ცხელი ხაზი 272 22 22
16:05 30/07/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

თბილისის მერიაში არქეოლოგიური საბჭოს წევრებმა არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსის შედეგად მიღებული 4 განაცხადი განიხილეს.   

არქეოლოგიური პროექტების შესარჩევი კონკურსი, მიმდინარე წლის 1 ივლისს გამოცხადდა. დაინტერესებულ პირებს შესაბამისი პროექტების წარსადგენად 1 კვირა მიეცათ. კონკურსის შედეგად დედაქალაქის მერიაში 4 პროექტი შევიდა: „შახტახტის“, თბილისის წმ. ორმოც სებასტიანელთა ტაძრის, „საჯოგის ნასახლარისა“ და „თრელიგორების ნასახლარის“ ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევის პროექტები.  

დავით ნარმანიას განცხადებით, კომისიის წევრების თანხმობის შემთხვევაში, ოთხივე პროექტი დაფინანსდება.   

თბილისის მერის თქმით, აღნიშნული პროექტებით  დედაქალაქის ისტორიის ჯერ კიდევ უცნობი დეტალები გახდება ცნობილი. ამასთან, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და ვიზიტორების რაოდენობის ზრდას.   

ნარმანიას ინფორმაციით, არქეოლოგიურ კვლევებში სტუდენტები და დოქტორანტები ჩაერთვებიან, რაც მათ პროფესიულ ზრდას ხელს შეუწყობს. 

არქეოლოგიური საბჭო მომდევნო კვირას შეიკრიბება და პროექტების დაფინანსების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. 

თბილისის არქეოლოგიური საბჭო 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება, მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა. არქეოლოგიური საბჭოს მიზანი თბილისის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების რაოდენობის ზრდაა. 

სიახლე
10 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მიმართავს საკომუნიკაციო კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში მიმდინარე თუ დაგეგმილი მიწისქვეშა სამუშაოები დასრულდეს მიმდინარე წლის შემოდგომამდე.  

შემოდგომაზე დედაქალაქის მერია გეგმავს აღმაშენებლის ხეივნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და გამწვანების პროექტის დაწყებას, პროექტის დასრულების შემდეგ, ხეივნის იერსახის შენარჩუნების საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიებისთვის აღარ გაიცემა ნებართვა აღნიშნული მიწისქვეშა სამუშაოების ჩასატარებლად.

 

სიახლე
10 ივლისი 2015  
 
 

სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“, სადაც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი  გაიმართება, ოფიციალურად გაიხსნა.  

სპორტული კომპლექსი „ახალი თბილისი“ საზეიმოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და „თბილისი 2015" - ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ გახსნეს.

კომპლექსი ოთხ სპორტულ ობიექტს ერთიანებს, ესენია: საცურაო აუზი, ტანვარჯიშის არენა, ფრენბურთის ორი დარბაზი და მძლეოსნობის ახალი სტადიონი. თითოეული არენა საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

ტერიტორიაზე მდებარეობს სასტუმრო, რომელიც ქართველ თუ უცხოელ სპორტსმენებს  საშუალებას აძლევს, შეკრებები მაქსიმალურად კომფორტულ გარემოში გაიარონ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სულ მალე თბილისი ევროპის 50-მდე ქვეყნის 4000-მდე სპორტსმენს უმასპინძლებს და ოლიმპიადის პერიოდში იქცევა სპორტის ევროპულ დედაქალაქად.

„ჩვენს ქვეყანაში ეს არის პირველი სპორტული კომპლექსი, რომელიც რამდენიმე არენას აერთიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ სივრცეში მოქცეული სპორტული არენები ქართველ და უცხოელ სპორტსმენებს მისცემს სრულფასოვანი მზადების საშუალებას და არაჩვეულებრივ შესაძლებლობას, რომ განთავსდნენ, ივარჯიშონ და განიტვირთონ კომპლექსიდან გაუსვლელად. „ახალი თბილისის“ სპორტული კომპლექსი სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მაქსიმალურ კომფორტს უქმნის როგორც „თბილისი 2015-ის“ მონაწილეებს, ისე იმ სპორტსმენებს, რომლებიც მომავალში თბილისში გაივლიან შეკრებებს,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ახალი თბილისი“  მხოლოდ „თბილისი 2015“-ის სპორტულ ღონისძიებებს არ უმასპინძლებს.  სპორტული ობიექტებით სარგებლობის საშუალება მომავალში სხვადასხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებს ექნებათ.

„ეს  პროექტი არ არის მხოლოდ ოლიმპიადისთვის, ეს არის პროექტი ჩვენი დედაქალაქის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისა და ჩვენი პატარების სამომავლო ჯანსაღი ცხოვრებისთვის, სწორედ ამისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი დედაქალაქი, ამ ობიექტებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ ღირსეულ ღონისძიებას უმასპინძლებს . შესაბამისად, ყოველთვის მზად ვიქნებით, რომ აღნიშნული სპორტული ობიექტები როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„ახალი თბილისის“ გახსნის საზეიმო ცერემონიალზე ოლიმპიური თემატიკის ქანდაკება „ოლიმპიური ალი“ გაიხსნა, რომლის ავტორიც ლევან ვარდოსანიძეა.

ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ თბილისში 26 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მსვლელობის დროს საქართველოს 13-დან 18 წლამდე ასაკის 4 000-მდე სპორტსმენი ევროპის 50 ქვეყნიდან ეწვევა. სტუმრების საერთო  რაოდენობა კი 10 000-ს მიაღწევს.

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
10 ივლისი 2015  
 
 

საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის საფუძველზე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს დაევალა დღგ-ს ჩათვლისგან გასათავისუფლებელი ობიექტების ნუსხის განსაზღვრა. აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა დაამუშავეს მერიის ადმინისტრაციის არქივში დაცული 2002-2008 წლების მონაცემები.
პირველ ეტაპზე დამუშავდა მრავალბინიანი და მრავალფუნქციური ფუნქციით დატვირთული ობიექტები, რომელიც გადაიგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

2008 წლამდე დაწყებული მშენებლობების ნუსხა იხილეთ ბმულზე

 

 

სიახლე
9 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სასტუმრო „ჰუალინგში“ თვითმმართველობის თემაზე გამართულ რეგიონულ კონფერენციას დაესწრო. კონფერენცია ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესისა და საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის თანამშრომლობით გაიმართა. 

კონფერენციაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მერებისა და ადგილობრივი საბჭოების როლის შესახებ იმსჯელეს. თბილისის მერმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების ურთიერთგამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია. 

„სწორედ ამიტომ ევროსაბჭოს რეგიონულ თვითმმართველობათა კონგრესმა თბილისში დაგეგმა ეს კონფერენცია, რათა ვიმსჯელოთ სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების წარმატებულ მაგალითებზე და ამით გავაგრძელოთ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმირების ის გზა, რაც მეტად განვითარებული ადგილობრივი თვითმმართველობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ 2012 წლის ბოლოდან დაიწყო და რამაც მნიშვნელოვანი წარმატებები მოგვიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენ აქ არ ვჩერდებით და რეფორმის შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვან მიმართულებებზე ვიმსჯელეთ და მოვისმინეთ ექსპერტების მოსაზრებები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნებში ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

კონფერენციაზე საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ ნდობის გაძლიერებას, მათ მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობას და თვითმმართველობის ინსტიტუციური გაძლიერების პერსპექტივებს. 

სიახლე
10 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს თბილისში, ბიძინა კვერნაძის ქ.N10-ში დემონტაჟის სამუშაოებისას მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, რასაც ადამიანთა სიცოცხლე ემსხვერპლა და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია „კონსტრაქშენ გრუპი“ შენობის დემონტაჟის სამუშაოებს აწარმოებდა. ბიძინა კვერნაძის ქ. N10-ში შპს „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2014 წლის 29 აგვისტოს გასცა. 

იმის გამო, რომ ჩასატარებელი სამუშაოები მიეკუთვნებოდა IVკლასს, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა სამუშაოების დაწყებამდე კომპანიას დაავალა, წარმოედგინა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა, კონსტრუქციული პროექტი, რომელიც შედგება შენობა-ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის დეტალური პროექტისაგან (მათ შორის, ფუძე-საძირკვლისაგან), „მშენებლობის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილებით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის კვლევა, აგრეთვე,  მშენებლობის ორგანიზაციის პროექტი და სავალდებულო საექსპერტო შეფასება, რომელსაც, ასევე, საქართველოს მთავრობის N57-ე დადგენილება ითვალისწინებს. 

კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნა ყველა მოთხოვნილი დოკუმენტაცია და მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს მან შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციის სამუშაოები დაიწყო. ამასთან, კომპანია ვალდებული იყო, რეკონსტრუქციის სამუშაოები სამშენებლო რეგლამენტის მოთხოვნათა სრული დაცვით და შეთანხმებული დოკუმენტის დარღვევის გარეშე ეწარმოებინა. 

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ გამოძიება უახლოეს პერიოდში დაადგენს შენობის ჩამონგრევის მიზეზს და დამნაშავე პირები კანონის შესაბამისად დაისჯებიან.

სიახლე
6 ივლისი 2015  
 
 

112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 10 ივლისიდან  მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე კი  მოსახლეობა სპეციალურად გაკეთებული შემოვლითი გზით ისარგებლებს.

112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისში მოსული, ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა გზის სასწრაფო რეაბილიტაცია. 

საბურთალოს გამგებლის,  ბექა მიქაუტაძის განცხადებით,   მუხრან მაჭავარიანის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოძრაობის ერთ-ერთი განმტვირთავი მარშრუტია და მისი დაკეტვა თბილისის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, სწორედ ამიტომ, საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით, მომზადდა პროექტი, რომლის  მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტაციის პროექტის დასრულებამდე შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, გზის მოწყობა კი  თითქმის დასრულებულია. 

საბურთალოს რაიონის გამგებელის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა დაზიანებული გზის შეკეთება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

სიახლე
9 ივლისი 2015  
 
 

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხანდაზმულ ანა გაგუას, კუთვნილი 1000 ლარის ნაცვლად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „ჰერმესის“ სარიტუალო მომსახურება შესთავაზა, რაც სრული სიცრუეა.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს აქვს „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამა, რომელიც ხანდაზმულთათვის 1000 ლარის ოდენობის ფულადი დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

საქალაქო სამსახურში მართლაც შევიდა ალექსანდრე კუტუბიძის განცხადება ანა გაგუას 1000 ლარით უზრუნველყოფის შესახებ. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტების გამო, სამსახურის თანამშრომელი ტელეფონით ესაუბრა განმცხადებელს და სთხოვა თანხის გადასარიცხად კონკრეტული საბუთის წარმოდგენა. საბუთის წარდგენის შემდეგ დაიწყო შესაბამისი პროცედურები და განმცხადებელსაც ეცნობა, რომ პარასკევს, 3 ივლისს, ანა გაგუას თანხა მას ანგარიშზე ჩაერიცხებოდა.

მიუხედავად ამისა, 2 ივლისს გვიან ღამით სოციალურ ქსელში ანა მამრიკაშვილის გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოჯახმა მიიღო შემდეგი შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება : - „თქვენი მოთხოვნა № 12 ....... დაკმაყოფილდა. სარიტუალო მომსახურებას გაგიწევთ შპს „ჰერმესი“ უსასყიდლოდ. საგარანტიო წერილის მისაღებად გთხოვთ მობრძანდეთ მერიაში“.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს, სადაც ოჯახს დაფინანსების თაობაზე ჰქონდა განცხადება შეტანილი, ხანდაზმულთათვის თანხის ჩარიცხვის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის პრაქტიკა არ აქვს. თანამშრომელი პირადად ესაუბრება განმცხადებელს და ასეთი სახით აცნობებს თანხის გადარიცხვის შესახებ.

რაც შეეხება შპს „ჰერმესის“ მიერ SMS შეტყობინების გაგზავნას, კომპანიას ამ შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება არც ერთი მომხმარებლისთვის გაუგზავნია. ზოგადად, „ჰერმესი“ მოქალაქეს აცნობებს მხოლოდ მისი განცხადების დარეგისტრირების შესახებ. მაგალითად - „HERMESI - თქვენი განაცხადი დარეგისტრირდა: HM-------- ნომრით”.

მოგვიანებით აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელმაც აღიარა, რომ იხუმრა, თუმცა, ფაქტია, რომ ამ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლები ნეგატიურად გამოეხმაურნენ. სამწუხაროა, რომ მოქალაქეების ნაწილი საკუთარი უპასუხისმგებლობით ხელს უწყობს როგორც საჯარო უწყებების, ისე ისეთი საჭირო პროგრამების დისკრედიტაციას, როგორიც „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამაა. თბილისის მერია იმედოვნებს, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში აღარ განმეორდება და მოქალაქეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენენ.

 

სიახლე
3 ივლისი 2015  
 
 

სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით გეგმავს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. სამუშაოების სრულფასოვნად და დროულად ჩატარებისთვის აუცილებელია მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის რეაბილიტაცია დასრულდეს 2 კვირის ვადაში, რათა არ შეფერხდეს დედაქალაქის მერიის მიერ დაგეგმილი სამუშაოების ჩატარება.  

თბილისის მერია მოუწოდებს ყველა საკომუნიკაციო კომპანიას, რომლებიც ოპერირებენ დედაქალაქის მასშტაბით, მოცემულ ვადაში აღადგინონ ამა წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები.

 

სიახლე
9 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორს, სტეფან ჰაიკინის შეხვდა.  

შეხვედრაზე 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგები და სალიკვიდაციო სამუშაოები განიხილეს. სტეფან ჰაიკინიმ მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დახმარების მზადყოფნა გამოხატა.  

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, USAID-ი ქართულ მხარეს  სტიქიის ზონაში რისკების შესწავლის მიმართულებით დაეხმარება.  

“აშშ-ს განვითარების სააგენტომ 13-14 ივნისის სტიქიის მიზეზებზე საინტერესო კვლევა ჩაატარა. კვლევა სამომავლოდ შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების დროს დაგვეხმარება. ვისაუბრეთ ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, კონკრეტულად ამ პროექტთან დაკავშირებით ინსტიტუციური მხარდაჭერის კუთხით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

USAID-ის მისიის დირექტორის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ აღმოიფხვრას ის რისკები, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია. 

„დღეს სამუშაო შეხვედრა გვქონდა თბილისის მერთან. ვისაუბრეთ სტიქიის შემდეგ მიმდინარე სამუშაოებზე. ვისაუბრეთ აშშ-ს სატყეო სამსახურის ექსპერტებთან  დაკავშირებით, რომლებიც სტიქიის საკითხებზე მუშაობენ. გვქონდა ასევე ეკოლოგიის თემაზე საუბარი. ვისაუბრეთ მდინარე ვერეს კალაპოტზე. აუცილებელია გაკეთდეს ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს იმ რისკების აღმოფხვრა, რამაც უბედური შემთხვევა გამოიწვია“, - განაცხადა სტეფან ჰაიკინიმ.  

თბილისის მერიაში დღეს გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი ქეროლ უილსონი და USAID-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ლევან ლომინაძე.

 

სიახლე
8 ივლისი 2015  
 
 

2015 წლის განმავლობაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს არქეოლოგიური პროექტების მიღებას.

დაინტერესებულმა პირებმა პროექტები ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში უნდა წარმოადგინონ არაუგვიანეს 2015 წლის 8 ივლისის 18:00 საათისა.

პროექტები ერთ დახურულ კონვერტში, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად, ქართულ ენაზე უნდა იყოს  წარმოდგენილი.

დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი პროექტები შემდეგი ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტაციას უნდა შეიცავდეს:

  1. განმარტებითი ბარათი. განმარტებით ბარათში დასაბუთებული უნდა იყოს სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათი შესაბამისობა, სამუშაოების სახეობებისა და მოცულობის მითითებით. განმარტებით ბარათში უნდა მიეთითოს:

1.1  განსახორციელებელი სამუშაოს არგუმენტირებული დასაბუთება და ძირითადი პრიორიტეტების გამოყოფა;

1.2  არქეოლოგიური ობიექტის ზუსტი დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

1.3  არქეოლოგიური ობიექტის  ადგილმდებარეობის დასახელება და ზუსტი მისამართი;

1.4  სამუშაოებისა და არქეოლოგიური ობიექტის მოცულობიდან გამომდინარე, თუკი პროექტი მხოლოდ ობიექტის რომელიმე ფრაგმენტის შესწავლას ან რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ამ ფრაგმენტზე განსახორციელებელი სამუშაოების მთლიანი ობიექტის შესწავლის, რეაბილიტაციისა და განვითარების ერთიან კონცეფციასთან (კონსერვაციის გეგმის არსებობის შემთხვევაში, კონსერვაციის გეგმასთან) შესაბამისობა;

1.5  დასკვნა ობიექტზე განსახორციელებელ სამუშაოთა მოსალოდნელი შედეგების შესახებ;

  1. შესასწავლი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:1500 და 1:500) GPS კოორდინატებით;
  2. შესასწავლი ტერიტორიისა და მასზე არსებული ობიექტების ფიქსაციის, მათ შორის, ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები, შესაბამისი ანალიზები, წინასწარი დაზვერვითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში - დაზვერვითი სამუშაოების შედეგები;
  3. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით; კერძოდ: სამუზეუმო და საარქივო მასალების (არსებობის შემთხვევაში - ისტორიული რუკები და გენერალური გეგმები, ისტორიული საკადასტრო და ნაგებობების გეგმები, არქივებში დაცული საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტომასალა, კოსმოსური და აეროფოტომასალები) მოძიება, შესასწავლ ტერიტორიაზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
  4. შესასწავლი ტერიტორიის მიწის ნაკვეთის საკადასტრო  აზომვითი ნახაზი და ნახაზი ორთოფოტოზე;
  5. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  6. სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით, ხანგრძლივი (მრავალწლიანი) ექსპედიციის შემთხვევაში - სამუშაოების შუალედური და საერთო ხანგრძლივობის მითითებით;
  7. პროექტის განხორციელების სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადისა და პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით. პროექტი დაფინანსდება არაუმეტეს  ხარჯთაღრიცხვით წარმოდგენილი ღირებულებისა.
  8. ინფორმაცია არქეოლოგიური სამუშაოების სფეროში პროექტის წარმომდგენის (იურიდიული პირის) გამოცდილების შესახებ, შესრულებულ სამუშაოთა ჩამონათვალის სახით.
  9. ინფორმაცია (CV-სახით) სამუშაოებში მონაწილე ყველა არქეოლოგის კვალიფიკაციის შესახებ.  მონაწილეს შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება უნდა გააჩნდეს;
  10. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) ერთ ლოკაციაზე საკონკურსოდ მხოლოდ ერთი პროექტი უნდა იყოს წარმოდგენილი; 
  11. შესასწავლი ტერიტორიის (ობიექტის) კონკრეტულ ლოკაციას საბჭო განსაზღვრავს.

 

წარმოდგენილი პროექტები განხილვისა და შეფასებისთვის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭოს გადაეცემა, რომელიც მათ პრიორიტეტების მიხედვით შეარჩევს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო 2015 წლის 9 ივნისს დაარსდა. საბჭო 14 წევრისგან შედგება და მისი თავმჯდომარე დედაქალაქის მერი დავით ნარმანიაა.

 

არქეოლოგიური საბჭოს მიზანი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არქეოლოგიური კვლევების ხელშეწყობა და ტურისტული მარშრუტების გამდიდრებაა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქეოლოგიური საბჭო თავის საქმიანობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული დებულების თანახმად წარმართავს.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მერიის ცხელ ხაზზე: 032 2 72 22 22

 

სიახლე
1 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა პირველი კატეგორიისთვის ზარალის ანაზღაურების მიზნით შეთავაზებები დაიწყო. მოსახლეობა, ვისი უძრავი ქონებაც სრულად განადგურდა ან აღდგენას არ ექვემდებარება, თანხას სულადობის ან უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით მიიღებს.  

შეხვედრას თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსი კარლო ლაფერაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ლაშა აბაშიძე, ასევე  ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეთვაზების პროცესში ჩართულები არიან  ის ექსპერტები, რომლებმაც სტიქიის შემდეგ დაზარალებულთა უძრავის ქონება შეაფასეს. 

სტიქიით დაზარალებულები შეთავაზებას მომდევნო დღეებშიც მიიღებენ. შეხვედრები გაგრძელდება უძრავი ქონების გარეშე დარჩენილი ყველა დაზარალებულის დაკმაყოფილებამდე.   

13-14  ივნისს სტიქიით დაზარალებულთათვის ზიანის ანაზღაურების წესი საკრებულომ 5 ივლისს დაამტკიცა. წესის მიხედვით, დაზარალებულები ორ კატეგორიად დაიყო. პირველ კატეგორიაში შედიან ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც აღდგენას არ ექვემდებარება, ხოლო მეორე კატეგორიაში - ოჯახები, რომელთა სახლების აღდგენაც შესაძლებელია. წესი ზარალის ანაზღაურების ორ ვარიანტს ითვალისწინებს. დაზარალებულებს შესაძლებლობა ეძლევათ, თავად აირჩიონ, თუ რომელი შეთავაზებით სურთ ზარალის ანაზღაურება. პირველი ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს პირველ ეტაპზე მიეცემა სულადობის მიხედვით მისთვის განსაზღვრული ფართის ოდენობის თანხა, ხოლო მას შემდეგ, რაც დადასტურდება ოჯახის უძრავი ქონების განსახლების ზონაში მოხვედრა, თბილისის მერია მის უძრავ ქონებას სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით სრულად გამოისყიდის. ამ წესით სარგებლობის შემთხევაში, დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: ერთი და ორწევრიანი ოჯახისთვის გაიცემა 45 კვ.მ-ის ფართის ადეკვატური თანხა, სამი და ოთხწევრიანი ოჯახისთვის - 65 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა, ხუთი და ექვსწევრიანი ოჯახისთვის - 90 კვ.მ. ფართის ადეკვატური თანხა, ხოლო 7 და მეტწევრიანი ოჯახისთვის - 110 კვ.მ ფართის ადეკვატური თანხა. მოგვიანებით, ოჯახის განსახლების ზონაში მოხვედრის შემდგომ, მოხდება მისი უძრავი ქონების სტიქიამდე არსებული საბაზრო ღირებულებით გამოსყიდვა და უკვე გაცემული დახმარების სხვაობის შევსება. ზარალის ანაზღაურების წესის მეორე ვარიანტის მიხედვით, დაზარალებულ ოჯახს შეუძლია, პირდაპირ მიმართოს მუნიციპალიტეტს და თბილისის მერია მის უძრავ ქონებას საბაზრო ღირებულებით დაუყოვნებლივ გამოისყიდის.

სიახლე
8 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები დღეს დილიდან მდინარე მტკვარზე გაწმენდით და სამძებრო სამუშაოებს ატარებენ. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე პარალელურ რეჟიმში მუშაობს 30 ერთეული მძიმე ტექნიკა. მდინარიდან ამოტანილია 13 ივნისის სტიქიის შედეგად ვერეს ხეობიდან ჩატანილი ნაშალი მასალა და ხის მორები.

სამძებრო სამუშაოების გამარტივების მიზნით, გუშინ ღამის 12 საათიდან ორთაჭალჰესის ფარები გაიხსნა, რამაც მტკვრის დონის ცვლილება გამოიწვია. მტკვრის დონის დაწევის შემდეგ დღესვე მაშველებმა მდინარიდან რამდენიმე ცხოველის ლეში ამოიტანეს.

გაწმენდითი და სამძებრო ღონისძიებების მიმდინარეობას დილიდან თბილისის მერი დავით ნარმანია აკვირდებოდა. დედაქალაქის მერმა მეტეხის საგვირაბო კომპლექსის ტერიტორიაზე არსებული ხიდების ქვეშ მდინარე მტკვრის დონის დაწევის შემდეგ ნაპოვნი რკინის კონსტრუქციების დემონტაჟის პროცესი დაათვალიერა.

„ინტენსიურად მიმდინარეობს მდინარე მტკვრის კალაპოტის გასუფთავება, სტიქიის  დროს მდინარემ სხვადასხვა სახის ნაშალი მასალა ჩამოიტანა. მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახური და თბილისის მერიის შესაბამისი უწყებები. სამუშაოები კოორდინირებულია ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სამინისტროებთან და ვფიქრობთ, რომ დღის განმავლობაში ამ სამუშაოების ძირითად ნაწილს დავასრულებთ და გათავისუფლდება მდინარე მტკვრის კალაპოტი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
30 ივნისი 2015  
 
 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თბილისის მერიას, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და განათლების სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მოაწერეს ხელი. 

დოკუმენტი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სათანადო შენობა-ნაგებობების არსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნებისთვის ისეთი ნაგებობების გამოყოფას ითვალისწინებს, რომლებიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება.

„მხარეები ვთანხმდებით იმაზე, რომ ინკლუზიურობა, ჩართულობა და თითოეული ადამიანის თანამონაწილეობა საარჩევნო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ შესაბამისი სივრცეების თანაბარი ხელმისაწვდომობისათვის. ჩვენ ჩვენი მხრიდან  ვიღებთ ვალდებულებას, რომ სივრცეები იქნება ადაპტირებული და უზრუნველყოფილი იქნება თითოეული მათგანის არჩევნებში თანამონაწილეობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მემორანდუმში ასევე აღნიშნულია, რომ ასეთი შენობა-ნაგებობების არარსებობის შემთხვევაში საარჩევნო უბნისთვის უნდა გამოიყოს ისეთი ნაგებობა, რომლის ადაპტირებასაც გადამცემი ორგანო კენჭისყრის დღისთვის უზრუნველყოფს. მემორანდუმზე ხელმოწერით მხარეები შეთანხმდნენ, შეასრულონ 2014-2016 წლის სამთავრობო სამოქმედო გეგმით გაწერილი ნორმები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის შესახებ. ამ შეთანხმებით ისინი ასევე ხელს უწყობენ გაეროს 2006 წლის 13 დეკემბრის კონვენციის მუხლების შესრულებას, რომლებიც პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მისაწვდომობას ითვალისწინებს.

 

სიახლე
7 ივლისი 2015  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცის ზაარბრიუკენში ვიზიტი გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში ნინა ხატისკაცი ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიტს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქალაქებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივ პროექტებზე ისაუბრეს.

ზაარბრიუკენის მერმა მზადყოფნა გამოთქვა დაეხმაროს თბილისს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად. თბილისის მერის მოადგილემ შარლოტა ბრიტსი შემოდგომაზე ”თბილისობის” დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქში მოიწვია.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს წევრები: რიმა ბერაძე და კობა კობალაძე.
თბილისისა და გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის დაძმობილების 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 26-ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით, ზაარბრიუკენში სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.

სიახლე
28 ივნისი 2015  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ქართველ და თურქ ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. 
დავით ნარმანიამ ბიზნესმენებს 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულთა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.  მერის განცხადებით, ასოციაციის წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობას სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის 191 445 72  ლარით და საოჯახო ტექნიკით დაეხმარნენ, რისთვისაც დავით ნარმანიამ ასოციაციის წევრებს მადლობის წერილები გადასცა.
შეხვედრაზე სამომავლო გეგმებსა და ურთიერთთანამშრომლობაზეც ისაუბრეს. თბილისის მერის გაცხადებით, სექტემბერში გაფორმდება დოკუმენტი თბილისსა და სტამბოლს შორის დაძმობილების შესახებ, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობას.

სიახლე
7 ივლისი 2015  
 
 

13 ივნისს, წყნეთის ქუჩაზე სტიქიის დროს, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" დაზიანებულ კოლექტორსა და მდინარე ვერეს იმ ნაწილთან, სადაც კანალიზაციის კოლექტორის დროებით ჩაშვება მოხდა, მოხალისეებს შეხება არ ჰქონიათ.
მდინარე ვერეს შერეული საკანალიზაციო წყალი არ მიემართებოდა იმ ტერიტორიისკენ, სადაც მოხალისეები გაწმენდით სამუშაოებში იყვნენ ჩართული. მიუხედავად ამისა, როგორც თბილისის მერიის, ისე ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მხრიდან განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები იყო მიღებული იმისათვის, რომ სტიქიის ზონაში მომუშავე მოხალისეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო.
იმის გამო, რომ წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები, რომელშიც ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მოხალისეები აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას და იყო საფრთხე, რომ დაზიანებული კოლექტორიდან წყალი სწორედ ამ ტერიტორიისკენ მიემართებოდა, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წყლის ნაკადი დროებით მდინარე ვერესკენ მიემართა.
აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სისტემატიურ კომუნიკაციაში იყვნენ კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან". მოხდა შეთანხმება, რომ კომპანია ამ ტერიტორიაზე დროებით მინი-გამწმენდ ნაგებობას მოაწყობს, რომლის მეშვეობითაც მდინარე ვერეში დაბინძურებული წყლების ჩადინება აღიკვეთება.
რაც შეეხება კოლექტორის საბოლოო აღდგენას, ის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

 

სიახლე
23 ივნისი 2015  
 
იხილეთ მეტი