22:20     23/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებმა სამი ახალი საქალაქო სამსახურის: კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურების დებულებები და საშტატო ნუსხა დაამტკიცეს.
ახალი სამსახურები ფუნქციონირებას ერთი თვის ვადაში დაიწყებენ.

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

უნივერსიტეტის ქუჩაზე, თსუ მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, გაზგასამართი სადგურის მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად სტუდენტები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შეხვდებიან, ხოლო შეხვედრის ორგანიზებაში მათ თბილისის მერია დაეხმარება - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია  და  სტუდენტთა  საინიციატივო ჯგუფი დღეს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
სტუდენტებმა თბილისის მერს მიმართეს თხოვნით, უშუამდგომლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, რათა არ დაიწყოს გაზგასამართი სადგურის მშენებლობა და გამოყოფილი ტერიტორია სხვა ადგილით ჩაანაცვლოს.
როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, გაზგასამართი სადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით დამატებითი კომუნიკაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან იქნება საჭირო. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვას, დავით ნარმანიას თქმით, ის გაცემულია თბილისის მერიის მიერ და ყველა ძირითად მოთხოვნას პასუხობს. მისივე თქმით, გაზგასამართი სადგური არავითარ პრობლემას არ შეუქმნის სხვა ობიექტების ფუნქციონირებას, მათ შორის, არც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და არც ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობის პროექტს.
„გაზგასამართ სადგურსა და მაღლივ კორპუსს შორის საკმაოდ დიდი სივრცეა, სადაც ახალგაზრდული ცენტრის აშენება იგეგმება.  ეკონომიკის სამინისტროს უკვე მივმართეთ ამ ტერიტორიის გადმოცემის თხოვნით. ეს პროექტი იწყება, ამიტომ აქ  ჩვენ არსებით საფრთხეს ვერ ვხედავთ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, შევთანხმდით, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან  შედგება კომუნიკაცია. დამატებით სამუშაო  შეხვედრა გაიმართება, რომელზეც სტუდენტები  უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღებენ ინფორმაციას, თუ რა პროექტზე და მოცულობის ინვესტიციაზეა საუბარი. მერიის მხრიდან შეხვედრებში მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე მიიღებს მონაწილეობას“ - განაცხადა დავით ნარმანია.
მისივე თქმით, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდული ცენტრის პროექტის განხორციელებამდე, მიმდინარე წლის შემოდგომაზე ჩატარდება მოედნის და მასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. „ეს არის დაახლოებით 180 ათასი ლარის ღირებულების პროექტი, ამიტომ ჩვენ ამ ტერიტორიას კი არ ვკლავთ, არამედ ამ ტერიტორიის განვითარებაზე ვზრუნავთ, ეს ტერიტორია უფრო მეტად მიმზიდველი და საინტერესო უნდა გახდეს,  ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ამასთან, დავით ნარმანიას თქმით, გასათვალისწინებელია  ბიზნეს ინტერესები და ინვესტიცია, რადგან  ინვესტიციის, დასაქმების და ეკონომიკური განვითარების გარეშე ქალაქი ვერ განვითარდება, ამიტომ, სადღაც ოქროს შუალედი უნდა ვიპოვნოთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ აღნიშნული ქონება პირობებიანი ელექტრონული აუქციონის ფორმით 2013 წლის 15 ოქტომბერს 1,02 მილიონ ლარად გაასხვისა. ამავდროულად, კომპანიას 1,5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს აღებული.
აღნიშნული ტერიტორია არ ეკუთვნის და არც არასდროს ეკუთვნოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. თავად ტერიტორია მდებარეობს თსუ-ს კუთვნილი შენობიდან (მაღლივი კორპუსიდან) მინიმუმ 400 მეტრის დაშორებით. ამასთან, მიწის ნაკვეთი საკმაო მანძილითაა დაშორებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდანაც. პროექტი შედგენილია უსაფრთხოებისა და ყველა სხვა ტექნიკური მოთხოვნის სრული დაცვით.
რაც შეეხება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივას, ამავე ქუჩაზე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტერიტორია, რომელზეც მშენებლობაა დაგეგმილი, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. თბილისის მერია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს სამინისტროსთან, რათა დროულად მოხდეს აღნიშნული ქონების გადმოცემა (წერილობითი მიმართვა უკვე გაგზავნილია). პარალელურად, უკვე დაწყებულია ახალგაზრდული ცენტრის პროექტირებისთვის საჭირო პროცედურები.

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით,  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური,  ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ გზებზე მწვანე ნარგავების მოვლისა და განაშენიანების საშემოდგომო სამუშაოებს იწყებს.  ამ მიზნით, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახური გამხმარი და მავნებელი დაავადებებისგან  დაზიანებული ხეებისაგან შესაბამის ტერიტორიებს გაწმენდს.
ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში, აღმაშენებლის ხეივანში,  24-25 სექტემბერს, 150-მდე დაავადებული და ხმელი ხე მოიჭრება. მისივე თქმით, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ,  2014 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში,  თბილისის მასშტაბით 12 000-მდე ხე-მცენარე დაირგვება.  სამუშაოები პირველ ეტაპზე  ქალაქის შემოსასვლელებსა და შიდა კვარტალურ ქუჩებში დაიწყება.
“თბილისის შემოსასვლელში უკვე  მონიშნულია დაახლოებით 450 გამხმარი ხე. მათ ნაცვლად ოქტომბრის ბოლოს და ნოემბერში 700  ხე დაირგვება. მომდევნო ეტაპზე განხორციელდება  დიღმის ტყე-პარკის რეაბილიტაციის პროექტი.  ამ ტერიტორიაზე  6 ჯიშის ნერგები დაირგვება, კერძოდ,  აკაკი, ჰორიზონტალური კვიპაროსი, პირამიდული კვიპაროსი, ფიჭვი, ელდარი და ჰიმალაის კედარი“,  - განაცხადა ბიძინა გიორგობიანმა.
ნარგავების ხმობის გამომწვევ  მიზეზად  ბიძინა გიორგობიანი  ხელოვნური  განაშენების დროს, აგროტექნიკური პირობების დარღვევას ასახელებს, რამაც, მისი თქმით,  დროთა განმავლობაში მცენარეთა გამძლეობის დაქვეითება, საბოლოოდ კი ხმობა განაპირობა.
რაც შეეხება მავნებლებით წიწვოვანი  ნარგავების დაზიანებას, ბიძინა გიორგობიანის თქმით, ამის მიზეზი ფიჭვნარებში  კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული სტრესული მდგომარეობაა, როდესაც  დასუსტებულ მცენარეებს უქვეითდება რეზისტენტობა სხვადასხვა მავნე დაავადებათა მიმართ.
ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, დაზიანებული და გამხმარი ნარგავებისაგან ტერიტორიის გაწმენდა აუცილებელია საშიში კერების გაზრდის პრევენციის მიზნით, ანუ იმ ნარგავების გადასარჩენად, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მავნებლებით და სხვა გარემო პირობებით დაზიანებული.
ქალაქის გამწვანებისა და ხეების დარგვის პროექტი  თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

 

 

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და ვაკის გამგებელი გივი ჭიჭინაძე ჩეხეთის ელჩსა და პრაღის მე-6 უბნის გამგებელს, მარიე გოურალიგოვას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის დედაქალაქებს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, მათ შორის, შეთანხმდნენ ვაკის რაიონისა და პრაღის მე-6 უბნის დაძმობილების საკითხზეც.
თბილისის მერმა საქართველოში თვითმმართველობის რეფორმის შესახებ ისაუბრა  და აღნიშნა, რომ საქართველომ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რაც დავით ნარმანიას თქმით, ქვეყანას კიდევ მეტი განვითარების პერსპექტივას აძლევს.
პრაღის 6-ე უბნის გამგებელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოს მიმართ ჩეხეთის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას და აღნიშნა, რომ თბილისთან მჭიდრო ურთიერთობების საკითხებზე ის 2009 წლიდან, მისი მერის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდიდან, აქტიურად მუშაობს.
შეხვედრაზე ვაკის გამგებელმა, გივი ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ვაკეში მდებარე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც დღეს მემორიალური დაფა გაიხსნება, ბიუსტის დადგმა იგეგმება. ჭიჭინაძის განცხადებით, შესაბამისი ტენდერი უახლოეს მომავალში გამიოცხადდება.
პრაღის დელეგაციასთან დღეს თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრას ჩეხეთის ელჩი საქართველოში, ტომაშ პერნიცკი, თბილისის მერი დავით ნარმანია, ვაკის გამგებელი, გივი ჭიჭინაძე და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, გიორგი მუსხელიშვილი ესწრებოდნენ.

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, თემურ თორდინავამ და სამშენებლო კომპანია "დაგი"-ს დამფუძნებელმა, გოგი გულორდავამ მოსკოვის გამზირზე 500 ბავშვზე გათვლილი ბაგა-ბაღის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი.
"ამ ბაღის მშენებლობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს უბანი ძალიან დატვირთულია და საბავშვო ბაღზე მოთხოვნა მაღალია. ამიტომ, ჩვენ, 500 ბავშვზე გათვლილი ბაღის მშენებლობა დავიწყეთ. ვვარაუდობთ, რომ მშენებლობა მომდევნო წელს დამთავრდება და ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის ეს ბაღი სრულად იქნება მზად. ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის მიხედვით, არ უნდა დარჩეს უბანი, სადაც ბავშვებს არ ექნებათ საბავშვო ბაღი. ეს არის საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. მომდევნო წლის ბიუჯეტში უფრო მეტ თანხას გავითვალისწინებთ საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის, რათა ეს პრობლემა, რაც დედაქალაქში არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ გადავჭრათ. ამიტომ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ წინ იმისთვის, რომ ჩვენს პატარებს უკეთესი მომავალი შევუქმნათ," - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
მოსკოვის გამზირზე ბაგა-ბაღის მშენებლობა ყოფილი 128-ე ბაღის ტერიტორიაზე განხორციელდება. მშენებლობის დასრულება 2015 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. 6 000 კვადრატულ მიწის ფართობზე ორსართულიანი შენობა აშენდება, რომელიც 1 600 კვ.მ-ს მოიცავს, მიწის დანარჩენ ტერიტორიაზე ბავშვებისთვის გამწვანების ზოლი მოეწყობა.
ბაღის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, შეიქმნება აღსაზრდელთა 15-მდე ჯგუფი, მთლიანობაში კი ბაგა-ბაღი 500-მდე ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიცემას შეძლებს. სამშენებლო სამუშაოებზე 50-მდე ადამიანი დასაქმდება.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ, 2014 წლის აგვისტოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე, გამოავლინა, რომ ბაგა-ბაღზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნა სწორედ ამ უბანშია. გარდა ამისა, აღნიშნულ გეოგრაფიულ არეალში სოციალურად დაუცველი ბევრი ოჯახი ცხოვრობს.
გარდა მოსკოვის პროსპექტზე დაწყებული საბავშვო ბაღის მშენებლობისა, მიმდინარე წელს რამდენიმე ბაღის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი. ახალი ბაგა-ბაღები აშენდება გლდანში, ნაძალადევში, ისანში, სამგორში, კრწანისსა და საბურთალოში. ჯამში, 8 ახალი ბაღის მშენებლობაზე 16 მლნ ლარამდე დაიხარჯება.

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

ბაქოს ქუჩა N1-ში 70-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს. წლების განმავლობაში მათ გაზიფიცირების პრობლემა აწუხებდათ. ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და დევნილთა სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად საკითხი უკვე გადაიჭრა. უწყებებს შორის მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ობიექტის გაზიფიცირების სამუშაოებს კომპანია „ყასტრანსგაზი“ 24 სექტემბრიდან დაიწყებს. ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაფინანსებით შენობის გაზიფიცირება ერთი თვეში დასრულდება.
ბაქოს ქ.  N1  კომპაქტურად ჩასახლებულ  იძულებით გადაადგილებულ  70-მდე ოჯახის  წარმომადგენლებს გაზიფიცირების სამუშაოების საგარანტიო წერილები დღეს  ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ გადასცა.
ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე გიორგი სოლომონია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი და დიდუბის მაჟორიტარი  დეპუტატი ვლადიმერ ძნელაძე ესწრებოდნენ.

 

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

დღეს თბილისის მერიაში ტრადიციული, ორშაბათის მოქალაქეთა მიღება გაიმართა.  თბილისის მერი, მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და რაიონის გამგებლები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით 550 მოქალაქეს შეხვდნენ. დავით ნარმანია პირადად 30 თბილისელს შეხვდა.
მოქალაქეთა მიღება თბილისის მერის, დავით ნარმანიას ინიციატივით ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე იმართება.

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია  მეუღლესთან  ერთად,  ლიტერატურული პრემია  „საბას“  დაჯილდოების საზეიმო ცერემონიას  დაესწრო. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში გამართულ რიგით მე-12 დაჯილდოებაზე  ჟიურიმ 2013 წლის საუკეთესო წიგნები და ავტორები 10 ნომინაციაში დაასახელა. დაჯილდოებულებს  „საბას“ პრიზთან ერთად „თი-ბი-სი“ ბანკისგან ფულადი პრემია გადაეცათ.  
წელს „საბას“ კონკურსზე 338 წიგნი იყო წარდგენილი, საიდანაც ჟიურიმ ფინალისტად 47 წიგნი დაასახელა. 
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ 2003 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი გასული ერთი წლის საუკეთესო წიგნების გამოვლენაა. 

 

 

სიახლე
23 სექტემბერი 2014  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიების ერთობლივი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის წევრებთან ერთად  თბილისის მერის მოადგილე, ალუდა გოგლიჩიძე და სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, გელა ჩივიაშვილი დაესწრნენ.
სხდომაზე თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულების შექმნის საკითხზე იმსჯელეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საკრებულოს წევრებს თბილისის მერის მოადგილემ მიმართა. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის ცალკე ერთეულებად დაყოფის აუცილებელობა და მოტივი მათი მართვის ეფექტურობის, მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულობისა და რესურსების რაციონალუად ხარჯვის მიზეზებით არის განპირობებული.
კომისიებმა სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციას დადებითი რეკომენდაცია მისცეს. აღნიშნულ საკითხს დეპუტატები  საკრებულოს სხდომაზე ხვალ განიხილავენ.

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძისა და რაიონში მცხოვრები საზოგადო მოღვაწეების, მწერლებისა და ხელოვანების გაცნობითი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას 100-მდე ადამიანი დაესწრო.
მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგებელმა სტუმრებთან რაიონში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზი გაუსვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია თვითმართველობის მუშაობის მიმდინარე პროცესებში საზოგადოების ჩართულობა. შეხვედრას საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შორენა ბუხრაშვილი დაესწრო.    

სიახლე
22 სექტემბერი 2014  
 
 

„სპორტის სასახლესთან“ მიროტაძის ქუჩაზე 1 200 კვ.მ ფართობზე განთავსებული, ორ სართულიანი, კეთილმოწყობილი აგრარული ბაზარი გაიხსნა. ახალ სავაჭრო ობიექტში მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომელიც ყოველდღიურად თანამედროვე სტანდარტების შესაბამის ლაბორატორიაში მოწმდება. ახალ ბაზარში 100-მდე ადამიანია დასაქებული.
ბაზრის გახსნას დღეს თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი, საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და საქართველოს პარლამენტის აგრარულ  საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი დაესწრნენ და ობიექტში დასაქმებულ ადამიანებს გაესაუბრნენ.
თბილისის ვიცე-მერის განცხადებით თბილისი ეტაპობრივად უნდა გადავიდეს ვაჭრობის თანამედროვე მოდელზე და პროდუქციის შეძენა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად კომფორტული და მოვაჭრეებისთვის მომგებიანი უნდა გახდეს. 

სიახლე
20 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი