12:47     27/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ ინიცირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ახალი ტენდერები განახლებული პირობებით  უახლოეს დღეებში  გამოცხადდება. თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 25 აგვისტოს, სატენდერო და ხელშეკრულებების პირობების დახვეწის მიზნით, შეწყდა 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი, ელექტრონულ ვაჭრობაზე დაფიქსირებული ჯამური ღირებულებით დაახლოებით 26 მილიონი ლარი. ტენდერების შეწყვეტის მიზეზი არაკვალიფიციურად შედგენილი ხელშეკრულებები გახდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შესრულებული სამუშაოების ხარისხს.  შემოდის ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის კომპონენტი  ხელშეკრულების ღირებულების 5 %-ის დაკავების ფორმით, საიდანაც 2,5% ანაზღაურდება სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ხოლო დარჩენილი 2,5 % ხარისხის საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში კონტრაქტორებს მიეცემა წინა პერიოდთან შედარებით მეტი ავანსი. ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნება გაწერილი სამუშაოების შესრულების  ეტაპები.  სავალდებულო გახდება განსახორციელებელ სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების წარმოდგენა.  მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში გამკაცრდება საჯარიმო სანქციები.
შეწყვეტილი სატენდერო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ნახვა შეუძლია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებვერდზე www.spa.gov.ge .

სიახლე
26 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის 2014 წლის  ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პაკეტს თბილისის მთავრობის უახლოეს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც ცვლილებების პროექტი ქალაქის საკრებულოს გადაეგზავნება განსახილველად.
თბილისის მერის მოადგილის გიორგი ხელაიას თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების განხორცილება გადაუდებელი აუცილებლობაა. მისივე თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა შექმნილი ბიუჯეტის სოციალური დახმარების ნაწილში. რაიონულ გამგეობებში მთლიანად არის ამოწურული თანხები აღნიშნული მიმართულებით.
„ძალზედ სამწუხაროა  ის ფაქტი, რომ ქ. თბილისის ახალ მთავრობას წინა ხელისუფლებისაგან მემკვიდრეობით ერგო არასწორად დაგეგმილი ბიუჯეტი. კერძოდ, საწარმოთა ქონების გადასახადიდან 2013 წელთან შედარებით დაიგეგმა 48,5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი. აღნიშნული ზრდა დაუსაბუთებელი და არარეალურია, ვინაიდან მთლიანი დასაბეგრი ბაზა ქონების გადასახადიდან არ აღემატება 119,0  მილიონი ლარს.  ბუნებრივია,  2014 წელს ამ ნაწილში მაქსიმალური მოცულობის თანხების ამოღების შემთხვევაშიც კი, დაგეგმილი პარამეტრი 142,0 მილიონ ლარამდე ვერ გაიზრდებოდა“ - განაცხადა გიორგი ხელაიამ.

 

 

სიახლე
26 აგვისტო 2014  
 
 

მოქალაქეების პრობლემები დღეს პირადად მოისმინეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მერის მოადგილეებმა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებმა და რაიონების გამგებლებმა. ორშაბათის დღევანდელ მიღებაზე, სულ მერიაში 300-მდე მოქალაქე მიიღეს. აქედან, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 35 მოქალაქეს პირადად მოუსმინა. რაიონების გამგებლებმა კი 355 მოქალაქე მიიღეს.
მოქალაქეები  დასაქმებას, სოციალური საკითხების მოგვარებას, უფასო მედიკამენტებს, მკურნალობის დაფინანსებას, საცხოვრებელი ფართების და მიწების დაკანონებას, სახლების გადახურვას, საგზაო ინფრასტრუქტურის და გარე განათების მოწესრიგებას, ასევე სკვერების რეაბილიტაციას ითხოვენ.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, მიწების დაკანონების მსურველებმა წერილობით უნდა მიმართონ საკრებულოში მოქმედ მიწების ლეგალიზაციის კომისიას, რომელსაც საკრებულოს წევრი ბექა ნაცვლიშვილი ხელმძღვანელობს. რაც შეეხება სხვა პრობლემატიკას, დედაქალაქის ხელმძღვანელობა და საქალაქო სამსახურები თითოეული მოქალაქის საკითხს პერსონალურად განიხილავენ და შეძლებისდაგვარად დაეხმარებიან.
მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის მიხედვით, თითოეულ თბილისელს შესაძლებლობა აქვს, პრობლემატიკის მიხედვით, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდეს და მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები გააცნოს.

 

 

 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

დღეს თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს პაატა ჯაჭვლიანს მოუსმინეს. კომისიის სხდომას თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი ესწრებოდა.
ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა კომისიის წევრებს სამსახურში არსებული მდგომარეობა გააცნო. პაატა ჯაჭვლიანის თქმით, სექტემბრის ბოლოსთვის უკვე შეიქმნება რეალური სურათი და გამოიკვეთება პრიორიტეტები. ერთ-ერთი მნიშვნელოვან პრობლემად კი ტრანსპორტის სამსახურის უფროსს ავტოპარკის განახლება მიაჩნია, რადგან არსებული ავტობუსები წლების წინ არის შეძენილი და ბევრი მათგანი ტექნიკურად გაუმართავია.
კომისიის სხდომაზე გადაწყდა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

„თბილისის ბიუჯეტში ცვლილების პროექტს საკრებულოს უახლოეს დღეებში წარვუდგენთ“  - განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. მისი თქმით, დედაქალაქის ახალ მთავრობას პრაქტიკულად ამოწურული დახვდა ბიუჯეტის  სოციალური დაცვის ნაწილი, ისევე როგორც რაიონული გამგეობების ხარჯთაღრიცხვები.
“ჩვენ, იძულებული გავხდით, სოციალური დაცვის ნაწილში ბიუჯეტის სხვა ნაწილებიდან გადმოგვეტანა დაფინანსება, რათა წლის ბოლომდე სოციალურად დაუცველ თბილისელებს  აუცილებელი მომსახურება არ მოაკლდეთ.  ამ მიზნით, ჩვენ საკრებულოს წარვუდგენთ ბიუჯეტში ცვლილებას, თუმცა  მინდა ვთქვა რომ ჩვენმა წინამორბედებმა ბიუჯეტი პრაქტიკულად დააცარიელეს,  საშემოსავლო ნაწილში არარეალურად მაღალი ციფრები ჩაწერეს, რის გამოც მისი შესრულება წლის პირველ ნახევარში ვერ შეძლეს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

28 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით,  ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზა დროებით შეწყვეტს მუშაობას. რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმიური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფოტული გადაადგილებისთვის ხორციელდება.

სიახლე
27 აპრილი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისურენოვანი საერთაშორისო საზაფხულო სკოლის  „კარგი მმართველობა“ გახსნას დაესწრო. დავით ნარმანიას თქმით, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და აუცილებელია სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა. ეს პრაქტიკა საქართველოში ახალია და  საჭიროა მისი განვითარება, რათა სტუდენტებმა უნივერსიტეტს გარეთ მიიღონ მათთვის აუცილებელი უნარჩვევები. „დღეს, როგორც არა მხოლოდ ქალაქის მერი, არამედ როგორც უნივერსიტეტელი და უნივერსიტეტის პროფესორი, განსაკუთრებით ვხედავ ამის საჭიროებას და აუცილებლობას“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საზაფხულო სკოლაში  სხვადასხვა ქვეყნის 40 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობს. უცხოელ სტუდენტებთან ერთად, სკოლის კურსს მოისმენენ ადგილობრივი, მათ შორის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
პროექტი  ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ  დააფინანსა და  თსუ-ის, ტარტუს უნივერსიტეტის (ესტონეთი)  და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანაორგანიზებით ხორციელდება. 

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ლევან ყიფიანთან ერთად წყალბურთში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის გახსნას დაესწრო. თბილისის მერმა მისასალმებელ სიტყვაში ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა.
წყალბურთში ჩემპიონატი თბილისში, სპორტკომპლექს "ოლიმპიკში" 24-დან 31 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება და მასში ევროპის ჩემპიონობისათვის 4 ქვეჯგუფში გადანაწილებული 16 უძლიერესი ნაკრები იბრძოლებს.

სიახლე
25 აგვისტო 2014  
 
 

ქალაქში არსებული უფასო სასადილოების პროგრამა არ გაუქმდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მთავრობის წევრებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უფასო სასადილოებთან დაკავშირებულ საკითხებზეც იმსჯელეს. მთავრობის წინა სხდომაზე თბილისის მერმა შესაბამისი საქალაქო სამსახურებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი ინფორმაციის წარმოდგენა დაავალა.
დავით ნარმანიას განცხადებით, საქალაქო სამსახურები ქალაქის ყველა რაიონში ახორციელებენ მონიტორინგს, რათა დაზუსტდეს იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც ამ მომსახურებით სარგებლობს. „შემოსულია ახალი განცხადებები ბენეფიციარების დამატების შესახებ და ისინი უნდა დავაკმაყოფილოთ. ასევე, მნიშვნელოვანია უფასო სასადილოებში საკვების ხარისხი და ის უნდა გაუმჯობესდეს. პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება და იმაზე უკეთ, ვიდრე აქამდე ხორციელდებოდა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
იხილეთ მეტი