ცხელი ხაზი 272 22 22
03:00 18/12/2014
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საახალწლო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში, საახალწლო ღონისძიების ცენტრალური ადგილს, მესხურ კოშკს რეაბილიტაცია ჩაუტარდა. კეთილმოეწყო კოშკთან მისასვლელი გზა, შეკეთდა მოაჯირები, დაიდგა ნაძვის ხე და მიმდინარეობს განათებების მონტაჟი.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 26 დეკემბერს დაგეგმილია თოვლის ბაბუა ერთი დღით ბოტანიკურ ბაღს  ესტუმროს და ბავშვები მესხურ კოშკში მიიღოს. ბოტანიკურ ბაღში განხორციელებული სამუშაოები დღეს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ნინო გოცაძემ დაათვალიერეს.

სიახლე
17 დეკემბერი 2014  
 
 

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მოსახლეობასთან ერთად დღეს თემქაზე, 48-ე სკოლის ეზოში მდებარე განახლებული სტადიონი გახსნა. 450 კვ/მ ფართობის მოედანზე დაიგო ახალი, ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთისა და კალათბურთის კარები; სპორტული მოედნის გარშემო დამონტაჟდა ახალი ტექნოლოგიის ლითონის ბადე, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მოქცეულია პლასტმასის კონსტრუქციაში.
ნაძალადევის გამგებლის ზაზა გაბუნიას თქმით, დეკემბრის ბოლომდე კიდევ 3 სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდება.

 

სიახლე
13 დეკემბერი 2014  
 
 

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით,  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 29 დეკემბრიდან 2015 წლის 11 იანვრის ჩათვლით ზამთრის არდადეგები გამოცხადდა. თბილისის მთავრობის დღევანდელი სხდომის დადგენილებით, სასწავლო პროცესი 12 იანვრიდან განახლდება.

 

სიახლე
17 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიასა და ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის მერიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერის ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, მემორანდუმს ხელი მოაწერეს დავით ნარმანიამ და დუბლინის ლორდ მერმა ქრისტი ბრუკმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მყარი ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროში.
როგორც ირლანდიიდან დაბრუნებულმა თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, თბილისი და დუბლინი ორ ძალიან მნიშვნელოვან - გამწვანების და საცობების მართვის საკითხებში ითანამშრომლებენ.
„მე უკვე მოვიწვიე ორი სპეციალისტი ირლანდიიდან, რომლებიც შეისწავლიან დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვის ნაწილს და გაგვიწევენ რეკომენდაციებს, როგორ განვავითაროთ იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა შევძლოთ საცობების მართვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, სხვა პრიორიტეტებს შორის, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, ამდენად, ძალიან  მნიშვნელოვანია ირლანდიის მიდგომები ამ კუთხით. მისივე თქმით, ქართული მხარე დაამუშავებს მათ მოდელს და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გააუმჯობესებს დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
12 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის ვიზიტის მიზანი საქართველოში თვითმმართველობის რეფორმისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შემდგომ მიმდინარე პროცესის მონიტორინგია.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, შეხვედრაზე სამი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყო: 1.მოქმედ კანონმდებლობაში აისახოს სუბსიდიარობის პრინციპი, რათა ხელისუფლების ყველა დონეს ჰქონდეს თავისი  ფუნქციები; 2.  გაგრძელდეს ფისკალური დეცენტრალიზაციის რეფორმა და ადგილობრივმა თვითმმართველობებმა მიიღონ მეტი შემოსავლები; 3.საქართველოს პარლამენტმა მოახდინოს ადგილობრივ თვითმმართველობებთან კონსულტაციების კომპონენტის რატიფიცირება, რაც ევროპული ქარტიის მეცხრე მუხლის მეექვსე პუნქტშია ასახული.
„ვინაიდან ქარტია სრულად არ არის რატიფიცირებული, საქართველო ამ მუხლს ჯერჯერობით არ მიერთებია, თუმცა, ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ნამდვილად დადგა ის დრო, როცა მეტი კონსულტაციები უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნულ ასოციაციასთან და როგორც ამის საკანონმდებლო ინსტრუმენტი, პარლამენტმა უნდა მოახდინოს ამ პუნქტის რატიფიცირება“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ნარმანიამ.
კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში არიან  გაერთიანებული სამეფოს სამხრეთ სომერსეტის ოლქის საბჭოს წევრი ნაიჯელ მერმაგენი, ფინეთის ლაუკას მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჰელენა პიჰლაჯასაარი, კონგრესის ადგილობრივ თვითმმართველობათა პალატის აღმასრულებელი მდივანი ჯან-ფილიპ ბოზოულისი, კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის მდივანი სტეფანი პუალერი, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრი იორაი ნემეჩი.
კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, დავით ნარმანიას გარდა, ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ დელეგაციის წევრები, თვითმმართველობის ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია, თბილისის საკრებულოს წევრები გიორგი ტყემალაძე და  სევდია უგრეხელიძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 დეკემბერი 2014  
 
 

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული.
ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად.

სიახლე
9 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერს იეჰიელ ხილიკ ბარს შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი ბერეკაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის მერის ვიზიტს ისრაელში. როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, 2015 წლის თებერვალში ისრაელში დაგეგმილია ბიზნეს ფორუმი, „თბილისი-იერუსალიმი“, რომელსაც ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები დაესწრებიან. ფორუმზე ქართული მხარე პრეზენტაციით წარდგება და ებრაულ მხარეს საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
მხარეებმა ასევე განიხილეს ისრაელ-საქართველოს ურთიერთობები. როგორც ისრაელის ქნესეთის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ისრაელის ქნესეთი დაინტერესებულია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ახალ ეტაპზე გადავიდეს. დავით ნარმანიას განცხადებით, ისრაელ-საქართველოს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს და ამის დასტურია ისიც, რომ ისრაელის ელჩს საქართველოში, იუვალ ფუქსს წლევანდელ თბილისობის დღესასწაულზე საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.
ქნესეთის ვიცე-სპიკერთან ერთად ისრაელის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ასევე ისრაელის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ოფირ პინეს-პაზი, ებრაული ლობისტური ორგანიზაციის, JStreet-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი საზოგადოებასთან ურთიერთობის დარგში, რახელ ლერნერი, ასევე საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი, იციკ მოშე და მსოფლიო ებრაული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრეზიდენტი, ნათან როი.

 

 

სიახლე
16 დეკემბერი 2014  
 
 

დედაქალაქი საახალწლო ილუმინაციებით ფორმდება. მაგისტრალების, ქუჩების, სკვერების, მორთვა თბილისის ყველა უბანში ერთდროულად მიმდინარეობს.რუსთველის გამზირზე უკვე დასრულდა საქართველოს პარლამენტის შენობის გაფორმება, შენობის წინ დამონტაჟდა მანათობელი ანგელოზის ფიგურები და ყვავილები. დედაქალაქის მთავარი, 25 მეტრიანი ნაძვის ხე პარლამენტის შენობის წინ დაიდგმება. ტრადიციული ნაძვის ხის კომპოზიცია აეწყობა თავისუფლების მოედანზე, წმინდა გიორგის მონუმენტზე. კომპოზიციის ავტორია მხატვარი მურაზ მურვანიძე.
საახალწლო განათებების მონტაჟი ასევე დასრულებულია ვაჟა-ფშაველას, ალექსანდრე ყაზბეგის, გროგოლ რობაქიძის, ნოდარ დუმბაძის და დავით გურამიშვილის გამზირებზე. მორთულია ბარათაშვილის აღმართი, გლდანულას შესახვევი, მელაანის, ბუშის და ლეხ კაჩინსკის ქუჩები.
საახალწლო ილუმინაციებით დედაქალაქის გაფორმების სამუშაოები 20 დეკემბრისთვის დასრულდება. სამუშაოებს  ტენდერში გამარჯვებული შპს „სინათლის ქალაქი“ ასრულებს.

სიახლე
30 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და შპს „სინათლის ქალაქის“ ხელმძღვანელმა ვასილ ხორავამ ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე დამონტაჟებული ახალი დიოდური განათება დაათვალიერეს. ახალი საპილოტე პროექტი პოლონურმა კომპანია „ბიო სოლუშენმა“ განახორციელა. 70%-იანი ენერგოდამზოგავი დიოდური სანათები, შპს „სინათლის ქალაქმა“ დაამონტაჟა. 
თბილისის მერთან ერთად, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ახალი გარე-განათება საქართველოში პოლონეთის საელჩოს და პოლონური კომპანია „ბიო სოლუშენის“ წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მათთან ერთად, დავით ნარმანიამ ლეხ კაჩინსკის სახელობის სკვერში, ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ბიუსტი ყვავილებით შეამკო.
ენერგოდამზოგავი სანათებით დედაქალაქის  გარე-განათება თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაა. თბილისის მერის თქმით, ეს არის საპილოტე პროექტი. "ვინაიდან ადგილობრივი გამოცდილება მწირია, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში დავაკვირდეთ, როგორ იმუშავებს თანამედროვე განათების სისტემა.  ამისთვის დავაყენეთ სპეციალური მზომები, რომლის მიხედვითაც ვნახულობთ განათების ხარისხს და მეორეს მხრივ, ეკონომიას, რომელიც უნდა მოგვცეს თანამედროვე განათების სისტემამ. მომდევნო ეტაპზე იგეგმება ახალი სისტემის მონტაჟი მთელს  ქალაქში, რისთვისაც დეტალურად შევისწავლით არსებულ მდგომარეობას და ამის შემდეგ გამოცხადდება საჯარო კონკურსი საუკეთესო ინვესტორი კომპანიის მოსაზიდად" - განაცხადა დავით ნარმანიამ.
"ჩვენ ყოველთვის მოხარული ვიქნებით, გავუზიაროთ საქართველოს პოლონური გამოცდილება როგორც საქალაქო განათების სფეროში უახლესი LED ტექნოლოგიით, ისე თვითმმართველობის საკითხებში. დღეს ეს განსაკუთრებით სასიამოვნოა, ვინაიდან ვიმყოფებით ჩვენთვის სიმბოლურ ადგილას"- განაცხადა  საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა მარჩინ ჟუკოვსკიმ.
კომპანია "ბიო სოლუშენის" გენერალური დირექტორის ანდჟეი მიკოლაიჩეკის თქმით,  კომპანია პოლონეთში გარე-განათების სფეროში ბევრ მუნიციპლიტეტთან თანამშრომლობს და თავს იწონებს იმით, რომ ხილვადობისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში, ელექტროენერგიის 70%-იანი დაზოგვის მაჩვენებლის მიღება შეუძლია.

 

 

სიახლე
16 დეკემბერი 2014  
 
 

მთაწმინდის რაიონში, გოგებაშვილის ქუჩაზე, გზის სავალი ნაწილის მოასფალტება მიმდინარეობს.  სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც 4 ოქტომბერს დაიწყო, დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და მთაწმინდის გამგებელთან, გელა არჩვაძესთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ მოსახლეობას დავპირდით და დათქმულ ვადაში ვასწრებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. გოგებაშვილის ქუჩაზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მიმდინარე თვის ბოლომდე დასრულდება. დღეს იგება გზის პირველი საფარი, რის შემდეგაც დაიგება მეორე ფენა. გარდა ამისა, ინტენსიურად  მიმდინარეობს დაზიანებული გზების შეკეთება  დედაქალაქის სხვა რაიონებშიც, რათა ზამთრის პერიოდს მომზადებული შევხვდეთ და უმტკივნეულოდ გადავიტანოთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის ავთანდილ სუდაძის თქმით, პროექტის ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდება მთლიანი ქუჩა საერთო ფართობით - 5 600 კვადრატული მეტრი. მისივე თქმით, უკვე დასრულდა გრუნტის მოწყობის, აგრეთვე, წყლისა და კანალიზაციის ჭების ამოწევის სამუშაოები, დასასრულს უახლოვდება ბორდიურებისა და ტროტუარების მოწყობა.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს „სამშენებლო სატრანსპორტო კომპანია“ ახორციელებს.

 

 

 

სიახლე
21 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, საუბარი სხვადასხვა სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
დავით ნარმანიას განცხადებით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით.
შეხვედრაზე განიხილეს ევროკავშირის ინიციატივა - „მერების შეთანხმება“, რომელიც 2020 წლისთვის CO2-ის ემისიების 20%-ით შემცირებას და ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. იანოშ ჰერმანის განცხადებით, ამ კუთხით ევროკავშირი თბილისის მერიას მხარს უჭერს და საჭიროების შემთხვევაში დაეხმარება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ევროკავშირი ასევე მხარს უჭერს  დედაქალაქის ხელმძღვანელობას, ჩაატაროს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თბილისში ტრანსპორტის, ეკოლოგიის, ასევე ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებული საჭიროებების გამოსავლენად. 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
15 დეკემბერი 2014  
 
 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ყოფილი მთავრობის პირობებში დამკვიდრებული იყო პრაქტიკა, რომლის თანახმად, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, ტენდერის მონაწილე პრეტენდეტების მიერ, სატენდერო წინადადების სახით, ცალკეულ შემთხვევებში ხდებოდა მხოლოდ რეკვიზიტების წარმოდგენა, რაც მიზანმიმართულად ხელს უწყობდა ტენდერის მიმდინარეობის პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას. ამასთან, აღსანიშნავია, რომ რეკვიზიტების წარმოდგენა არ იყო გათვალისწინებული ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ელექტრონული ტენდერების სატენდერო მოთხოვნებით.
2014 წლის სექტემბრიდან, არსებითად უარყოფილი იქნა ზემოხსენებული მავნე პრაქტიკა და პრეტენდენტის მიერ მხოლოდ რეკვიზიტების წარმოდგენის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, ზემოხსენებულ პრეტენდენტს ანიჭებს დისკვალიფიკაციას. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის მონაწილე პრეტენდენტები ვალდებულნი არიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პორტალზე - სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში - თავიდანვე სრულყოფილად წარმოადგინონ სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული დოკუმენტები.
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების განხილვის საბჭოში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ, ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების მიერ (რომლებმაც სატენდერო წინადადებით ატვირთეს  რეკვიზიტები)  წარდგენილი იქნა ორი საჩივარი, რომელთაგან ერთი (SPA140020932 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით) გადაწყდა შემსყიდველი ორგანიზაციის სასარგებლოდ, ხოლო მეორე  (SPA140021523 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებით)   საბჭოს მიერ დაუშვებლად იქნა მიჩნეული.

 

სიახლე
21 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს დიდუბისა და ჩუღურეთის რაიონებში ის შიდა გზები დაათვალიერა, რომელთა რეაბილიტაცია დედაქალაქის  2015 წლის ბიუჯეტით არის გათვალისწინებული.
დიღმის მასივის მეორე კვარტლის 8 და 8ა კორპუსები, ასევე მესამე კვარტლის 2, 3 და 31 კორპუსების შიდა გზები დავით ნარმანიამ დიდუბის რაიონის გამგებელ ირმა ზავრადაშვილთან ერთად მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა.
ჩუღურეთის რაიონში თბილისის მერმა ჩიქობავას N49, ახალციხის N1 და მარჯანიშვილის N59-ში მდებარე ეზოები რაიონის გამგებელთან ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად დაათვალიერა, ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო და დახმარება აღუთქვა.
როგორც დიდუბის, ისე ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა აცხადებს, რომ  ეზოების მოწესრიგების თხოვნით დედაქალაქის მერიას წინა წლებში არაერთხელ მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ. აღნიშნულ მისამართებზე მდებარე შიდა ეზოებში უკვე ჩატარებულია საკომუნიკაციო სამუშაოები, მოასფალტება კი მომდევნი წლის პირველ კვარტალში იგეგმება.
თბილისის მერის თქმით, მიმდინარეობს მომდევნო წელს განსახორციელებელი სამუშაოების მონიტორინგი. დავით ნარმანია პოლიტიკური ოპონენტების ბრალდებებსაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, თითქოს მომდევნო წლის ბიუჯეტში არარსებული მისამართები და უკვე გაკეთებული სამუშაოებია შეტანილი.
„ეს სიცრუეა, რადგან სამუშაოების ნაწილი წინა მთავრობის დროს უხარისხოდ გაკეთდა, გზები დაზიანებულია და თავიდანაა გასაკეთებელი.  რაც შეეხება იმ შიდა გზებს, რომლებიც საერთოდ არ გაკეთებულა, გამგეობებს უკვე მომზადებული აქვთ დოკუმენტაცია და სამუშაოები  ადრე გაზაფხულიდან დაიწყება.  9 წლის განმავლობაში ეს ადამიანები უამრავი განცხადებით მიმართავდნენ გამგეობებს, მაგრამ მათ მოთხოვნებს არავინ აკმაყოფილებდა. ის, რაც გასაკეთებელია ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

 

სიახლე
13 დეკემბერი 2014  
 
 

დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და, 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა.
სამწუხაროდ, დღეს არსებული პროგრამის ადმინისტრირების მექანიზმები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში,  მიზნობრივად გაიცეს კომუნალური სუბსიდიის თანხა მათი საჭიროების შესაბამისად. პროგრამის ხარვეზის გამო, დახმარებას იღებენ როგორც შეჭირვებული, ისე სოლიდური შემოსავლის მქონე ოჯახები, რაც ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია.
პროგრამის სრულყოფის მიზნით, დახმარების მიზნობრიობის გაუმჯობესებისათვის, 2015 წელს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში შეიმუშავებს არა სოციალურად დაუცველი, მაგრამ კომუნალური სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახებისათვის დახმარების მიზნობრივად გაცემის მექანიზმებს და, მიღებული შედეგების შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ასეთი საჭიროების მქონე ოჯახების დამატებითი სუბსიდირება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის საკითხს, ის საჭიროებს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე იქნება მიღებული.
მივმართავთ საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და შეგნებულად ნუ შეიყვანენ შეცდომაში თბილისის მოსახლეობას.

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

სოლოლაკში, ასათიანის ქუჩის N30-თან დაზიანებული მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. 900 კვ.მ. გზის მონაკვეთზე ასფალტის ორი ფენა დაიგება. სამუშაოები 8 დეკემბერს დაიწყო და კვირის ბოლოს დასრულდება. მიმდინარე სამუშაო მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ და გამგებლის მოადგილემ ბადრი ხვადაგიანმა დაათვალიერეს. რაიონის გამგებლის თქმით, მთაწმინდის რაიონში დაწყებულია ქუჩებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობა, სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.

სიახლე
13 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალური პროექტების ევროპული სტანდარტებით მომზადებაში შვედური მხარის თანამონაწილეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით შვედეთი თბილისის მერიას აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს.
დავით ნარმანიას განცხადებით, შვედეთის საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში რამდენიმე მიმართულებით. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შვედეთის გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. რაიონის გამგებელმა მამუკა ჩოქურმა კალოუბნის ქუჩაზე მიმდინარე გზის საფარის სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა. აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების ღირებულება 82 622 ლარს შეადგენს. გზის რეაბილიტაცია დეკემბერში დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა მოეხსნება.

სიახლე
13 დეკემბერი 2014  
 
 

მუნიციპალიტეტებში მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 10 ნოემბრის განცხადებაში დიდუბის რაიონის შესახებ მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს გამგეობაში კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს დიდუბის რაიონის გამგეობაში ყოველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომლებიც თანამშრომელთა მოვალეობებს ასრულებდნენ.
სასურველია, სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინოს სახელები, გვარები და მეტი დეტალები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, კვლევის შედეგად შეიტყვეს. რაც შეეხება პირს, რომელიც, თურმე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა გამგეობაში და სოციალურ განყოფილებაში გამგებლის სხვა და სხვა დავალებებს ასრულებდა, ვფიქრობთ, რომ აქ იგულისხმება ბატონი ზურაბ უგულავა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ ზურაბ უგულავამ 2014 წლის 2 სექტემბერს, ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო მუშაობა დიდუბის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დიდუბის გამგეობიდან ინფორმაცია არ გაუთხოვია.
აქვე, განვმარტავთ, რომ ზურაბ უგულავას არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია სოციალურ განყოფილებასთან. 17 სექტემბერს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თეა დარახველიძე, რომლის საკურატორო სფეროა სოციალური განყოფილება, ხოლო ზურაბ უგულავა 2014 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა გამგებლის მოადგილედ და მის საკურატორო სფეროს ინფრასტქუტურის განყოფილება წარმოადგენს.  

 

სიახლე
12 ნოემბერი 2014  
 
 

ევროკავშირის მიერ ინიცირებული წყლის ეროვნული პოლიტიკის დიალოგის ფარგლებში, სასტუმროში „Radisson Blu Iveria“, გაიმართა შეხვედრა-სემინარი თემაზე -  „თბილისი - მწვანე დედაქალაქი“.  პროექტი თბილისისთვის მწვანე ქალაქის კონცეფციის შემუშავებასა და მისი განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრას ითვალისწინებს .
უმნიშვნელოვანესი ევროპული ინიციატივის  - „ევროპული მწვანე ქალაქები“  - მიზანია,  ქალაქებში ენერგეტიკული და მატერიალური რესურსების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობების -  ენერგოეფექტური, ენერგო და რესურსდამზოგი ტექნოლოგიების განვითარება საქალაქო მეურნეობის სხვადასხვა სექტორში, განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება, ქალაქების ინტენსიური განვითარების პრიორიტეტულობის განსაზღვრა, ქალაქებში გამწვანებისა და რეკრეაციის წილის გაზრდა, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა,  CO2-ის ემისიების შემცირება, ქალაქების ტერიტორიაზე მოსახლეობისთვის მდინარეებისა და წყალსატევების ხელმისაწვდომობა, წყლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსახლეობისთვის კომფორტული საცხოვრებელი, სამუშაო და დასვენების პირობების შექმნა და სხვა.
თბილისისთვის, რომელსაც დღეისათვის სერიოზული პრობლემები აქვს ამ კუთხით,  მეტად აქტუალურია ამ მიმართულებით ეფექტური და რადიკალური ნაბიჯების გადადგმა. შეხვედრის მონაწილეები მწვანე ქალაქის კონცეფციის დანერგვის კუთხით, ჰოლანდიისა და ესტონეთის ქალაქების წარმატებულ მაგალითებს გაეცნენ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერის მოადგილემ ნინა ხატისკაცმა, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ესტონეთის რესპუბლიკის და ნიდერლანდების სამეფოს ელჩებმა, საქართველოს ენერგეტიკის, აგრეთვე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლო-დაწესებულებების წარმომადგენლებმა, ქართველმა და უცხოელი ექსპერტებმა.
სემინარი თბილისის მერიის და გაეროს ეკონომიკური კომისია ევროპისათვის (UNECE) დახმარებით და საქართველოში ნიდერლანდების სამეფოსა და ესტონეთის რესპუბლიკის საელჩოების თანადგომით ჩატარდა.

 

 

 

 

 

სიახლე
12 დეკემბერი 2014  
 
 

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე გადაუდებელი, ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელსაც კომპანია "სილქნეტი" ახორციელებს, 7 ნოემბერს საღამოს 19:00 საათიდან - 02:00 საათამდე  მომხმარებლები ვერ შეძლებენ თბილისის მერიის ვებ-გვერდით სარგებლობას, რადგან ელექტრონულ მომსახურეობაზე წვდომა დროებით იქნება შეფერხებული. 

სიახლე
6 ნოემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი