21:57     21/08/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია საერთაშორისო საავტომობილო ტურისადმი - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საზეიმო ღონისძიება ჩინური საინვესტიციო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფის" მიერ გახსნილ "თბილისის ზღვის პლაზაში" გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, დედაქალაქის მერი, ჩინეთის მხრიდან კი ოფიციალური პირები დაესწრენ. საერთაშორისო საავტომობილო ტურში  - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები მონაწილეობენ. "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მასშტაბური კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიებაა, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო. ჯგუფი საქართველოში 20 აგვისტოს შემოვიდა. "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე"  ექვსი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ექსპედიციის შემადგენლობა ყოველწლიურად შეიცვლება. 

სიახლე
21 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომას  თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსი თემურ თორდინავა დაესწრნენ. სხდომაზე ქალაქის მასშტაბით ბაგა-ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემებზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა მიმდინარე  და დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.
თემურ თორდინავას თქმით, ქალაქის სხვადასხვა რაიონში უკვე დაწყებულია ალტერნატიული ფართების მოძიება იმ ბავშვების გადასანაწილებლად,  რომლებმაც ადგილების ნაკლებობის გამო, რეგისტრაცია ვერ გაიარეს. მისივე თქმით, სექტემბერში იგეგმება ახალი ბაღის მშენებლობა,  უახლოეს მომავალში კი საბავშვო ბაღებში გათბობის ცენტრალური სისტემის დამონტაჟების დასასრულებლად ტენდერი გამოცხადდება.

 

სიახლე
21 აგვისტო 2014  
 
 

სამგორის რაიონის გამგებელი მამუკა ჩოქური  ვარკეთილში, ჯავახეთის #68-ში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.  გამგებელმა   დევნილი და სოციალურად დაუცველი რვა ოჯახი  მოინახულა  და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. მამუკა ჩოქური სოციალურად დაუცველებს დაპირდა, რომ მათ პრობლემებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავს და შეძლებისდაგვარად დაეხმარება საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში.
დღესვე საქველმოქმედო კავშირის  „მადლი 2014“-ის  და  შპს „კატრინი“-ს წარმომადგენლებმა  რაიონის გამგებელთან ერთად რვა ოჯახს, საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთები გადასცეს.
აღნიშნულ ოჯახებს  2010   წლიდან    თვითნებურად    აქვთ დაკავებული ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული ფართები. 

სიახლე
21 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია შპს „ჰერმესში“ მიმდინარე საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის რევიზიას ეხმიანება. როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა,  მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების  შემოწმების თხოვნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მან თავად მიმართა.
“მე მივმართე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, რათა დაეწყო მერიის დაქვემდებარებაში მყოფი იმ ორგანიზაციების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის  რევიზია, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში არ შემოწმებულა და სადაც არსებობს ინფორმაცია,   რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დარღვევებს ბიუჯეტთან ანგარიშსწორების თვალსაზრისით, გაუაზრებლად მაღალ ხარჯებს და შესაბამისად, თბილისის მერიის კუთვნილი შემოსავლების ხელოვნურად შემცირებას. შპს „ჰერმესი“ არ არის გამონაკლისი“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, ცალკეული ორგანიზაციების პირველადი დოკუმენტაციის ნახვის შემდეგ დასტურდება, რომ გაუაზრებლად მაღალი შრომის ანაზღაურება და პრემიები გაიცემოდა, მათ შორის, იმ ადამიანებზეც, რომლებიც, პრაქტიკულად, აღარ მუშაობდნენ ამ ორგანიზაციებში, ხდებოდა ისეთი ხარჯების გაწევა, რომელიც ჩვენი აზრით, არამიზნობრივია. არ ხდებოდა საბიუჯეტო სახსრების მომჭირნედ, ყაირათიანად ხარჯვა. საკითხს დარეგულირება სჭირდება, გაუაზრებლად მაღალი ტარიფები, მიწის უაზროდ და უკანონოდ ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხები უნდა დამთავრდეს და მომსახურება საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ნორმალური ფორმით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით,  მერიის სისტემა წლების განმავლობაში იყო დახურული და საზოგადოებას  ძალიან ბევრი კითხვა დაუგროვდა. „წინასაარჩევნო პერიოდში ამ კითხვებით მომმართავდნენ მე და მთხოვდნენ, ნათელი მომეფინა ამ საკითხებისთვის. ყველა ამ საკითხს შევისწავლით, საზოგადოებას პასუხი უნდა გავცეთ წლების განმავლობაში დაგროვილ კითხვებზე,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

სიახლე
21 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ზექი ლევენთ გუმრუქჩუს შეხვდა. თურქეთის ელჩმა დავით ნარმანიას ადგილობრივი თვითმმართველობს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე თურქეთის ელჩმა დედაქალაქის მერიის სამომავლო პროექტებში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოხატა.
„დავით ნარმანიასთან შეხვედრის შესაძლებლობა  წინა პერიოდშიც მქონდა, როდესაც  ის რეგიონული განვითარების მინისტრი იყო, მერის რანგში კი პირველად შევხვდი. მე  საჭიროდ  ჩავთვალე მოვსულიყავი და პირადად მიმელოცა მისთვის ეს მნიშვნელოვანი წარმატება. უკვე 6 თვეა ვიმყოფები საქართველოში, თბილისი ნამდვილად ასრულებს იმას რაზეც საუბრობენ - თბილისი რეგიონის მარგალიტია და მე თავად დავრწმუნდი ამაში. ამიტომ, განსაკუთრებული წარმატება მინდა ვუსურვო მერს. შეხვედრაზე ჩვენ მერიის მიერ გამოცხადებულ ყველა პროექტში თურქული ფირმების მონაწილეობის მზაობა გამოვხატეთ. თურქული მხარე მზადაა საინვესტიციო პროექტებს გაეცნოს“ - განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, თურქული მხარე დაინტერესებულია თბილისში ინვესტიციების განხორციელებით. „დაინტერესებული თურქი ბიზნესმენებისთვის მერია სპეციალურ პრეზენტაციას გააკეთებს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქეთის დედაქალაქების დაძმობილების საკითხიც განიხილეს.

 

სიახლე
21 აგვისტო 2014  
 
 

მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციის პროექტი დედაქალაქის მთავრობას დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახური სამ საქალაქო სამსახურად უნდა ჩამოყალიბდეს: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახური, განათლების, ახალგაზრდობის და სპორტის საქალაქო სამსახური და კულტურის საქალაქო სამსახური.
ალუდა გოგლიჩიძის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის საქალაქო სამსახურის, ისევე, როგორც დანარჩენი ორი სამსახურის  დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბება რამდენიმე მოტივით არის განპირობებული. კერძოდ, თითოეული სამსახურის  საქმიანობის სფერო თავისი შინაარსით მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. გარდა ამისა, სამიზნე ჯგუფებისა და ბენეფიციართა დიდი რაოდენობის გამო, მართვის სისტემა წარმოდგენილი სახით უფრო მოქნილი და ეფექტური იქნება.
ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, ამჟამად არსებული  სახით მოქმედი სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის საქმიანობის კუთხით, მერია ვერ გაატარებს ერთიან პოლიტიკას, რადგან სამსახურსა და რაიონულ გამგეობებს შორის არ არსებობს არავითარი კოორდინაციის მექანიზმი, სამსახურს არ აქვს ერთიანი სტრატეგიული მიზნები და ამოცანები, რომელიც საერთო იქნებოდა მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულებისთვის. 

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე  მოისმინა და მოიწონა  საზოგადოებრივი საბჭოების შექმნის შესახებ  საბურთალოს რაიონის გამგებლის, ბექა მიქაუტაძის ინიციატივა. საბჭოს მიზანია გამგეობის საქმიანობაზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით,  ეს ძალიან საინტერესო მექანიზმი  ხელს შეუწყობს გამგეობებში სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობას.
„ეს იქნება ადრინდელი მართვისგან ტიპიურად განსხვავებული მიდგომა, რაც საინტერესო მექანიზმია  დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. შემუშავდება დებულება, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება გამგეობებში საზოგადოებრივი  საბჭოების შექმნა, რომლებიც გამგეობას ამა თუ იმ საკითხებზე საინტერესო რჩევებს მისცემენ, მიაწვდიან ინფორმაციას და გაუზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. გადაწყდა, რომ პროექტის შესამუშავებლად შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე, ნინა ხატისკაცი უხელმძღვანელებს.
როგორც მთავრობის სხდომაზე ითქვა, საზოგადოებრივი საბჭოები საზოგადოებრივ საწყისებზე იმუშავებს და დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არ საჭიროებს. 

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

კომპანია „სითი - პარკის“ საქმიანობის ანგარიშს დედაქალაქის მთავრობა 22 აგვისტოს მოისმენს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს  მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
დავით ნარმანიას თქმით, კომპანია „სითი - პარკის“ ხელმძღვანელობასთან ქალაქის მთავრობას კონკრეტული შეკითხვები აქვს. „ჩვენ ვემზადებით პარასკევის მოსმენისთვის, რათა კომპანია „სითი პარკს“ დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რაც საზოგადოებას  და  ჩვენ გაგვაჩნია. შეხვედრაზე კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებასთან, ხელშეკრულების მიმდინარეობასთან და  სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას მოვისმენთ“ - განაცხადა დავით  ნარმანიამ.
კომპანია „სითი - პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების თაობაზე ინფორმაცია თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს.

სიახლე
20 აგვისტო 2014  
 
 

22 აგვისტოს  თბილისის მთავრობის წევრები კომპანია „სითი პარკის“ წარმომადგენლებს შეხვდებიან და გაწეული საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოისმენენ, - ამის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
დეტალური ანალიზის შემდეგ კი, თბილისის მთავრობა მიიღებს კოლეგიურ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გაგრძელდება მომავალში მერიასა და „სითი პარკს“ შორის შემდგომი ურთიერთობა.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული პრეტენზიები კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით, პრეტენზიები, რომელიც საზოგადოებიდან ობიექტურად მოდის და მე, როგორც არჩეული მერი, ვაპირებ, საზოგადოების ინტერესები ბოლომდე დავიცვა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ დავით ნარმანიამ.
თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მერიასა და „სითი პარკს“ შორის კაბალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. შესაბამისად იმ ადამიანებმა, ვინც ამ ხელშეკრულების მომზადებაში მონაწილეობდნენ და ვისი ხელმოწერებიც არის დაფიქსერებული,  მკაცრად უნდა აგონ პასუხი. 

სიახლე
13 აგვისტო 2014  
 
იხილეთ მეტი