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში არის დარჩენილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  7 თვის განმავლობაში ძველმა ხელისუფლებამ მთლიანად გახარჯა მთელი წლის ბიუჯეტი  და ჩვენ გვიწევს ძალიან მწირი ფინანსების ფარგლებში ხალხის დახმარება.  ამ აქციას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხის დახმარების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მოსახლეობის პერმანენტული დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ. მისი განმარტებით, იმ 700-მდე ოჯახს, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში დაეხმარება,  მომავალ წელს უფრო მეტი ოჯახი დაემატება. „მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს სამშენებლო მასალებით დახმარება. ადამიანებს, რომლებსაც წლების მანძილზე ჰქონდათ პრობლემა, ჩუღურეთის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს“ - აღნიშნა გიორგი სოლომონიამ.
675 ოჯახს საჭიროების მიხედვით, ოქტომბრის ბოლომდე სამშენებლო ბლოკი, ცემენტი და გოფრირებული თუნუქი დაურიგდება. აღნიშნული მასალებიის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, „ჯეოპასტმა“ და „ჯი-არ-ჯი“-მ გაიმარჯვა. ტენდერის საერთო ღირებულება 131 ათას ლარს შეადგენს.

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია ზღვის უბნის სადავო კორპუსთან დაკავშირებით „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილემ "მეტრომშენის" თანამშრომლებს საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარება ურჩია. ალუდა გოგლიჩიძის თქმით თბილისის მერიას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია, ამდენად, მან მოდავე მხარეებს შორის შუამავლის ფუნქცია იკისრა.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას განცხადებით, დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს, შესაბამისად, მერია და ნაძალადევის გამგეობა უფლებამოსილების ჩარჩოებს ვერ გასცდება.„მეტრომშენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხს სამართლებრივი გზით გადაჭრიან.
ზღვის უბნის სადავო კორპუსების მაცხოვრებლებსა და „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება გასულ კვირას დაიწყო.  „მეტრომშენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბინებში, რომელიც მათი საკუთრებაა, უკანონოდ შეჭრილი ოჯახები ცხოვრობენ. თავისმხრივ, ზღვის უბნის სადავო კორპუსების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ფართები მათ 2003 წელს საკუთრებაში მაშინდელმა ხელისუფლებამ გადასცა.

 

 

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული  იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით,  შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ჟიური  ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ, დღეს, შპს „თბილსერვისის“ ანგარიში მოისმინა. შეხვედრაზე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაგრატიონმა თბილისის მერს და მთავრობის წევრებს დედაქალაქში დასუფთავების კუთხით გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, დღეს არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არსებობს პრობლემური საკითხები, რომელიც უნდა მოგვარდეს. მათ შორისაა პიკის საათებში ქალაქის ვიწრო ქუჩებში ნაგვის გადამზიდავი მანქანების მოძრაობა, რაც საცობებს იწვევს. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გრაფიკზე, რაც შესაძლებელს გახდის პრობლემის გადაჭრას.
დავით ნარმანიამ „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას დაავალა, გააქტიურონ საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ ნარჩენები ქუჩაში არ დაყაროს. თბილისის მერის განცხადებით, ადმინისტრირება გამკაცრდა და ქუჩების დანაგვიანების შემთხვევაში მოქალაქეები და ორგანიზაციები კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯებიან.
დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო წელს იგეგმება ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება, ასევე  მყარი ნარჩენებისთვის ურნების შეძენა. გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორიები გამოიყოფა.
„გარეუბნებში უნებართვოდ იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც ქალაქს აბინძურებს. ამიტომ, თბილისის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, სამშენებლო ნარჩენებისთვის ორ ტერიტორიას გამოვყოფთ. მხოლოდ ამ ტერიტორიებზე იქნება ნარჩენების განთავსება შესაძლებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების: სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, შპს „ჰერმესის“, „სითი-პარკის“, „თელასის“, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, outdoor.ge-ს, „GWP“-ს და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ  საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც, ბანკი თავის  კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული. მისივე თქმით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

მერიის აღმასრულებელ  ორგანოთა  სისტემაში ატესტაცია  1 ნოემბერს ჩატარდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა N1180  ბრძანებას „ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ  ორგანოთა  სისტემაში ატესტაციის დროის განსაზღვრის, ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიისა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკის დამტკიცების თაობაზე“.
ბრძანების თანახმად, „ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 1 ნოემბერი, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარების თარიღად 7-14 ნოემბერი.
დღესვე დამტკიცდა ატესტაციის დაქვემდებარებულ მოხელეთა სია და ატესტაციის მე-2 ეტაპის - გასაუბრების ჩატარების გრაფიკი.
#1180  ბრძანების თანახმად, ატესტაციას დაქვემდებარებული ყველა მოხელე, ინფორმაციას ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების გამართვის ადგილისა და  დროის თაობაზე მიიღებს ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, რომელსაც უზრუნველყოფს  სსიპ „გამოცდების ეროვნული ცენტრი“.
დღესვე დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა N1181 ბრძანებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები - სამუშაოთა აღწერილობის შესახებ.
ინფორმაცია თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩასატარებელი ტესტირების შესახებ, ტესტების ნიმუშთან ერთად, ატვირთულია თბილისის მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge

იხილეთ მიმაგრებული საბუთები:

საჯარო სამსახურის ბიურო - ბრძანება N 73/სა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N 1180

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისისს თავმჯდომარის ბრძანება N 1

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N 11802

საქართველოს მთავრობისგანკარგულება N 1536

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №11-22

ტესტების ნიმუში

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 557 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 მოქალაქეს, მერიაში კი 205 თბილისელს მოუსმინეს.  მოქალაქეთა მიღება არ გაუმართავს თბილისის მერს დავით ნარმანიას. ის ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თბილისის მერი მოქალაქეებს მომდევნო ორშაბათს შეხვდება.
სულ, 11 აგვისტოდან  13 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 099 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
13 ოქტომბერი 2014  
 
 

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დენდროლოგიურ პარკში, სადაც „ვეტერანთა პარკი“ გაშენდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და  გოჩა ყარყარაშვილის სახელობითი ხეები მთავრობის წევრებთან ერთად დარგო.
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, 17 ოქტომბერი ,,ვეტერანთა დღედ’’ გამოცხადდა. დეპარტამენტის ინიციატივითვე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდრო პარკში ,, ვეტერანთა პარკი’’ გაშენდება.
როგორც თავის გამოსვლაში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა,  თბილისის მერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იდეის განხორციელებას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით,  მომდევნო წლის გაზაფხულიდან მერია იწყებს პროექტს, რომელიც დენდრო პარკის გამწვანებას და მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„ჩვენ დღეს ვრგავთ ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ხეებს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი,  2015 წლის 17 ოქტომბერს, ამ ადგილას „ვეტერანთა პარკი“ გაიხსნება, სადაც სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა სახელობითი 4 000  ხე იხარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვეტერანებთან და დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე,  პარლამენტის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება. ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები. სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება - შინდისი-კრწანისი - წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

დოლიძისა და ჩიქოვანის ქუჩების დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე გამაგრებითი კედლის მშენებლობა იწყება. დღეს, სამშენებლო სამუშაოების გახსნას საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი დაესწრნენ. სამშენებლო სამუშაოებს  შპს „სანი“ აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად საბურთალოს რაიონის გამგეობამ, 150 000 ლარი გამოყო.
საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, „ეს ადგილი ყოველთვის პრობლემატური იყო. ჩვენ, მაჟორიტარ კანდიდატთან ერთად მოსახლეობას დავპირდით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას და შესაბამისად, დავიწყეთ მუშაობა. მომავალში, ამ სამუშაოების გარდა დაგეგმილი გვაქვს ფორს-მაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე კიდევ ორი კედლის გამაგრება, ხოლო პრობლემატურ უბნებზე სასწრაფო სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება“, - განაცხადა საბურთალოს რაიონის გამგებელმა.

 

 

 

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული.
სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს.
რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა მოსკოვის გამზირზე განთავსებულ მიუსაფართა თავშესაფარს 30 კუბური მეტრი საშეშე მერქანი გადასცა. სათბობი შეშით უსახლკაროების დახმარების გადაწყვეტილება სამსახურმა მას შემდეგ მიიღო, რაც დაზიანებული ნარგავების მოვლითი ღონისძიებების ფარგლებში,  აღმაშენებლის ხეივანში, 155 გამხმარი ხე მოიჭრა. მოჭრილი ხეების ტრანსპორტირება და დასაწყობება თავად სამსახურმა  უზრუნველყო.
სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის თქმით, აღნიშნული ინიციატივით ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური იღებს არა მხოლოდ გარემოსდაცვით, არამედ სოციალურ პასუხისმგებლობასაც. „გადავწყვიტეთ, ხმობის შედეგად მოჭრილი ხეები, მიზნობრივად, აუცილებელი სოციალური საჭიროებებისთვის გამოვიყენოთ და თავშესაფრის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები ზამთრისთვის შეშით მოვამარაგოთ“- განაცხადა მან.   მისი თქმით, აქცია ერთჯერადი არ არის და არსებული რესურსის გათვალისწინებით, მომავალშიც გაგრძელდება.
გამხმარი და მავნებელი დაავადებებით დაზიანებული ხეებისგან შესაბამისი ტერიტორიების გაწმენდის საშემოდგომო სამუშაოები სამსახურმა 24 სექტემბერს დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ოქტომბრის ბოლომდე, თბილისის შემოსასვლელში დამატებით  300-მდე  ხე მოიჭრება და  სათბობად ასევე  უსახლკაროთა თავშესაფრებს გადაეცემა.
მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, 2014 წლის შემოდგომაზე, თბილისის მასშტაბით წიწვოვანი და ფოთლოვანი ჯიშის 18 000-მდე ნერგი დაირგვება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში აბას თალები ფარის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე  ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავებით არის დაინტერესებული. საუბარი შეეხო თეირანისა და თბილისის მერიებსა და თბილისის საკრებულოსა და თეირანის ისლამურ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია ასევე საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. მისივე თქმით, ირანელი ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ თბილისში ამორტიზებული შენობების რეაბილიტაციის მიმართულებით. აბას თალები ფარიმ დავით ნარმანიას თბილისში ირანული კულტურის ცენტრის აშენების იდეა გააცნო, სადაც ქართველი ირანისტები დასაქმდებიან, რაშიც თბილისის მერმა ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თეირანის მერის მიწვევა გადასცა.
თბილისის მერმა ირანულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის ვიზიტით ჩავიდეს თეირანში და შესაძლოა ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განხორციელდეს.

 

 

 

 

სიახლე
7 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სტრასბურგიდან დაბრუნდა, სადაც  ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესმა საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
როგორც სტრასბურგიდან დაბრუნებულმა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,  კონგრესის მიერ  61 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში არჩევნები პოზიტიურად შეფასდა.
დავით ნარმანიას თქმით, მიღებულ რეზოლუციაში კონგრესი მიესალმება იმ ფაქტს, რომ  2014 წლის 15 ივნისის არჩევნები ზოგადად  მშვიდ და წყნარ გარემოში ჩატარდა, მცირე ადგილობრივი ინციდენტებისა და ცალკეული დარღვევების გათვალისწინებით. „რეზოლუციის მიხედვით, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა, წინა ადგილობრივ არჩევნებთან შედარებით, გაუმჯობესებულად შეაფასა როგორც საარჩევნო, ისე მედიისთვის შექმნილი სამუშაო გარემო და ამომრჩევლებისთვის მიცემული შესაძლებლობა, ყოველგვარი ძალადობის გარეშე აერჩიათ და ჩაეგდოთ ბიულეტენი საკუთარი ნება-სურვილით. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესმა, თავისი რეზოლუციით, აღიარა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა, აღეკვეთა საარჩევნო გაყალბებები, კერძოდ, შემოეღო ამომრჩევლის პირადობის დამადასტურებელი ახალი სისტემა, რომელიც სიასთან ერთად მოიცავდა ციფრულ ფოტოსურათებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
კონგრესი განსაკუთრებით მიესალმა მერებისა და გამგებლების პირდაპირი წესით, 50%-ს +1 ხმით არჩევას, რაც უპრეცედენტო, უპირობოდ დემოკრატიული მოვლენა იყო საქართველოს ისტორიაში და ხელს უწყობს მერებისა და გამგებლების ანგარიშვალდებულებასა და კონკურენტულ გარემოს.
დავით ნარმანიას თქმით, რეზოლუციაში ნათქვამია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება, შეექმნა 50% -ს + 1 ბარიერი მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს ადგილობრივი დაწესებულებების ხელმძღვანელების არჩევას მოქალაქეთა უმრავლესობის მიერ, რომლებიც იყენებენ თავის უფლებას და შეაქვთ წვლილი დემოკრატიის გაძლიერებაში, რაც გააძლიერებს მმართველობას ადგილობრივ დონეზე. „არჩევნების მეორე ტურის 8 თვითმმართველ ქალაქსა და 13 მუნიციპალიტეტში ჩატარების აუცილებლობა  ადასტურებს, რომ საქართველოში კიდევ უფრო ვითარდება კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემო, რაც ხელს უწყობს დემოკრატიული სისტემის კონტროლსა და ბალანსს. 2010 წლის კონგრესის რეკომენდაციასთან შედარებით, წლევანდელ რეკომენდაციები გაუმჯობესებულია ცნობიერების ამაღლების  მიმართულებით და საარჩევნო კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების  პრევენციის, ასევე კამპანიაში მონაწილე პარტიების ფინანსების მეტი გამჭვირვალობის კუთხით.
რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ითვალისწინებს კონგრესის რეკომენდაციებს. „ჩვენ მომავალშიც გავითვალისწინებთ ყველა რეკომენდაციას, რომელიც ქვეყნის წინსვლასა და დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, კონგრესი ხაზს უსვამს, რომ შემდგომი წინსვლა შესაძლოა განხორციელდეს საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწის გზით და საარჩევნო მენეჯმენტის პრაქტიკული მხრის გაუმჯობესებით. შესაბამისად, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გადახედოს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, რათა უზრუნველყოს სამთავრობო და ოპოზიციურ პარტიათა მეტად თანაბარი წარმომადგენლობა; საშუალება მიეცეს დამოუკიდებელ კანდიდატებს, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში საინიციატივო ჯგუფების შექმნის გზით და საინიციატივო ჯგუფებს საშუალება მიეცეთ, დაასახელონ მერობის/გამგებლობის კანდიდატები;  გააძლიერონ  უწყებათაშორისი კომისიის ნდობის აღდგენის პროცესი და ეფექტურობა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის. უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებისა და განხორციელების გზით, გაზარდონ ამ უწყების უმაღლესი აღმასრულებელი რგოლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა. გააძლიეროს საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიების ტრენინგ-პროგრამები, რათა გააუმჯობესოს საარჩევნო დოკუმენტაცია და დათვლის პროცედურები.
საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, თბილისის მერი დავით ნარმანია ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე სიტყვით 14 ოქტომბერს გამოვიდა. გამოსვლაში თბილისის მერმა ყურადღება საქართველოში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ქვეყანაში მიმდინარე ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმასა და მის გაგრძელებაზე გაამახვილა.  დავით ნარმანიამ მრავალმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა ევროპულ ინსტიტუტებთან, პირველ რიგში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესთან, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის ყოვლისმომცველი რეფორმის პროცესი კიდევ უფრო შედეგიანი და წარმატებული იყოს. 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 593 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 368 მოქალაქეს, მერიაში კი 225 თბილისელს მოუსმინეს.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 25 მოქალაქე მიიღო.
სულ, 11 აგვისტოდან  6 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  5 542  ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

 

 

 

 

სიახლე
6 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი