ცხელი ხაზი 272 22 22
21:50 20/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერიაში დღეს, მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 513 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 317 მოქალაქეს, მერიაში კი 196 თბილისელს მოუსმინეს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 10 მოქალაქე მიიღო. სულ, 11 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 612 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 275 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ.

 

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით  ნარმანია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო დღითი დღე უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება უცხოელი, განსაკუთრებით კი ებრაელი ინვესტორებისთვის. ვაცობიერთ რა უცხოური ინვესტიციების დიდ როლს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა გთავაზობთ კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცულობის მაღალ ხარისხს. აქვე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას  ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს საინვესტიციო ინტერესების ფორმირებისა და მათი განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ საქართველოსა და თბილისის მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისთვის და მსურს, კიდევ ერთხელ დავარწმუნო თითოეული თქვენგანი, რომ თბილისი მზადაა ყველა თქვენი ინიციატივის განხილვისა და აქტიური მხარდაჭერისათვის“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, პოტენციურ და არსებულ ინვესტორებთან გამარტივებული და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის მისაღწევად, თბილისის მთავრობის პრიორიტეტებია: ურბანული განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, ისე ადგილობრივ ბიზნესს, სწორად შეაფასოს საინვესტიციო პოტენციალი; საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების დანერგვა ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტების სწრაფად განსახორციელებლად; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტიტუტებისა და მექანიზმების გაძლიერება; მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მატარებელი პროექტების დამუშავება და პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზება; მერიის სტრუქტურაში ინვესტიციების ხელშეწყობის ჯგუფის, ფუნქციონირება, რომელიც  საინვესტიციო ინტერესის წარმოშობის პირველი ეტაპიდანვე უზრუნველყოფს ინვესტორის წინაშე წამოჭრილი ყველა აქტუალური თუ პრობლემატური საკითხის განხილვას და მათ მინიმალურ დროში  გადაწყვეტას.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისი გახდეს რეგიონის ბიზნესის, კულტურისა და ტურიზმის ცენტრი. თბილისის გლობალური კონკურენტუნარიანობის სტატუსის ადეკვატური ანალიზისა და თანმდევი პოლიტიკის განსახორციელებლად, ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ სარეიტინგო და კვლევით კომპანიებთან. მივესალმებით საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ქალაქისათვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორებიცაა: განათლება, ტურიზმი, უძრავი ქონება, მყარი ნარჩენების მართვა, საექსპორტო პოტენციალის მატარებელი საწარმოების განვითარება, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში მიმდინარე ორდღიანი ბიზნეს ფორუმის მიზანია ისრაელისა და საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება, პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე წარმატებით განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტების გაცნობა და სხვა.
ფორუმს ესწრებიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, 100-მდე ბიზნესმენი ისრაელიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და ევროპიდან, ისრაელის ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც 100 000-მდე ბიზნესს აერთიანებენ, მსოფლიო რუსულენოვან ებრაელ ბიზნესმენთა და ფილანტროპთა ორგანიზაცია - ILC.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და BDO, ხოლო პარტნიორები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის სავაჭრო პალატა, ასევე სხვა ბიზნეს ორგანიზაციები ორივე მხრიდან.

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

ქალაქ თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების ცენტრმა მუშაობა განაახლა. სპორტული ცენტრი, რომლის რეკონსტრუქციაც მერიამ ოქტომბერში დაასრულა, ნებისმიერ მსურველს ყოველდღე მოემსახურება.
ბავშვების მიღება სასწავლო ჯგუფებში 4 წლის ასაკიდან მიმდინარეობს. ცენტრში ვარჯიში სამუშაო დღეებში 09:00-დან 22:00- საათამდეა შესაძლებელი. ჯგუფში მისაღებად ჯანმრთელობის ცნობა, დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის თანხმობაა საჭიროა.
შაბათ-კვირას კოსტავას 75ა-ში მდებარე სპორტული მოედანი 08:30-დან 20:00 საათამდე ფიგურული სრიალის ნებისმიერ მოყვარულს დაეთმობა.  

 

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული  იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით,  შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ჟიური  ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

პოლონეთის ქალაქ ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ლუბლინის მერმა ქშიშტოფ ჟუკმა მოაწერეს.
შეთანხმების  თანახმად, ლუბლინი და თბილისი ხელს შეუწყობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის და ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა  ევროინტეგრაციის პროცესში. ორივე ქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ქალაქის მართვის, მარკეტინგისა და ბრენდირების საკითხებში, გარდა ამისა, მხარეები ხელს შეუწყობენ ადგილობრივ მწარმოებლებს დაამყარონ კავშირები ორივე ქალაქში  საინვესტიციო პოტენციალის  გაზრდის მიზნით.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელება, უმაღლესი სასწავლებლების დაახლოება და სხვა. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
შეთანხმების ხელმოწერამდე თბილისისა და ლუბლინის მერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ქშიშტოფ ჟუკის თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს. მათ შორისაა თანამშრომლობა „ევროსითის“ პროგრამების ფარგლებში.
"ჩვენ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვეძებთ ევროკავშირთან ურთიერთობებში. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა „კრეატიული ევროპა“, რომელიც ხელს უწყობს კულტურასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ხოლო მეორე პროგრამა „ჰორიზონ 2020“, აკადემური სფეროს განვითარებასა და ბიზნეს უწყობს ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაა. ამიტომ, ვაწარმოებთ მერთან მოლაპარაკებებს ბიზნესის სექტორში და ვიმედოვნებთ, რომ ერთად საფუძველს ჩავუყრით ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას, რათა პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირისგან დაფინანსება მოიპოვოთ. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას", - განაცხადა ლუბლინის მერმა.

 

 

სიახლე
19 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ  საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც, ბანკი თავის  კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული. მისივე თქმით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ და ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და შეჭირვებულ მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადასცეს.
ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის განცხადებით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სოციალურად დაუცველ ოჯახებზე, ვისაც არ აქვს, შესაძლებლობა საკუთარი სახსრებით შეაკეთოს დაზიანებული სახლები. ზურაბ ჩიკვილაძის ინფორმაციით, გამგეობა დაეხმარება 700-მდე სოციალურად დაუცველ და 2002 წელს მიწისძვრით დაზარალებულ ოჯახებს, განსაკუთრებით კი მათ ვინც  კერძო, ძველ,  დაზიანებულ სახლში ცხოვრობს.
„ჩვენ აუცილებლად  ყოველ წელს უნდა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს საშუალება შეიძინოს სამშენებლო მასალა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მათგანისთვის, რადგან ახლა ზამთრის პერიოდი მოდის და მათი სახლების შეკეთება, თუნუქით გადახურვა ძალიან აქტუალური და საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენ მოსახლეობის დახმარებას ვცდილობთ იმ ფინანსების ფარგლებში, რაც წლის ბოლოსთვის ბიუჯეტში არის დარჩენილი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია,  7 თვის განმავლობაში ძველმა ხელისუფლებამ მთლიანად გახარჯა მთელი წლის ბიუჯეტი  და ჩვენ გვიწევს ძალიან მწირი ფინანსების ფარგლებში ხალხის დახმარება.  ამ აქციას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ მომავალშიც და იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი ხალხის დახმარების მეტ შესაძლებლობას მოგვცემს“-განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
მოსახლეობის პერმანენტული დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა თბილისის მერის მოადგილემ გიორგი სოლომონიამ. მისი განმარტებით, იმ 700-მდე ოჯახს, რომელსაც ჩუღურეთის გამგეობა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში დაეხმარება,  მომავალ წელს უფრო მეტი ოჯახი დაემატება. „მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე მიმდინარეობს სამშენებლო მასალებით დახმარება. ადამიანებს, რომლებსაც წლების მანძილზე ჰქონდათ პრობლემა, ჩუღურეთის გამგეობა მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს“ - აღნიშნა გიორგი სოლომონიამ.
675 ოჯახს საჭიროების მიხედვით, ოქტომბრის ბოლომდე სამშენებლო ბლოკი, ცემენტი და გოფრირებული თუნუქი დაურიგდება. აღნიშნული მასალებიის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში ორმა კომპანიამ, „ჯეოპასტმა“ და „ჯი-არ-ჯი“-მ გაიმარჯვა. ტენდერის საერთო ღირებულება 131 ათას ლარს შეადგენს.

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 557 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 მოქალაქეს, მერიაში კი 205 თბილისელს მოუსმინეს.  მოქალაქეთა მიღება არ გაუმართავს თბილისის მერს დავით ნარმანიას. ის ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თბილისის მერი მოქალაქეებს მომდევნო ორშაბათს შეხვდება.
სულ, 11 აგვისტოდან  13 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 099 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
13 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია ზღვის უბნის სადავო კორპუსთან დაკავშირებით „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე თბილისის მერის მოადგილემ "მეტრომშენის" თანამშრომლებს საკითხის სამართლებრივი გზით მოგვარება ურჩია. ალუდა გოგლიჩიძის თქმით თბილისის მერიას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ გააჩნია, ამდენად, მან მოდავე მხარეებს შორის შუამავლის ფუნქცია იკისრა.
ნაძალადევის რაიონის გამგებლის ზაზა გაბუნიას განცხადებით, დავა ორ კერძო სუბიექტს შორის მიმდინარეობს, შესაბამისად, მერია და ნაძალადევის გამგეობა უფლებამოსილების ჩარჩოებს ვერ გასცდება.„მეტრომშენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საკითხს სამართლებრივი გზით გადაჭრიან.
ზღვის უბნის სადავო კორპუსების მაცხოვრებლებსა და „მეტრომშენის“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება გასულ კვირას დაიწყო.  „მეტრომშენის“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბინებში, რომელიც მათი საკუთრებაა, უკანონოდ შეჭრილი ოჯახები ცხოვრობენ. თავისმხრივ, ზღვის უბნის სადავო კორპუსების მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ფართები მათ 2003 წელს საკუთრებაში მაშინდელმა ხელისუფლებამ გადასცა.

 

 

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება. ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები. სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება - შინდისი-კრწანისი - წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ, დღეს, შპს „თბილსერვისის“ ანგარიში მოისმინა. შეხვედრაზე „თბილსერვისის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბაგრატიონმა თბილისის მერს და მთავრობის წევრებს დედაქალაქში დასუფთავების კუთხით გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.
როგორც შეხვედრაზე თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ განაცხადა, დღეს არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არსებობს პრობლემური საკითხები, რომელიც უნდა მოგვარდეს. მათ შორისაა პიკის საათებში ქალაქის ვიწრო ქუჩებში ნაგვის გადამზიდავი მანქანების მოძრაობა, რაც საცობებს იწვევს. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა გრაფიკზე, რაც შესაძლებელს გახდის პრობლემის გადაჭრას.
დავით ნარმანიამ „თბილსერვისის“ ხელმძღვანელობას დაავალა, გააქტიურონ საინფორმაციო კამპანია, რათა მოსახლეობამ ნარჩენები ქუჩაში არ დაყაროს. თბილისის მერის განცხადებით, ადმინისტრირება გამკაცრდა და ქუჩების დანაგვიანების შემთხვევაში მოქალაქეები და ორგანიზაციები კანონმდებლობის შესაბამისად დაისჯებიან.
დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო წელს იგეგმება ნაგავმზიდი მანქანების პარკის განახლება, ასევე  მყარი ნარჩენებისთვის ურნების შეძენა. გარდა ამისა, თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორიები გამოიყოფა.
„გარეუბნებში უნებართვოდ იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც ქალაქს აბინძურებს. ამიტომ, თბილისის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, სამშენებლო ნარჩენებისთვის ორ ტერიტორიას გამოვყოფთ. მხოლოდ ამ ტერიტორიებზე იქნება ნარჩენების განთავსება შესაძლებელი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების: სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, შპს „ჰერმესის“, „სითი-პარკის“, „თელასის“, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, outdoor.ge-ს, „GWP“-ს და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული.
სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს.
რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

მერიის აღმასრულებელ  ორგანოთა  სისტემაში ატესტაცია  1 ნოემბერს ჩატარდება. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა N1180  ბრძანებას „ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ  ორგანოთა  სისტემაში ატესტაციის დროის განსაზღვრის, ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიისა და ატესტაციის ჩატარების გრაფიკის დამტკიცების თაობაზე“.
ბრძანების თანახმად, „ქალაქ თბილისის მერიის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემაში ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების ჩატარების თარიღად განისაზღვრა 1 ნოემბერი, ხოლო ატესტაციის მეორე ეტაპის - გასაუბრების ჩატარების თარიღად 7-14 ნოემბერი.
დღესვე დამტკიცდა ატესტაციის დაქვემდებარებულ მოხელეთა სია და ატესტაციის მე-2 ეტაპის - გასაუბრების ჩატარების გრაფიკი.
#1180  ბრძანების თანახმად, ატესტაციას დაქვემდებარებული ყველა მოხელე, ინფორმაციას ატესტაციის პირველი ეტაპის - ტესტირების გამართვის ადგილისა და  დროის თაობაზე მიიღებს ინდივიდუალურად, ელექტრონული ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით, რომელსაც უზრუნველყოფს  სსიპ „გამოცდების ეროვნული ცენტრი“.
დღესვე დავით ნარმანიამ ხელი მოაწერა N1181 ბრძანებას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოთა სისტემის - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა თანამდებობრივი ინსტრუქციები - სამუშაოთა აღწერილობის შესახებ.
ინფორმაცია თანამშრომელთა ატესტაციის ფარგლებში ჩასატარებელი ტესტირების შესახებ, ტესტების ნიმუშთან ერთად, ატვირთულია თბილისის მერიის ვებგვერდზე www.tbilisi.gov.ge და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge

იხილეთ მიმაგრებული საბუთები:

საჯარო სამსახურის ბიურო - ბრძანება N 73/სა

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N 1180

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისისს თავმჯდომარის ბრძანება N 1

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება N 11802

საქართველოს მთავრობისგანკარგულება N 1536

ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსდადგენილება №11-22

ტესტების ნიმუში

 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში აბას თალები ფარის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე  ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავებით არის დაინტერესებული. საუბარი შეეხო თეირანისა და თბილისის მერიებსა და თბილისის საკრებულოსა და თეირანის ისლამურ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია ასევე საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. მისივე თქმით, ირანელი ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ თბილისში ამორტიზებული შენობების რეაბილიტაციის მიმართულებით. აბას თალები ფარიმ დავით ნარმანიას თბილისში ირანული კულტურის ცენტრის აშენების იდეა გააცნო, სადაც ქართველი ირანისტები დასაქმდებიან, რაშიც თბილისის მერმა ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თეირანის მერის მიწვევა გადასცა.
თბილისის მერმა ირანულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის ვიზიტით ჩავიდეს თეირანში და შესაძლოა ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განხორციელდეს.

 

 

 

 

სიახლე
7 ოქტომბერი 2014  
 
 

ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დენდროლოგიურ პარკში, სადაც „ვეტერანთა პარკი“ გაშენდება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების - ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და  გოჩა ყარყარაშვილის სახელობითი ხეები მთავრობის წევრებთან ერთად დარგო.
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით, 17 ოქტომბერი ,,ვეტერანთა დღედ’’ გამოცხადდა. დეპარტამენტის ინიციატივითვე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დენდრო პარკში ,, ვეტერანთა პარკი’’ გაშენდება.
როგორც თავის გამოსვლაში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა,  თბილისის მერია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის იდეის განხორციელებას მხარს დაუჭერს. მისივე თქმით,  მომდევნო წლის გაზაფხულიდან მერია იწყებს პროექტს, რომელიც დენდრო პარკის გამწვანებას და მოწესრიგებას ითვალისწინებს.
„ჩვენ დღეს ვრგავთ ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიასა და გოჩა ყარყარაშვილის სახელობის ხეებს. ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი,  2015 წლის 17 ოქტომბერს, ამ ადგილას „ვეტერანთა პარკი“ გაიხსნება, სადაც სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა სახელობითი 4 000  ხე იხარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ვეტერანებთან და დაღუპულთა ოჯახის წევრებთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე,  პარლამენტის წევრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები.

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 593 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 368 მოქალაქეს, მერიაში კი 225 თბილისელს მოუსმინეს.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 25 მოქალაქე მიიღო.
სულ, 11 აგვისტოდან  6 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  5 542  ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

 

 

 

 

სიახლე
6 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი