ცხელი ხაზი 272 22 22
19:04 21/10/2014
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 

თბილისის მერი, დავით ნარმანია კარატეში მსოფლიოს მაკაბის თასის გათამაშების საზეიმო გახსნის ცერემონიას დაესწრო. საზეიმო გახსნას თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და დიასპორის მინისტრები.
თბილისის მერმა მონაწილეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ კარატეში მსოფლიოს მაკაბის თასის გათამაშება ქართველი და ებრაელი ხალხის 26 საუკუნოვან მეგობრობას უკავშირდება, რაც განსაკურებით მნიშვნელოვანია.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემპიონატი ისე ღირსეულად ჩატარდება, როგორც ჩვენს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ეკადრება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპორტის სასახლეში კარატეში მაკაბის მსოფლიოს თასი დღეს დაიწყო. საერთაშორისო შეჯიბრებაში 35 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს.

 

 

 

სიახლე
21 ოქტომბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანებით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“ წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსის) გამოყენების შემთხვევაში პრეტენდენტებისთვის თვალსაჩინო გახდა ამ თანხების დაკავების მექანიზმი, რაც შესაბამისად აისახა, როგორც სატენდერო პირობებში, ასევე ხელშეკრულებებშიც.
წინა მთავრობის პერიოდში წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავება ხორციელდებოდა „ქ. თბილისის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების შესახებ“ ქალაქ თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის №01.11.11 დადგენილების შესაბამისად, თუმცა ამის შესახებ პრეტენდენტებისათვის ტენდერის მიმდინარეობის ეტაპზე არ იყო ცნობილი. სატენდერო პირობებში და ხელშეკრულებაში ნახსენებიც კი არ იყო ავანსის გამოქვითვის თემა, აღნიშნული დადგენილება კი საჯაროდ ხელმისაწვდომიც არ იყო იმის გამო, რომ დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა არც სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო „მაცნე“-ს ვებ.გვერდზე და არც პროგრამა „კოდექსში“. შესაბამისად, მიმწოდებლისათვის ავანსის გამოქვითვის ზემოაღნიშნული მეთოდის შესახებ ცნობილი ხდებოდა უშუალოდ მიღება–ჩაბარების აქტის წარმოდგენის საფუძველზე ანგარიშსწორების განხორციელებისას, როცა მას სამუშაოების გასაგრძელებლად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე, ჩაერიცხებოდა იმაზე ნაკლები თანხა, ვიდრე ჰქონდა გათვალისწინებული.  აღნიშნულიდან გამომდინარე, ხშირი იყო შემთხვევები, როცა სამუშაოთა მწარმოებლები, მომწოდებლები, ქ. თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურში აპროტესტებდნენ აღნიშნული დოკუმენტის კონფიდენციალურობას და მათი საქმიანობის კუთხით პირდაპირ ხელის შეშლად მიიჩნევდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ერთადერთი ცვლილება რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანებით შევიდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებებიდან ფაქტობრივი ხარჯების გაწევამდე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წინასწარ გადახდილი სახსრების დამოწმების წესში, შეეხებოდა 40%-ის ფარგლებში, ავანსად გადახდის შემთხვევაში, საავანსო თანხის პირდაპირპროპორციულ გამოქვითვას, რამაც ჩვენი აზრით, კონტრაქტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივა  40%-ის ფარგლებში აღებულ ავანსებზე ანგარიშსწორების პირობები (იხ. მერის ბრძანებისა და მთავრობის დადგენილების ასლი). შესაბამისად, დედაქალაქის ახალი ხელმძღვანელობის მიერ, არავითარ უპრეცედენტოდ დიდ ავანსებზე არ გაცემულა მითითება და არ ასახულა შესაბამის ბრძანებაში. ასევე, 100%-მდე ავანსის გაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებდა ქ. თბილისის მთავრობის 2011 წლის 14 იანვრის N01.11.11 დადგენილებაც.
კანონით ავანსის გაცემის შესაძლებობა არ იზღუდება. ამასთან, ავანსი გაიცემა მხოლოდ უპირობო გამოუთხოვადი  გარანტიის საფუძველზე, რაც გულისხმობს, კონტრაქტორის მხრიდან ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში,  გარანტიის მოქმედების პერიოდში, დამკვეთს (თბილისის მერიას) შეუძლია ნებისმიერ მომენტში გამოითხოვოს წარმოდგენილი გარანტიის შესაბამისი თანხა ან მისი ნაწილი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიების მიერ, ყოველი სატენდერო განაცხადის განხილვა ხდება ინდივიდუალურად და რიგი განსახორციელებელი პროექტების შეზღუდულ ვადებში შესრულების მიზნით, სატენდო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია ავანსის გაცემის შესაძლებლობა, მათ შორის სავალდებულო ავანსის გაცემის მოთხოვნაც სამუშაოთა სპეციფიკის გათვალისწინებით. რაც შეეხება სამუშაოთა სპეციფიკას, მასში იგულისხმება: პროექტის შესრულების შეზღუდული ვადები, სამუშაოთა წარმოების გეგმა გრაფიკის დასკვნითი ეტაპებისთვის სამშენებლო სპეც. მასალების და კონსტრუქციების მობილიზების უზრუნველყოფა (მაგ:ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობა, საავტომობილო გზების კაპიტალური მშენებლობა და სხვა), მომწოდებელთა მხრიდან მათი იმპორტირების უზრუნველყოფის ფინანსურად ინიცირება (ავანსის გადახდა) და სხვა.  ამასთან, საქართველოს სამშენებლო სექტორში, არც თუ ისე ბევრი კომპანიაა, რომელიც ლიკვიდურობის და ფინანსური უზრუნველყოფის დონით შეძლებს დიდი მოცულობის ინფრასტრუქტურული პროექტების საკუთარი რესურსით სრულად განხორციელებას. ამიტომ, აღნიშნული სექტორის წახალისების, მათი მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პერსონალის მოზიდვისა და ფინანსური სტიმულირების მიზნით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ სექტორის ირიბი ფინანსური მხარდაჭერა, შესაბამისი საბიუჯეტო სახსრების ფინანსური უსაფრთხოების ბერკეტის - გამოუთხოვადი უპირობო საავანსო გარანტიის  გამოყენებით. კონტრაქტორებთან მიმართებაში, უპირობო გამოუთხოვადი გარანტია არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ყველა შესაძლო რისკი, რომელიც დაკავშირებულია ავანსად გაცემული თანხების დაუბრუნებლობასთან.
რაც შეეხება ქ. თბილისის მერიის ბიუჯეტის ანგარიშზე სადეპოზიტო საპროცენტო განაკვეთის დარიცხვას და თითქოსდა ბიუჯეტისათვის ზარალის მიყენებას,  უცნაურია ჩვენი ოპონენტების ასეთი ზრუნვა ქ. თბილისის მერიის სადეპოზიტო ანგარიშების შემოსავლებზე, იმ დროს, როცა წინა მთავრობის პირობებში 16% სარგებელი ყოვლად დაუსაბუთებლად და ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე მნიშვნელოვანწილად იქნა შემცირებული. კერძოდ, 40 000 000 (ორმოცი მილიონი) ლარის დეპოზიტის ზემოთ, შემცირებული იქნა 4%-მდე. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება ქ. თბილისის საბიუჯეტო შემოსავლებთან მიმართებაში.
მუნიციპალური ბიუჯეტი არ არის არც საბანკო დაწესებულება და არც სხვა რომელიმე ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ორიენტირებულია  დეპოზიტის განთავსებიდან ან სესხის გაცემიდან მიღებულ სარგებელზე. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულება გადასახადის გადამხდელის უპირველესი მოთხოვნაა. ქალაქ თბილისის მერიის ახალი ხელმძღვანელობისთვის თბილისის მოქალაქეებისათვის კომუნალური, ინფრასტრუქტურული, სოციალურ - კულტურული პირობების შექმნა სასიცოცხლო აუცილებელი პრიორიტეტებია.
რაც შეეხება საავანსო უპირობო, გამოუთხოვადი გარანტიის მოთხოვნით პროექტის სატენდერო ღირებულების გაძვირებას, აღსანიშნავია რომ, აღნიშნული გარანტია არის საბიუჯეტო სახსრების ფინანსური უსაფრთხოების დაცვის ბერკეტი და მისი მოთხოვნა ცალმხრივად არ აძვირებს პროექტის სატენდერო ღირებულებას.
პროექტის ღირებულება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული პროექტის, განისაზღვრება დამპროექტებლის მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად და აღნიშნულთან დაკავშირებით უმეტეს შემთხვევაში იდება შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. რაც შეეხება განსახორციელებელი პროექტის ღირებულების გაზრდას, ცალსახად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ღირებულების ზრდას იწვევს გარემოს დაცვის უსაფრთხოების მოთხოვნები, შესასრულებელი სამუშაოს ექსპერტიზის მოთხოვნები, ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნები, ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის მოთხოვნები, რომელთაგან უმეტესობა არ იყო ასახული წინა თბილისის მთავრობის მიერ განსაზღვრულ სატენდერო პირობებსა და ხელშეკრულებებში, თუმცა, აღნიშნული მოთხოვნების ასახვა, სამუშაოთა ხარისხიანად შესრულებიდან და მათი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დღესდღეობით თბილისის მერიისათვის პრიორიტეტული საკითხია.
ანალოგიურად ვერ დავეთანხმებით ჩვენ ოპონენტებს, რომ საავანსო უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის მოთხოვნა თითქოსდა დაუშვებელი,  „მავნებლური“ მოთხოვნაა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ  ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო პირობებში ჩვენს მიერ (კეთილმოწყობის სამსახურის ინიციატივით)   დანერგილ იქნა ეტაპებად დაყოფილი სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკის მოთხოვნა. ყოველი ეტაპის ბოლოს, დამკვეთის მხრიდან  აუცილებელი ინსპექტირება-მონიტორინგის მოთხოვნით და შეუსრულებელ სამუშაოებზე საჯარიმო სანქციებით. შესაბამისად, კონტრაქტორის მხრიდან, მასზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვნად  შესრულების ან სამუშაოების გაჭიანურების შესაძლებლობა მინიმუმამდეა დაყვანილი.
ასევე, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ დანერგილ იქნა ყველა ინფრასტრუქტურულ ტენდერში ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია.   სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.  შესაბამისად, სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება 5%. დაკავებული 5%-დან 2,5%-ის გადახდა განხორციელდება სამუშაოს სრულად დასრულებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
გარდა ამისა, უმეტეს შემთხვევაში (სამუშაოების მოცულობიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე) მიმწოდებელმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საკუთარი ხარჯებით უნდა წარმოადგინოს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს მიერ გაცემული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა. შემსყიდველის მხრიდან შესრულებული სამუშაოები დასრულებულად ჩაითვლება მხოლოდ მიმწოდებლის მიერ სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდგომ.
ასევე, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტის ოდენობა 2%-იდან გაიზარდა  5%-მდე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი ოპონენტების უსუსური „არგუმენტები“ უპირობო გამოუთხოვადი გარანტიების საფუძველზე გაცემული ავანსების თაობაზე კატეგორიულად მიუღებელია.
მაგალითად: იმ ფონზე როცა თბილისის წინა მთავრობის მიერ, მიზანმიმართულად ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მიზანმიმართული გადადინება ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდში“, საიდანაც ყოველგვარი გარანტიის გარეშე ავანსადაა გაცემული ათეულობით მილიონი ლარი(100 მილიონ ლარზე მეტი) და არსებული ავანსების  შესაბამისი 41 კონტრაქტიდან მხოლოდ ერთზეა წარმოდგენილი საავანსო გარანტია. რაზეც  „თბილისის განვითარების ფონდის“ ამჟამად არსებული ხელმძღვანელობა მნიშვნელოვან ძალისხმევას იჩენს ამ დებიტორული დავალიანების ამოსაღებად. ნიშანდობლივია ისიც, რომ დღევანდელი ზოგიერთი ჩვენი ოპონენტი ამ დროს ა(ა)იპ. „თბილისის განვითარების ფონდის“ სამეთვალყურეო საბჭოში იყო წარმოდგენილი.
ასევე, აღსანიშნავია ქ. თბილისში ათონელის ქუჩაზე არსებული რეზიდენციის მშენებლობისათვის  საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიერ შ.პ.ს. „არტესზე“ გაცემული 16 მილიონ 400 ათას ლარიანი ავანსი, სადაც ასევე არანაირი საავანსო გარანტია არ ყოფილა წარმოდგენილი და აღნიშნულ კომპანიას დღესაც მნიშვნელოვანი დავალიანება გააჩნია სახელმწიფოს მიმართ. გარდა ზემოაღნიშნულისა, შესაძლებელია სხვა მრავალი ანალოგიური მაგალითის მოყვანა.
ამასთან, ჩვენს ოპონენტებს და არა მარტო მათ, გვინდა ვაცნობოთ, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მზადაა ყოველთვის მიიღოს და გაითვალისწინოს კონსტრუქციული რჩევები და შენიშვნები, რომელიც შეეხება მერიის საქმიანობის გაუმჯობესებასა და ეფექტურობის გაზრდას.

სიახლე
21 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის და ხანდაზმულთათვის მიწისქვეშა გადასასვლელებში ლიფტები დამონტაჟდება. პირველ ეტაპზე ლიფტები დამონტაჟდება ორ მიწისქვეშა გადასასვლელში, რისთვისაც 150 000 ლარია გამოყოფილი.
ლიფტის მშენებლობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში. დარჩენილია მხოლოდ  ელექტროგაყვანილობის სამუშაოები, რის შემდეგაც, ლიფტი ექსპლოატაციაში შევა.
მეორე ლიფტის დამონტაჟება იგეგმება ვაკის პარკის მიმდებარედ, თამარაშვილის ქუჩის მხრიდან არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში, სადაც ერთ მხარეს უკვე დასრულდა მშენებლობის წინა მოსამზადებელი სამუშაოები და  ლიფტის მონტაჟი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

 

 

სიახლე
21 ოქტომბერი 2014  
 
 

არქიტექტორებთან სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების, კომუნიკაციის გაძლიერების, პროფესიული  იდეებისა და ქალაქის განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინიციატივით,  თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე არქიტექტორებს შეხვდნენ.
თბილისის მერის მოადგილის ნინა ხატისკაცის თქმით,  შეხვედრის მიზანი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურსა და არქიტექტორებს შორის თანამშრომლობის ფორმების გამონახვა იყო.
„ჩვენ მზად ვართ შეიქმნას ურთიერთობისათვის ღია სივრცე, იყოს მაღალი ჩართულობა მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებში, რადგან მნიშვნელოვანი და საინტერესოა მათი ხედვები ქალაქში განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინა ხატისკაცმა.
თავის მხრივ, არქიტექტორები მიესალმებიან თბილისის მერიის ინიციატივას და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კომუნიკაციის გაღრმავება დედაქალაქის მთავრობასთან. მათივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე არქიტექტურული კონკურსების გამოცხადება, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებს ყველა დაინტერესებული პირი. არქიტექტორები იმედოვნებენ, რომ კომპეტენტური ჟიური  ობიექტურად შეაფასებს კონკურსანტებს.

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

„მოხარული ვართ, რომ საქართველო ინვესტორებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი ხდება, ამას თითოეული თქვენთაგანის აქტიურობა მოწმობს“ - ასე მიმართა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმის მონაწილეებს დღეს, „ქორთიარდ მარიოტში“.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია გვერდში დაუდგება დედაქალაქში ინვესტიციის განხორციელების მსურველ თითოეულ ინვესტორს და მათთან ერთად მიიღებს პროექტების განხორციელებაში მონაწილეობას. მისივე თქმით, ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები - ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება, ინვესტორებისთვის მიმზიდველი მარტივი და დაბალი საგადასახადო განაკვეთი.
თბილისის მერმა დედაქალაქის, როგორც მომავალში რეგიონის ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რასაც, მისი თქმით, თავისი ისტორიული და გეოპოლიტიკური საფუძვლები აქვს. მისივე თქმით, მომავალი წლის დასაწყისში საქართველოს დელეგაცია ბიზნეს-ფორუმზე უკვე ისრაელს ეწვევა, სადაც ქართველი მეწარმეების მონაწილეობით გაიმართება შეხვედრები  პოტენციურ პარტნიორებთან, რაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავებს ქართული და ებრაული ბიზნესწრეების ურთიერთობას.
თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე მომავალ წელს, თბილისში დაგეგმილ ღონისძიებებზე. დავით ნარმანიას თქმით, 2015 წელს თბილისში რამდენიმე ბიზნეს-ფორუმი ჩატარდება, გარდა ამისა, დედაქალაქი უმასპინძლებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ კონფერენციას, მაისში თბილისში გაიმართება ევროპის სუპერ-თასი, რისთვისაც მიმდინარეობს დინამოს სტადიონის მოდერნიზება. ზაფხულში თბილისში გაიმართება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა - 2015 და  „რა, სად, როდის“ მსოფლიო ჩემპიონატი. „ეს არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომელსაც ჩვენი ქალაქი უმასპინძლებს, რაც კიდევ უფრო მეტად განავითარებს ჩვენს დედაქალაქს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში გამართული ბიზნეს ფორუმის ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და BDO, ხოლო პარტნიორები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის სავაჭრო პალატა, ასევე სხვა ბიზნეს ორგანიზაციები ორივე მხრიდან.

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
21 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათავო ოფისის წარმომადგენლებს ლინ ო გრედის და კატარინა ბიორლინ ჰანსენს, ასევე EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  დედაქალაქის საჭიროებების იდენტიფიცირების მიზნით, დაიწყება სამუშაოები ავტოტრანსპორტის მოძრაობის და საცობების მართვის, ასევე მყარი ნარჩენების და გარე განათების მიმართულებით. ამ  საკითხებთან დაკავშირებით EBRD-თან მუშაობის დასაწყებად, უახლოეს პერიოდში, თანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდება, რის შემდეგაც, ბანკი თავის  კონსულტანტს მოავლენს.
დავით ნარმანიას თქმით, ავტოტრანსპორტის ნაკადებისა და საცობების მართვასთან დაკავშირებით ჩატარდება კვლევა, რის შედეგადაც გამოვლინდება ფაქტობრივი მასალებით დადასტურებული ყველა ძირითადი პრობლემა. გარდა ამისა, კვლევის საფუძველზე დადგინდება, რამდენად ოპტიმალურად არის მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა განაწილებული. მისივე თქმით, ჩატარდება ასევე მეტროპოლიტენსა და მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მდგომარეობის კვლევა, რის შემდეგაც, ბანკი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს და გამოყოფს დაფინანსებას.
რაც შეეხება მყარი ნარჩენების მართვის სფეროს, დავით ნარმანიას თქმით, შეფასდება ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა, რის შემდეგაც, დაინტერესებული ინვესტორი კომპანიებისთვის წინადადებები მომზადდება. გარდა ამისა, შეფასდება მოძველებული გარე განათების სისტემა, რომელიც სამომავლოდ თანამედროვე განათებით და სადენებით შეიცვლება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
16 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთის ოფისების დირექტორს ზაქიდ ჰაქის და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ ლელა ბაქრაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის მერიასა და გაეროს მოსახლეობის ფონდს შორის არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო პერსპექტივებს, საქართველოში ოჯახური ძალადობის ფაქტებს და პრევენციის მექანიზმებს, ასევე, საშვილოსნოს ყელისა და ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამის მიმდინარეობას და პროგრამის შემდგომი გაფართოების შესაძლებლობებს.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია გაეროს მოსახლეობის ფონდთან წლებია, ნაყოფიერად თანამშრომლობს, განსაკუთრებით მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით. მისივე თქმით, ფონდის დახმარებით დამყარდა და გაძლიერდა პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნების წამყვან ტექნიკურ ინსტიტუტებთან, რამაც ქართველ სპეციალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და სკრინინგის ხარისხიანი სერვისების მიწოდების შესაძლებლობა მისცა.
„გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც 15 წელია, საქართველოში საქმიანობს, დიდ დახმარებას გვიწევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევისა თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ორგანიზაცია ხელს უწყობს მოქალაქეებს, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრებით და რაც მთავარია, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში.,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
20 ოქტომბერს დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოსთან თანამშრომლობის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო. 

 

 

 

სიახლე
21 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 557 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 352 მოქალაქეს, მერიაში კი 205 თბილისელს მოუსმინეს.  მოქალაქეთა მიღება არ გაუმართავს თბილისის მერს დავით ნარმანიას. ის ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თბილისის მერი მოქალაქეებს მომდევნო ორშაბათს შეხვდება.
სულ, 11 აგვისტოდან  13 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 099 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
13 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოსთან თანამშრომლობის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო. „გაეროს მოსახლეობის ფონდი, რომელიც 15 წელია, საქართველოში საქმიანობს, დიდ დახმარებას გვიწევს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობის, სიღარიბის დაძლევისა თუ მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ორგანიზაცია ხელს უწყობს მოქალაქეებს, იცხოვრონ ჯანმრთელი ცხოვრებით და რაც მთავარია, თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. თბილისის მერია გაეროს მოსახლეობის ფონდთან წლებია, ნაყოფიერად თანამშრომლობს, განსაკუთრებით  მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების კუთხით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ მისასალმებელ სიტყვაში.
დავით ნარმანიას თქმით, ფონდის დახმარებით დამყარდა და გაძლიერდა პარტნიორობა ევროკავშირის ქვეყნების წამყვან ტექნიკურ ინსტიტუტებთან, რამაც ქართველ პროფესიონალებს მისცა შესაძლებლობა, აემაღლებინათ ცოდნა და უნარები სკრინინგის ხარისხიანი სერვისების მისაწოდებლად.
თბილისის მერმა გაეროს მოსახლეობის ფონდსა და დედაქალაქის მერიას შორის სამომავლოდ ნაყოფიერი და წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
საიუბილეო მიღებას ესწრებოდნენ ზაქიდ ჰაქი - UNFPA-ს წარმომადგენელი  თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთის ოფისების დირექტორი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ნილს სკოტი, UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

 

 

 

 

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

მთაწმინდის მიმდებარე დასახლებების თბილისთან დამაკავშირებელი ახალი გზა შინდისიდან კრწანისის მიმართულებით აშენდება. ამ სოფლების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ, წყნეთიდან, კიკეთიდან, კოჯრიდან, შინდისიდან, წავკისიდან, ტაბახმელიდან და სხვა დასახლებებიდან თბილისისკენ მომავალმა სატრანსპორტო ნაკადმა მაქსიმალურად დატვირთა სოლოლაკის ისედაც ვიწრო და გადამჭიდროვებული ქუჩები. სატრანსპორტო მოძრაობის ნაკადების გაზრდის გამო, სოლოლაკის ქუჩები ზენორმატიულ გადატვირთვებს განიცდის, რაც საფრთხეს უქმნის ისტორიულ განაშენიანებას. ამასთან, პრობლემები შეექმნა მოქალაქეთა კომფორტულ და დროულ გადაადგილებასაც.
მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულების გაჩენა, რომელიც დღეს არსებულ პრობლემებს დღის წესრიგიდან მოხსნის. შესაბამისად, გადაწყდა, რომ შინდისიდან კრწანისის მიმართულებით მოეწყოს ახალი გზა, რაც მოქალაქეთა კომფორტული გადაადგილების შესაძლებლობას შექმნის.
არჩეული მიმართულება - შინდისი-კრწანისი - წარმოადგენს გრუნტის არსებულ გზას, რომლის გაფართოვება-კეთილმოწყობით მოხდება ქალაქის სატრანსპორტო მოძრაობის გადანაწილება. გზა შინდისიდან დაიწყება, გაივლის კრწანისს და შეუერთდება დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს.
ამ ეტაპზე თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის საქალაქო სამსახურებმა საპროექტო მოსამზადებელ დოკუმენტაციაზე მუშაობა, პრაქტიკულად, დაასრულეს. წინადადება წარედგინება თბილისის საკრებულოს, რის შემდეგაც გზის პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდება. აღნიშნული გზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყება.

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს, მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 513 თბილისელი შეხვდა.
აქედან, რაიონის გამგებლებმა 317 მოქალაქეს, მერიაში კი 196 თბილისელს მოუსმინეს. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 10 მოქალაქე მიიღო. სულ, 11 აგვისტოდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  6 612 ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 275 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ.

 

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

 დღეს თბილისის მერიასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა გამართეს შოუ, რომელშიც საკრებულოს წევრი ირაკლი აბესაძეც მონაწილეობდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ საკრებულოს წევრმა ნაციონალური მოძრაობიდან აირჩია სრულიად გაუმართლებელი, პოპულისტური და არასაქმიანი მიდგომა თბილისის მთავრობის სხდომაზე მოსახვედრად. მთავრობის სხდომაზე საკითხების დაყენებას თავისი წესები და პროცედურები აქვს, რაც მას არ გაუვლია.
მიუხედავად ამისა, თბილისის მერი აპირებდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვის შემდეგ მიეცა მისთვის შესაძლებლობა, თბილისის მთავრობის წევრებს შეხვედროდა და ესაუბრა იმ საკითხზე, რისთვისაც მერიაში იყო მოსული.
სამწუხაროდ, ბატონი აბესაძე მერიის შენობასთან სხდომის დაწყების წინ 15 წუთით მოვიდა და უკანვე გაბრუნდა. მისი ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას რეალურად არა საკითხის დაყენება თუ მისი გადაწყვეტა აინტერესებს, არამედ დგამს შოუს, არ აინტერესებს იმ ე.წ. უკანონოდ გათავისუფლებულთა ბედი და მათით მანიპულირებს.
რაც შეეხება ატესტაციის გადავადებას იმ მიზეზით, რომ გათავისუფლებულთა ძალიან მცირე ნაწილმა სასამართლოს მიმართა და მერია მის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს, ნამდვილად ვერ გავიზიარებთ. ატესტაციის ჩატარების ვადებს გვიდგენს კანონმდებლობა და ჩვენ კანონს ვერ და არ დავარღვევთ. ამასთან, როგორც ჩანს, აბესაძემ არ იცის, რომ იმ ადამიანთაგან, ვისაც სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი, თუ სასამართლო რომელიმე მათგანზე მიიღებს სამსახურში აღდგენის გადაწყვეტილებას, ჩვენ ამ შემთხვევაშიც მოგვიწევს დავემორჩილოთ კანონს.
რაც შეეხება უსაფუძვლო ბრალდებებს, რომ მერიიდან ან მისი სტრუქტურული ერთეულებიდან თანამშრომელთა გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ არის სიცრუე. იმ მოხელეთაგან, ვინც მერიაში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლამდე მუშაობდა,  95% ჩვეულებრივ აგრძელებს მუშაობას. ამიტომ გათავისუფლების ცალკეული შემთხვევები პოლიტიკურ დისკრიმინაციასთან არანაირ კავშირში არ არის. მათი ნაწილი პირადი განცხადების საფუძველზე, ნაწილი კი ადმინისტრაციული დარღვევების გამო გათავისუფლდა.

 

 

 

 

 

 

სიახლე
8 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით  ნარმანია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველო-ისრაელის ბიზნეს ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
„მოხარული ვართ, რომ საქართველო დღითი დღე უფრო მიმზიდველი და საინტერესო ხდება უცხოელი, განსაკუთრებით კი ებრაელი ინვესტორებისთვის. ვაცობიერთ რა უცხოური ინვესტიციების დიდ როლს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობა გთავაზობთ კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცულობის მაღალ ხარისხს. აქვე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას  ხელი შევუწყოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს საინვესტიციო ინტერესების ფორმირებისა და მათი განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენს მიერ საქართველოსა და თბილისის მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისთვის და მსურს, კიდევ ერთხელ დავარწმუნო თითოეული თქვენგანი, რომ თბილისი მზადაა ყველა თქვენი ინიციატივის განხილვისა და აქტიური მხარდაჭერისათვის“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, პოტენციურ და არსებულ ინვესტორებთან გამარტივებული და ეფექტიანი ურთიერთთანამშრომლობის მისაღწევად, თბილისის მთავრობის პრიორიტეტებია: ურბანული განვითარების გეგმის შემუშავება, რომელიც საშუალებას მისცემს როგორც საერთაშორისო ინვესტორებს, ისე ადგილობრივ ბიზნესს, სწორად შეაფასოს საინვესტიციო პოტენციალი; საჯარო-კერძო პარტნიორობის სქემების დანერგვა ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციური პროექტების სწრაფად განსახორციელებლად; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ინსტიტუტებისა და მექანიზმების გაძლიერება; მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მატარებელი პროექტების დამუშავება და პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზება; მერიის სტრუქტურაში ინვესტიციების ხელშეწყობის ჯგუფის, ფუნქციონირება, რომელიც  საინვესტიციო ინტერესის წარმოშობის პირველი ეტაპიდანვე უზრუნველყოფს ინვესტორის წინაშე წამოჭრილი ყველა აქტუალური თუ პრობლემატური საკითხის განხილვას და მათ მინიმალურ დროში  გადაწყვეტას.
„ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისი გახდეს რეგიონის ბიზნესის, კულტურისა და ტურიზმის ცენტრი. თბილისის გლობალური კონკურენტუნარიანობის სტატუსის ადეკვატური ანალიზისა და თანმდევი პოლიტიკის განსახორციელებლად, ვიწყებთ მჭიდრო თანამშრომლობას მსოფლიოში ცნობილ სარეიტინგო და კვლევით კომპანიებთან. მივესალმებით საერთაშორისო ინვესტორების ინტერესს ქალაქისათვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორებიცაა: განათლება, ტურიზმი, უძრავი ქონება, მყარი ნარჩენების მართვა, საექსპორტო პოტენციალის მატარებელი საწარმოების განვითარება, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ქართველთა და ებრაელთა 26-საუკუნოვანი მეგობრობის იუბილეს ფარგლებში მიმდინარე ორდღიანი ბიზნეს ფორუმის მიზანია ისრაელისა და საერთაშორისო კომპანიებისთვის საქართველოს ბიზნეს გარემოსა და საინვესტიციო კლიმატის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებული ტენდენციის შენარჩუნება და კიდევ უფრო გაძლიერება, პოტენციური ინვესტორებისთვის უკვე წარმატებით განხორციელებული მრავალმილიონიანი პროექტების გაცნობა და სხვა.
ფორუმს ესწრებიან ქნესეთის ვიცე-სპიკერი ხილიკ ბარი, 100-მდე ბიზნესმენი ისრაელიდან, აშშ-დან, რუსეთიდან და ევროპიდან, ისრაელის ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც 100 000-მდე ბიზნესს აერთიანებენ, მსოფლიო რუსულენოვან ებრაელ ბიზნესმენთა და ფილანტროპთა ორგანიზაცია - ILC.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა და BDO, ხოლო პარტნიორები: საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ისრაელის სავაჭრო პალატა, ასევე სხვა ბიზნეს ორგანიზაციები ორივე მხრიდან.

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ირანის ელჩს საქართველოში აბას თალები ფარის შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის კულტურულ და ეკონომიკურ ურთიერთობებს შეეხო. ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე  ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო გარღმავებით არის დაინტერესებული. საუბარი შეეხო თეირანისა და თბილისის მერიებსა და თბილისის საკრებულოსა და თეირანის ისლამურ საბჭოს შორის ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
ირანის ელჩის განცხადებით, ირანული მხარე დაინტერესებულია ასევე საქართველოში ინვესტიციის განხორციელებით. მისივე თქმით, ირანელი ბიზნესმენები განსაკუთრებულ ინტერესს გამოხატავენ თბილისში ამორტიზებული შენობების რეაბილიტაციის მიმართულებით. აბას თალები ფარიმ დავით ნარმანიას თბილისში ირანული კულტურის ცენტრის აშენების იდეა გააცნო, სადაც ქართველი ირანისტები დასაქმდებიან, რაშიც თბილისის მერმა ელჩს მხარდაჭერა აღუთქვა.
ირანელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თეირანის მერის მიწვევა გადასცა.
თბილისის მერმა ირანულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და განაცხადა, რომ მზად არის ვიზიტით ჩავიდეს თეირანში და შესაძლოა ეს ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად განხორციელდეს.

 

 

 

 

სიახლე
7 ოქტომბერი 2014  
 
 

ქალაქ თბილისის მერიის მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ოლიმპიური მზადების ცენტრმა მუშაობა განაახლა. სპორტული ცენტრი, რომლის რეკონსტრუქციაც მერიამ ოქტომბერში დაასრულა, ნებისმიერ მსურველს ყოველდღე მოემსახურება.
ბავშვების მიღება სასწავლო ჯგუფებში 4 წლის ასაკიდან მიმდინარეობს. ცენტრში ვარჯიში სამუშაო დღეებში 09:00-დან 22:00- საათამდეა შესაძლებელი. ჯგუფში მისაღებად ჯანმრთელობის ცნობა, დაბადების მოწმობის ასლი და მშობლის თანხმობაა საჭიროა.
შაბათ-კვირას კოსტავას 75ა-ში მდებარე სპორტული მოედანი 08:30-დან 20:00 საათამდე ფიგურული სრიალის ნებისმიერ მოყვარულს დაეთმობა.  

 

სიახლე
20 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის  მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, 593 თბილისელი შეხვდა. აქედან, რაიონის გამგებლებმა 368 მოქალაქეს, მერიაში კი 225 თბილისელს მოუსმინეს.  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პირადად 25 მოქალაქე მიიღო.
სულ, 11 აგვისტოდან  6 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის მერმა, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა  5 542  ადამიანი მიიღეს. აქედან, დედაქალაქის მერი 265 მოქალაქეს შეხვდა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

 

 

 

 

სიახლე
6 ოქტომბერი 2014  
 
 

პოლონეთის ქალაქ ლუბლინსა და თბილისს შორის პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და ლუბლინის მერმა ქშიშტოფ ჟუკმა მოაწერეს.
შეთანხმების  თანახმად, ლუბლინი და თბილისი ხელს შეუწყობენ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტების ფარგლებში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამის და ინიციატივების განხორციელებას, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა  ევროინტეგრაციის პროცესში. ორივე ქალაქში ტურიზმის განვითარების მიზნით, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას ქალაქის მართვის, მარკეტინგისა და ბრენდირების საკითხებში, გარდა ამისა, მხარეები ხელს შეუწყობენ ადგილობრივ მწარმოებლებს დაამყარონ კავშირები ორივე ქალაქში  საინვესტიციო პოტენციალის  გაზრდის მიზნით.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის ხელმოწერილი შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინვესტიციების მოზიდვა, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, ერთობლივი სასწავლო პროგრამების განხორციელება, უმაღლესი სასწავლებლების დაახლოება და სხვა. დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხები ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანი იქნება.
შეთანხმების ხელმოწერამდე თბილისისა და ლუბლინის მერებს შორის შეხვედრა გაიმართა. ქშიშტოფ ჟუკის თქმით, ლუბლინსა და თბილისს შორის თანამშრომლობის ბევრი მაგალითი არსებობს. მათ შორისაა თანამშრომლობა „ევროსითის“ პროგრამების ფარგლებში.
"ჩვენ ახალ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს ვეძებთ ევროკავშირთან ურთიერთობებში. ერთ-ერთი მათგანია პროგრამა „კრეატიული ევროპა“, რომელიც ხელს უწყობს კულტურასა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, ხოლო მეორე პროგრამა „ჰორიზონ 2020“, აკადემური სფეროს განვითარებასა და ბიზნეს უწყობს ხელს. ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაა. ამიტომ, ვაწარმოებთ მერთან მოლაპარაკებებს ბიზნესის სექტორში და ვიმედოვნებთ, რომ ერთად საფუძველს ჩავუყრით ბიზნესის განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას. ჩვენ გაგიზიარებთ გამოცდილებას, რათა პროექტების განსახორციელებლად ევროკავშირისგან დაფინანსება მოიპოვოთ. გვჯერა, რომ ერთობლივი ძალებით შევძლებთ ევროკავშირის ბიუჯეტის გამოყენებას", - განაცხადა ლუბლინის მერმა.

 

 

სიახლე
19 ოქტომბერი 2014  
 
 

22 ოქტომბერს თბილისს დაძმობილებული ქალაქ ბრისტოლის ლორდ მერი ალისტაირ ვატსონი დელეგაციასთან ერთად  ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან ტრანსპორტის, ტურიზმის, გარემოს დაცვის და სხვა სფეროების, ასევე ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.
თბილისში   დაგეგმილი ვიზიტის დეტალებზე დღეს  თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრა მერი ჰოლ ჰოლმა ისაუბრეს.
დიდი ბრიტანეთის ელჩის თქმით,  თბილისის მერთან შეხვედრაზე  მხარეები განიხილავენ ეკონომიკისა და ბიზნეს სექტორში, ასევე  გარემოს დაცვისა და ნარჩენების მართვის საკითხებში თანამშრომლობის შესაძლებლობებს.  დაგეგმილია შეხვედრები თბილისის განვითარების ფონდის, ქალაქის არქიტექტურის, ტრანსპორტის და სხვა სამსახურების ხელმძღვანელებთან, ბიზნეს წრეებთან.
„აღსანიშნავია, რომ ქალაქი ბრისტოლი 2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად გამოცხადდა. შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა შორისაა ქალაქის დაგეგმარების, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხები. ქალაქ ბრისტოლის ამჟამინდელი მერი  პროფესიით არქიტექტორია და როგორც ჩემთვის ცნობილია, თბილისის მერი ქალაქის დაგეგმარების საკითხით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული“ - განაცხადა ელჩმა.  მისივე თქმით, ბრისტონის დელეგაციის ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა იმისა, რომ ბრიტანეთის საელჩო გამოეხმაუროს დიპლომატიურ კორპუსთან და დონორ ორგანიზაციებთან 2 ოქტომბერს გამართულ შეხვედრას.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბრისტოლის მერის  ვიზიტი ორ დაძმობილებულ ქალაქს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების დასტურია. „ბრისტოლის დელეგაცია ჩვენ გაგვაცნობს გამოცდილებას ქალაქდაგეგმარების, გამწვანების და რეკრეაციული ზონების განვითარების თვალსაზრისით, ასევე იქნება საუბარი შშმ პირებისთვის საჯარო სივრცეების ადაპტაციის საკითხებზე. გასულ წელს ბრისტოლმა ევროპის მწვანე ქალაქის სტატუსი მიიღო. ჩვენთვის საინტერესოა ამ კუთხით მათი  გამოცდილების გაზიარება როგორც თეორული, ისე  პრაქტიკული კუთხით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა  ბრისტოლის ლორდ მერი და დელეგაცია თბილისობის ღონისძიებებზე მიიწვია.
ბრისტოლი თბილისთან დაძმობილებული ქალაქია 1988 წლიდან.

 

 

სიახლე
3 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი