ცხელი ხაზი 272 22 22
00:32 21/11/2014
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, პლამენ ბონჩევს შეხვდა. ბულგარელმა დიპლომატმა დავით ნარმანიას თბილისისა და სოფიას  დაძმობილების შესახებ  ბულგარეთის დედაქალაქის მერის სურვილი გადასცა. ბულგარეთის ელჩის განცხადებით, თბილისთან თანამშრომლობის სურვილი აქვს ასევე ქალაქ ვარნას მერიას. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე თბილისსა და სოფიას შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდება.
დავით ნარმანიას თქმით, მნიშვნელოვანია ბულგარეთის გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაციისა და მუნიციპალური მენეჯმენტის მიმართულებით. მისივე თქმით, თბილისი ვარნასთან მუნიციპალური განვითარების მიმართულებით ითანამშრომლებს.
თბილისის მერის თქმით, საქართველოში ინვესტიციის მოზიდვის მიზნით, დაგეგმილია ბულგარეთში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ბულგარელი კოლეგების და ბიზნესწრეებისთვის  გაკეთდება საქართველოში დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პრეზენტაცია.

 

 

 

 

სიახლე
20 ნოემბერი 2014  
 
 

დღეს საკრებულოს უმცირესობის წევრებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, თითქოს 2015 წლიდან თბილისში რეგისტრირებული ოჯახების კომუნალური სუბსიდირების პროგრამის ბიუჯეტი მცირდება. რეალურად, 2015 წლიდან სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის არსებული შეღავათები გაორმაგდება და, 250 ლარის ნაცვლად, მათზე 500-ლარიანი სუბსიდია გაიცემა, ხოლო ყველა დანარჩენ ოჯახს 2015 წლის პირველი 3 თვის განმავლობაში, ჩვეულებრივ ჩაერიცხება 20 ლარი თვეში, როგორც ეს წინა წლებში ხორციელდებოდა.
სამწუხაროდ, დღეს არსებული პროგრამის ადმინისტრირების მექანიზმები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ოჯახებზე, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები სოციალურად დაუცველთა ბაზაში,  მიზნობრივად გაიცეს კომუნალური სუბსიდიის თანხა მათი საჭიროების შესაბამისად. პროგრამის ხარვეზის გამო, დახმარებას იღებენ როგორც შეჭირვებული, ისე სოლიდური შემოსავლის მქონე ოჯახები, რაც ცალსახად არასწორი მენეჯმენტის შედეგია.
პროგრამის სრულყოფის მიზნით, დახმარების მიზნობრიობის გაუმჯობესებისათვის, 2015 წელს შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მომდევნო წლის განმავლობაში შეიმუშავებს არა სოციალურად დაუცველი, მაგრამ კომუნალური სუბსიდიის საჭიროების მქონე ოჯახებისათვის დახმარების მიზნობრივად გაცემის მექანიზმებს და, მიღებული შედეგების შესაბამისად, 2015 წლის ნოემბერსა და დეკემბერში განხორციელდება ასეთი საჭიროების მქონე ოჯახების დამატებითი სუბსიდირება.
რაც შეეხება საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის უფასო მგზავრობის საკითხს, ის საჭიროებს თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე იქნება მიღებული.
მივმართავთ საკრებულოს უმცირესობის წევრებს, ნუ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას და შეგნებულად ნუ შეიყვანენ შეცდომაში თბილისის მოსახლეობას.

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასკვნით ფაზაშია. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ავთანდილ სუდაძესთან და  ვაკის რაიონის გამგებელთან, გივი ჭიჭინაძესთან ერთად დაათვალიერა.
დავით ნარმანიას თქმით, დიდი ხანია უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე არაფერი გაკეთებულა. „ჩვენ წელს დავიწყეთ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, უკვე გაკეთდა მაღლივ კორპუსთან მისასვლელი გზა და პარკირების ადგილი, კეთდება მოედანი. პროექტი ჯამში 180 ათას ლარზე მეტით დაფინანსდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.  მისივე თქმით,  ტენდერში გამარჯვებული  კომპანია სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაასრულებს და ობიექტი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში ჩაბარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, კაპიტალურად შეკეთდა მაღლივ კორპუსამდე მისასვლელი 1000 კვადრატულ მეტრამდე გზა, კეთდება ტროტუარები და ბორდიურები.   გარდა ამისა, ასფალტო-ბეტონის საფარით კეთილმოეწყო იქვე მდებარე ავტოსადგომი. დასასრულს უახლოვდება  კორპუსის ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. ფეხით მოსიარულეთათვის  განკუთვნილ ტერიტორიაზე  გაკეთდება გამწვანების ზოლი.
თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ 5 000 კვადრატულ მეტრამდე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დაიწყო და მას შპს „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ აწარმოებს.

 

 

სიახლე
20 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში შვედეთის ელჩს, მარტინა ქვიქს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალური პროექტების ევროპული სტანდარტებით მომზადებაში შვედური მხარის თანამონაწილეობის შესახებ. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით შვედეთი თბილისის მერიას აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს.
დავით ნარმანიას განცხადებით, შვედეთის საელჩო აქტიურად მუშაობს საქართველოში რამდენიმე მიმართულებით. მისივე თქმით, ქართული მხარისთვის განსაკუთრებით საინტერესოა შვედეთის გამოცდილების გაზიარება ნარჩენების მართვის სფეროში.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

სოფელ დიღმისა და დიდგორის დამაკავშირებელი გზა, რომელსაც კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში შევა. აღნიშნული გზა წლების განმავლობაში მძიმე მდგომარეობაში იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 4 კილომეტრამდე გზა სრულად მოწესრიგდა. მოეწყო წყლის გამტარი სანიაღვრე სისტემა, რაც ახლადდაგებული გზის დაზიანებას მთლიანად გამორიცხავს. მოიხსნა გრუნტი და მოეწყო საფუძვლის ქვედა და ზედა ფენები, რის შემდეგაც დაიგო ასფალტო-ბეტონის ორი ფენა.
„ჩვენ დავპირდით მოსახლეობას და ახალი, კაპიტალური გზა გავაკეთეთ. სამუშაოები, რომელზეც 1,5 მილიონ ლარამდე დაიხარჯა, დღეს სრულდება და დათვალიერების შემდეგ კონტრაქტორი კომპანიისგან ჩავიბარებთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობას სხვა პრობლემებიც აწუხებს და ბიუჯეტის ფორმირებისას მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.
გარდა ამისა, როგორც თბილისის მერმა განაცხადა, სოფელ დიღომში იცვლება წყლის მილები, რის შემდეგაც მოწესრიგდება შიდა გზების ძირითადი ნაწილი. დაგეგმილია, ასევე, გარე-განათების და სხვა სამუშაოები. „ჩვენ რაიონულ გამგეობებს მომდევნო წლის დაფინანსება დაახლოებით 30 მილიონი ლარით გავუზარდეთ, რაც შიდა გზების, მოედნების კეთილმოწყობას, ავარიული სახლების გამაგრებას და სხვა სამუშაოებს მოხმარდება,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „თბილისი“ აწარმოებდა. ჯამში სამუშაოებზე 1 449 000, 00 ლარი დაიხარჯა.

 

 

 

სიახლე
19 ნოემბერი 2014  
 
 

მუნიციპალიტეტებში მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის 10 ნოემბრის განცხადებაში დიდუბის რაიონის შესახებ მოყვანილი ფაქტები არის სრული სიცრუე. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს გამგეობაში კვლევა არასოდეს ჩაუტარებიათ. გარდა ამისა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს დიდუბის რაიონის გამგეობაში ყოველდღიურად ცხადდებოდნენ უცხო პირები, რომლებიც თანამშრომელთა მოვალეობებს ასრულებდნენ.
სასურველია, სახალხო დამცველის აპარატმა წარმოადგინოს სახელები, გვარები და მეტი დეტალები იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობის შესახებ, როგორც თვითონ ამბობს, კვლევის შედეგად შეიტყვეს. რაც შეეხება პირს, რომელიც, თურმე, ყოველგვარი სტატუსის გარეშე ცხადდებოდა გამგეობაში და სოციალურ განყოფილებაში გამგებლის სხვა და სხვა დავალებებს ასრულებდა, ვფიქრობთ, რომ აქ იგულისხმება ბატონი ზურაბ უგულავა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველი არ საუბრობს იმაზე, რომ ზურაბ უგულავამ 2014 წლის 2 სექტემბერს, ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო მუშაობა დიდუბის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურის განყოფილებაში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახალხო დამცველის აპარატს დიდუბის გამგეობიდან ინფორმაცია არ გაუთხოვია.
აქვე, განვმარტავთ, რომ ზურაბ უგულავას არასოდეს არანაირი შეხება არ ჰქონია სოციალურ განყოფილებასთან. 17 სექტემბერს გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა თეა დარახველიძე, რომლის საკურატორო სფეროა სოციალური განყოფილება, ხოლო ზურაბ უგულავა 2014 წლის 3 ნოემბერს დაინიშნა გამგებლის მოადგილედ და მის საკურატორო სფეროს ინფრასტქუტურის განყოფილება წარმოადგენს.  

 

სიახლე
12 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიის ინიციატივით, გამწვანების საშემოდგომო სეზონზე, თბილისში არსებულ ბაგა-ბაღებში 4 ათასამდე კედრის ნერგი დაირგვება. საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანება ეტაპობრივად, რაიონების მიხედვით, 28 დეკემბრამდე გაგრძელდება. ეზოების გასამწვანებლად დედაქალაქში არსებულ 159 ბაგა-ბაღს ნერგები უკვე გადაეცა.
გამწვანების აქცია დღეს 170-ე, 172-ე და მე-3 ბაგა-ბაღებში დაიწყო. აქციაში მონაწილეობა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან და პედაგოგებთან ერთად, თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა მიიღეს.
„გამწვანების აქცია მომავალთან და ჯანსაღ გარემოსთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, საბავშვო ბაღების ეზოებში, ყველგან, სადაც არის ცარიელი სივრცე, დაგვერგო ხეები. თბილისის ბაღებში უახლოეს დღეეებში 4 ათასზე მეტი ხე დაირგვება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატარები უყურებენ ამ ყველაფერს და სწავლობენ ჩვენგან, დიდებისგან, თუ როგორ უნდა დარგონ ხეები, როგორ უნდა მოუარონ მათ, რათა მომავალში თვითონაც იზრუნონ ჩვენი დედაქალაქის გამწვანებასა და განვითარებაზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.
დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობას გამწვანების საქალაქო სამსახურის კონტრაქტორი კომპანიები უზრუნველყოფენ. ისინი, ასევე, ვალდებული არიან, ხმობის შემთხვევაში, ნარგავები შესაბამის სეზონზე ახალი ნერგებით ჩაანაცვლონ.
დედაქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროგრამა, რომელიც თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და რეკრეაციული ზონის გაზრდას ისახავს მიზნად,  თბილისის მერის, დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამწვანების აქციები ეტაპობრივად ჩატარდება.
გამწვანების საშემოდგომო სეზონზე 1500 ნერგი უკვე დაირგო. ჯამში, მიმდინარე წელს თბილისსა და მის შემოგარენში 20 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

 

 

 

სიახლე
19 ნოემბერი 2014  
 
 

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე გადაუდებელი, ტექნიკური სამუშაოების გამო, რომელსაც კომპანია "სილქნეტი" ახორციელებს, 7 ნოემბერს საღამოს 19:00 საათიდან - 02:00 საათამდე  მომხმარებლები ვერ შეძლებენ თბილისის მერიის ვებ-გვერდით სარგებლობას, რადგან ელექტრონულ მომსახურეობაზე წვდომა დროებით იქნება შეფერხებული. 

სიახლე
6 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის ,,დინამოს’’ საბჭოთა კავშირის ჩემპიონობიდან 50 წელი გავიდა. ,,ოქროს ბიჭებად’’ წოდებულ ვეტერან ფეხბურთელებს დღეს დედაქალაქის საკრებულომ უმასპინძლა. ვეტერანი ფეხბურთელების  დაჯილდოება საკრებულოს ისტორიულ დარბაზში  გაიმართა.  დაჯილდოების ცერემონიალს თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, ვეტერანი ფეხბურთელები - ილია დათუნაშვილი, გიორგი სიჭინავა და ვლადიმერ ბარქაია, „დინამოს“ გარდაცვლილი ფეხბურთელების ოჯახის წევრები და შთამომავლები ესწრებოდნენ.
„ნახევარი საუკუნე  გავიდა ბრწყინვალე გამარჯვებიდან, რომელიც თბილისის „დინამომ“, ფაქტიურად, საქართველოს იმდროინდელმა ნაკრებმა, ტაშკენტში, მოსკოვის «ტორპედოსთან» დაუვიწყარ მატჩში მოიპოვა და პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი! ჩვენმა თაობამ მშობლებისგან იცის, რომ ქართველმა ხალხმა იმ გამარჯვებას «ქართული ფეხბურთის დიდგორი» უწოდა. ყველა გულშემატკივარს გვაქვს ნანახი ისტორიული კადრები: ილია დათუნაშვილის შეუდარებელი გოლი, მიშა მესხის გენიალური ფინტი, ეროსი მანჯგალაძისა და კოტე მახარაძის აღფრთოვანება. სამწუხაროდ, დაუვიწყარი მატჩის ბევრი მონაწილე უკვე აღარ არის ჩვენს გვერდით, ამიტომ ქედს ვიხრით მათი ხსოვნის  წინაშე. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით მივესალმო ბატონ ილია დათუნაშვილს, ვლადიმერ ბარქაიას და გიორგი სიჭინავას, ვუსურვო მათ ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე“ - განაცხადა თბილისის მერმა მისასალმებელ სიტყვაში.
დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ დაუვიწყარი მატჩის მონაწილეთა დამსახურება სათანადოდ დაფასდეს. დღესვე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ,,ოქროს ბიჭების’’, მემორიალური დაფა გაიხსნა. მემორიალური დაფა გაიხსნა ასევე ვეტერანი ფეხბურთელის სერგო კოტრიკაძის სახლის ფასადზე.
50 წლის წინ, 18 ნოემბერს, თბილისის "დინამომ" პირველად მოიგო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი. 1964 წელს თბილისის „დინამომ“ მოსკოვის "ტორპედო" 4:1 დაამარცხა, რამაც "დინამოს" ოქროს გუნდის, ფეხბურთელებს კი "ოქროს ბიჭების" სახელი მოუტანა.

 

 

 

 

სიახლე
18 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ისრაელის დელეგაციას შეხვდა. დელეგაციის შემადგენლობაში ისრაელის ქალაქ აშკელონის მერი, იტამარ შიმონი, ვიცე-მერი შაფთაი ცური, აპარატის უფროსი, ეიტალ კორსანტინი, აშკელონის მერიის ეკონომიკური სამსახურის დირექტორი, დევიდ ორენი,  საკრებულოს წევრი, ნურით ბენიამინი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ისრაელს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
აშკელონის მერმა დავით ნარმანია ქალაქ აშკელონში სტუმრად მიიწვია. თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია ისრაელის გამოცდილების გაზიარება  მუნიციპალური განვითარების, კერძოდ, ნარჩენების მართვის, ასევე საკომუნიკაციო სისტემის რეაბილიტაციის მიმართულებით.
დავით ნარმანიას თქმით, მომდევნო წლის დასაწყისში მისი ისრაელში ვიზიტი იგეგმება, სადაც ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, ისრაელის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს შეხვდება და საინვესტიციო პროექტებს განიხილავს.

 

 

 

სიახლე
5 ნოემბერი 2014  
 
 

გარკვეული მედია-საშუალებების მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერიამ ე.წ. „სამეფო ოჯახს“ მიწის ნაკვეთი გამოუყო, რომელზეც ბაგრატიონ-ბაგრატიონების სასახლე უნდა აშენდეს.
ჩვენდა გასაოცრად, ამგვარი ინტერპრეტაციები და, ზოგადად, ზედმეტი აჟიოტაჟი ანა ბაგრატიონის თბილისის მერთან შეხვედრას მოჰყვა. შეხვედრაზე, რომელიც თბილისის მერიაში გაიმართა, ანა ბაგრატიონმა და მისმა თანმხლებმა პირებმა წარმოადგინეს პროექტი ტაბახმელაში „აფხაზური ოდის“ აშენების შესახებ და ითხოვეს პრემიერ-მინისტრთან შუამდგომლობა ტაბახმელაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის არასამთავრობო ორგანიზაცია „დედათა კომიტეტისთვის“ გადაცემასთან დაკავშირებით.
მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ თბილისის მერიას არც „აფხაზური ოდის“ და არც სამეფო სასახლის ასაშენებლად არავისთვის - არც იურიდიული და არც კერძო პირისთვის არანაირი მიწის ნაკვეთი არ გამოუყვია. მივმართავთ მედია-საშუალებებს, ნუ გაავრცელებენ ცრუ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას და ყველა ინფორმაცია მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაამოწმონ.

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურისა და „თბილსერვისის“ ორგანიზებით, მარჯანიშვილის 16-ის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე 80-იან წლებში მეტროსადგურ “მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი უნდა განთავსებულიყო, თუმცა მშენებლობა შეჩერდა. მოსახლეობა გვირაბს წლების განმავლობაში სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენით ანაგვიანებს.
„თბილსერვისმა“ ტერიტორია მძიმე ტექნიკის დახმარებით დაასუფთავა და მოსახლეობას მოუწოდა, ნარჩენების დაყრისაგან თავი შეიკავოს.

 

 

 

 

 

სიახლე
3 ნოემბერი 2014  
 
 

სამგორის რაიონში მდებარე თბილისის მე-16 ბაგა-ბაღს ახალი ჯგუფები დაემატა.
ბაგა-ბაღის ეზოში, ამორტიზირებული საცურაო აუზის ადგილას, რომელიც უკვე 25  წელია, არ ფუნქციონირებს, ახალი შენობა აშენდა, რომელიც  დღეს  თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გახსნა. ნაგებობა 200 კვ.მ ფართობისაა და 120 ბავშვზეა გათვლილი.  სამი ახალი ჯგუფი  4-5 და 4-6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვისაა გათვალისწინებული. სწორედ ამ ასაკზე იყო ყველაზე მეტი მოთხოვნა მე-16 ბაგა-ბაღში. დამატებითი ჯგუფების გახსნის შედეგად, რეგისტრირებული ბავშვების 70%-ის დაკმაყოფილება მოხერხდა.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, ბაგა-ბაღებში დამატებითი ადგილების მოძიება მისი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რაზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. „დღეს მე-16 ბაგა-ბაღში რამდენიმე ახალი ჯგუფი გაიხსნა, რითაც გავახარეთ ის ოჯახები, რომელთა შვილებიც ადგილებს ელოდნენ.  ყველაფერი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, ძალიან ხარისხიანად გაკეთდა. გრძელდება მუშაობა სხვა ოჯახების განაცხადების დასაკმაყოფილებლად,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ახალ შენობაში სპეციალური საჭიროების ბავშვებისათვის მოეწყო რესურს-ოთახი, სადაც სპეციალური პედაგოგი თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად მოახდენს ინკლუზიური განათლების უზრუნველყოფას. მე-16 ბაგა-ბაღში ასეთი სულ 7 ბავშვია.
თითოეული ახალი  ჯგუფისთვის მოეწყო  ინდივიდუალური  სამზარეულო და სველი წერტილი. ახალი ჯგუფები სრულად აღიჭურვნენ თანამედროვე ინვენტარითა და სათამაშო კუთხეებით. მე-16 ბაგა-ბაღის ახალ ჯგუფებში 15 ადამიანი დასაქმდა. ახალი შენობის მშენებლობაზე სულ 125 000 ლარი დაიხარჯა.
2014 წლის სექტემბერში, ახალი სააღმზრდელო წლის დაწყების პარალელურად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დაიწყო მოქმედ  საბავშვო ბაღებში აუთვისებელი ფართების მოძიება და, დამატებითი ჯგუფების გახსნის მიზნით, სარემონტო სამუშაოების განხორციელება. 8 სექტემბრამდე, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაღებში დამატებით 39 ახალი ჯგუფის გახსნა გახდა შესაძლებელი. დამატებითი ჯგუფების გახსნის მიზნით, სააგენტო პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს, რათა ეტაპობრივად მოხდეს საბავშვო ბაგა-ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 ნოემბერი 2014  
 
 

დღეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია მერიის სოციალური საქალაქო სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის, ნაძალადევის რაიონის გამგეობის თანამშრომლის, ვასილ ბექაურისა და საბურთალოს რაიონის გამგეობის თანამშრომლის, კახა გავაშელის ნასამართლეობასთან დაკავშირებით.
სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული პარტია მიზანმიმართულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას. მათ მიერ ამჯერადაც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, არც ერთი ეს თანამშრომელი „არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება“.

 

 

 

 

სიახლე
30 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსთან, გიორგი არეშიძესთან ერთად, ქ. თბილისში, ზაზიაშვილის ქუჩაზე ტანვარჯიშის რეაბილიტირებული სპორტული ცენტრი გახსნა. ცენტრის რეაბილიტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა და ის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოეწყო.
აკრობატიკის  სპორტულ  ცენტრში  ბოლოს  სარემონტო  სამუშაოები  40  წლის  წინ ჩატარდა. ამორტიზებული იყო დარბაზი  და დამხმარე ინფრასტრუქტურა, ხოლო ვარჯიშის შესაძლებლობა, პრაქტიკულად, არ არსებობდა.
ცენტრის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2014 წლის ზაფხულის მიწურულს დაიწყო. რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად  გამოიცვალა  სახურავი, გარემონტდა  და  მოწესრიგდა სავარჯიშო დარბაზი, გასახდელები,  საშხაპე  და  სველი  წერტილები; მთლიანად  გამოიცვალა  კარ - ფანჯრები, გაკეთდა  გათბობის  სისტემა  და  ვენტილაცია.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, სპორტული ცენტრის სარემონტო სამუშაოები პირველი ეტაპი იყო. დაგეგმილია, ასევე, ცენტრის შესაბამისი აღჭურვაც. „ვგეგმავთ, რეაბილიტაცია ჩავუტაროთ თბილისის ყველა რაიონში არსებულ სხვადსხვა სპორტულ ცენტრებსა და დარბაზებს, რათა  ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრებას მოზარდებში, მეორე მხრივ კი, სპორტის ამა თუ იმ სახეობის პოპულარიზაციას, რომ უფრო სერიოზული წარმატებები გვქონდეს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა თბილისის მერმა.
აღსანიშნავია, რომ სპორტულ ცენტრში განახლებამდე 168  მოსწავლე ვარჯიშობდა, ხოლო ამჟამად ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა 215-ია. მათ შორის 117   სოციალურად დაუცველი ბავშვია,  რომელთა  სწავლის  საფასურსაც  ყოველთვიურად  თბილისის  მერიის  განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური ანაზღაურებს.
აკრობატიკის  სპორტულ  ცენტრში, დაარსების დღიდან,  9 მსოფლიო და 5 ევროპის ჩემპიონი აღიზარდა.

სიახლე
16 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი, დავით ნარმანია ავსტრიის არარეზიდენტ ელჩს, (რეზიდენციით ბაქოში) სილვია მეიერ-კაჯბიჩს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. როგორც თბილისის მერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ქართულ მხარეს სურს, მუნიციპალური მენეჯმენტის სფეროში ავსტრიის გამოცდილება გაიზიაროს.
გადაწყდა, რომ მომზადდება საინვესტიციო პროექტები, რომელიც ავსტრიის მხარეს გადაეგზავნება. თავის მხრივ, ავსტრია ქართულ მხარეს დაინტერესებული ინვესტორების მოძიებაში დაეხმარება.

 

 

 

სიახლე
28 ოქტომბერი 2014  
 
 

ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF)  ტყის დაცვის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 15-დან 23 ნოემბრამდე გასტანს, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა, სამსახურების უფროსებმა და რაიონების გამგებლებმა წავკისში, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ტყის დაცვის კვირეული დღეს, წავკისში, ხეების დარგვის აქციით გაიხსნა პროექტის საცდელ ნაკვეთზე, სადაც ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყის მასივების  კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის ამაღლების მიზნით, მათი ბუნებრივ ტყეებად ტრანსფორმაცია ხორციელდება. პროექტის მასპინძელია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტი "კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემის მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში".
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის და თბილისის მერიის ერთობლივი კვირეულის ფარგლებში 5 000-მდე ნერგი დაირგვება. „თითოეულ ნარგავს განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ გვქონდეს გამწვანებული და ეკოლოგიურად სუფთა დედაქალაქი„ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდს, რომელიც, კვირეულის დასრულების შემდეგ, გამწვანებისთვის საჭირო ტექნიკურ მოწყობილობას თბილისის მერიას გადასცემს.

 

სიახლე
15 ნოემბერი 2014  
 
 

201-ე საბავშვო ბაღში დღეს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის  სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” დასუფთავების ერთობლივი აქცია - ,,სუფთა გარემო ბავშვებს’’ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საბავშვო ბაღის მიმდებარე ტორიტორია სამშენებლო და საკვები პროდუქტების ნარჩენებისგან ბაგა-ბაღის თანამშრომლებთან ერთად დაასუფთავეს.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ”თბილსერვის ჯგუფის” პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ბაღის აღსაზრდელების მაქსიმალურ სუფთა გარემოში ყოფნას.
”ჩვენი მიზანია ბავშვები მაქსიმალურად სუფთა გარემოში გვყავდეს. მსგავსი ერთობლივი ღონისძიებებით კი შედეგს ნამდვილად მივაღწევთ. აქცია არ იქნება ერჯერადი, ბაგა-ბაღების ეზოებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავება სისტემურ სახეს მიიღეს” - განაცხადა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ.

 

 

 

 

 

სიახლე
18 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელს ახმედ ეივედას შეხვდა. შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი, მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი, ავთანდილ სუდაძე და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე ესწრებოდნენ.
საუბარი ქალაქის განვითარების სტრატეგიას შეეხო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ნინო ღოღობერიძემ განაცხადა, მსოფლიო ბანკი ქალაქის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში უცხოელი ექსპერტების ჩართვას დააფინანსებს.
„მხარეები შევჯერდით, რომ ქალაქის განვითარების გეგმის მიმართულებით ქართულ მხარეს მსოფლიო ბანკისგან დაფინანსება ექნება“, - განაცხადა ნინო ღოღობერიძემ.
შეხვედრაზე მიწათსარგებლობის გეგმის შესახებაც იმსჯელეს. ნინო ღოღობერიძის თქმით, მიწათსარგებლობის გეგმა მსოფლიო ბანკმა 2009 წელს დააფინანსა, გეგმა განახლებას საჭიროებს და ამ მიმართულებით კვლევა მიმდინარეობს, რაშიც მსოფლიო ბანკი ჩაერთვება.
მხარეებმა  ასევე განიხილეს წინადადებები სატრანსპორტო პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით. 

სიახლე
14 ნოემბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ზაზა გაბუნია  და საკრებულოს ნაძალადევის რაიონის დეპუტატი ზაზა კოლელიშვილი თბილისის მე-9 საბავშვო ბაგა-ბაღს ესტუმრნენ.
პროექტ ,,შემოდგომის ფესტივალი ბაგებში’’ კვირეულის ფარგლებში ბაგა-ბაღის ეზოში წარმოდგენილი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბაღის აღსაზრდელებმა თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელი სიმღერები და ლექსები შეასრულეს. მოწვეულმა სტუმრებმა პატარებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ფელამუშის  მომზადებასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.
პროექტი ,,შემოდგომის ფესტივალი ბაღებში’’, რომელიც მიზანად ისახავს პატარებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურისა და ტრადიციების გაცნობას, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღში  ჩატარდა. 

 

სიახლე
17 ოქტომბერი 2014  
 
იხილეთ მეტი