02:06     30/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

თბილისის მთავრობა დღეს სააქციო საზოგადოება  „თელასის“ ხელმძღვანელობას შეხვდა. კომპანიის  გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ქალაქის ელექტროგამანაწილებელ ქსელში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
თბილისის რაიონების გამგებლებმა კომპანიას მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია ქალაქის ცალკეულ უბნებში არსებული პრობლემების შესახებ. მთავარ პრობლემად ელექტროენერგიის ხშირი გათიშვა დასახელდა, რასაც კომპანიის ხელმძღვანელობა ზამთრისთვის მოსამზადებელი პროფილაქტიკური სამუშაოებით ხსნის და შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის. გარდა ამისა, დაისვა სოციალურად დაუცველი აბონენტებისთვის დაგროვილი დავალიანების გადავადების, ან გაწერის საკითხიც, რაზეც სერგეი კობცევმა განაცხადა, რომ კომპანია ამ საკითხს ლოიალურად უდგება და საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამ თხოვნით რაიონულ ბიზნესცენტრებს მიმართონ.
შეხვედრაზე გადაწყდა - კომპანიასთან მორიგი სამუშაო შეხვედრა ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში გაიმართება, რომელზეც კომპანია წარადგენს დეტალურ ანგარიშს ზამთრის სეზონისთვის მოსამზადებლად გაწეული სამუშაოების შესახებ. მანამდე შეიქმნება ერთობლივი  ჯგუფი, რომელიც ტექნიკურ საკიტხებზე იმუშავებს და შესაბამის ინფორმაციას ხელმძღვანელობას მიაწვდის.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მერიის მხრიდან აუცილებელია  ნებართვების გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დახვეწა და დაჩქარება, რათა თელასმა დროულად შეძლოს სამუშაოების შესრულება. თავის მხრივ თელასი იღებს ვალდებულებას, გააქტიუროს გამგეობების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, გააქტიუროს სამუშაოები პრობლემურ უბნებზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა დედაქალაქის მერიას, გამგეობებსა და „თელასს“ შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას, რისთვისაც მერიასა და თელასს შორის სპეციალური მემორანდუმიც გაფორმდება.
„ჩვენ შევიმუშავებთ  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, სადაც გაიწერება მხარეთა პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გარდა ამისა, თელასი ოპერატიულად მოგვაწვდის ინფორმაციას, მოსალოდნელ გათიშვებზე,  სავარაუდო დაზიანებებზე და განსახორციელებელ სამუშაოებზე,რათა ცხელი ხაზის და გამგეობების მეშვეობით ჩვენ მოსახლეობას მივაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას  მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქლაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი დაესწრო და საკრებულოს დეპუტატებს სამსახურის მუშაობის შესახებ ინფორმაცია გააცნო. სხდომაზე სოციალურად დაუცველთა საბუთების მიღებისა და დაფინანსების წესი დამტკიცდა. შეხვედრაზე ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით მერიასთან ითანამშრომლებს. კომისიის შემადგენლობაში საკრებულოს წევრებიც შევლენ. 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, რაიონების  გამგებლებმა და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა  წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების მასშტაბურ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალების ნარჩენებისგან დასუფთავების აქცია, ისევე, როგორც საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, თბილისის ყველა რაიონში ერთდროულად, დილის 10 საათიდან დაიწყო.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ეს არ არის ერთჯერადი აქცია და  სააგიტაციო მასალისგან დედაქალაქის გაწმენდა გაგრძელდება მანამ, ვიდრე თბილისი სრულად არ გასუფთავდება. მერიის დასუფთავების სამსახურთან ერთად, აქციებში პირადად ჩაერთვებიან რაიონების გამგეობები და საკრებულის მაჟორიტარი დეპუტატები.
„დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვა ყველას ვალია, ეს ჩვენი კულტურის ნაწილად უნდა იქცეს და მომავალში, არჩევნების დასრულებისთანავე, რაც შეიძლება სწრაფად გაიწმინდოს თბილისი“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ბაკურიანში არსებულ ბავშვთა საზაფხულო ბანაკს ეწვია და იქ დამსვენებელ მოზარდებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა. დავით ნარმანია ბავშვების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო და მარიამობის დღესასწაულისადმი გამართულ კონცერტს დაესწრო. ბავშვთა და მოზარდთა დასვენება-გაჯანსაღების პროგრამის ფარგლებში ბაკურიანში ამჟამად 300 მოზარდი ისვენებს. პროგრამით მიმდინარე ზაფხულის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა კურორტზე ეტაპობრივად სულ 3 000 ბავშვი სარგებლობს. შერჩევისას პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს ენიჭებათ.
დავით ნარმანიას თქმით: აღნიშნულ სპეციალურ პროგრამას თბილისის ბიუჯეტი აფინანსებს, რომლის ფარგლებში სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები ბორჯომში, ბაკურიანსა და სხვადასხვა კურორტზე ისვენებენ. ეს მნიშვნელოვანი შეღავათია იმ ოჯხებისთვის, ვინც ვერ ახერხებს ზაფხულის განმავლობაში ბავშვების დასვენებას. ბანაკებში ბავშვები სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობენ და ყველა იმ სერვისს იღებენ, რაც ზრდისა და განვითარებისთვის სჭირდებათ. პროგრამა გრძელდება და თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ ამ პროექტით ისარგებლონ.

სიახლე
29 აგვისტო 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მარიამობის სადღესასწაულო წირვას სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად დაესწრო. 
„მინდა მარიამობა მივულოცო სრულიად საქართველოს და თითოეულ იმ იმ ადამიანს, ვისაც განსაკუთრებით სჭირდება წმინდა მარიამის მფარველობა, მისი მადლი და ძალა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

სიახლე
28 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამგებელი,  ზაზა გაბუნია, სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოს ეწვია, ბენეფიციარებს მარიამობის დღესასწაული მიულოცა, ყვავილები და ტკბილეული მიართვა და მათთან ერთად ისადილა.ნაძალადევის რაიონში ამჟამად 10 უფასო სასადილო მოქმედებს, რომლითაც 5 700-მდე ბენეფიციარი სარგებლობს.
ზაზა გაბუნია: "მათ უნდა იგრძნონ, რომ ისინი ჩვენი ყურადღების ქვეშ იქნებიან და რაც მთავარია, დედაქალაქის მერის და მთავრობის ყველა წევრის სურვილია, რომ მათი მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ჰქონდეთ უკეთესი კვების რაციონი და გარემო პირობები". 

სიახლე
28 აგვისტო 2014  
 
 

ქალაქში არსებული უფასო სასადილოების პროგრამა არ გაუქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის მერმა შესაბამისი საქალაქო სამსახურებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა.
დავით ნარმანიას განცხადებით, საქალაქო სამსახურები ქალაქის ყველა რაიონში ახორციელებენ მონიტორინგს, რათა დაზუსტდეს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს. „შემოსულია ახალი განცხადებები ბენეფიციარების დამატების შესახებ და ისინი უნდა დავაკმაყოფილოთ. ასევე, მნიშვნელოვანია უფასო სასადილოებში საკვების ხარისხი და ის უნდა გაუმჯობესდეს. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და  თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ,  დაგვიანებულ ნაბიჯს.მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი  თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ  ბიუჯეტის საბოლოო პროექტში  სოციალურ პროგრამებზე  10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო  ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.მიგვაჩნია, რომ ამ  პერიოდის განმავლობაში თბილისელებს   შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია  იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი.

სიახლე
7 მარტი 2014  
 
იხილეთ მეტი