02:22     25/04/2014   Tbilisi.gov.ge
   
 
 

2014 წლის 27 მარტს,  თბილისის მერიაში  შემოვიდა განცხადება ქალაქის ისტორიულ ნაწილში, ბუნებრივად ჩამოყალიბებული ლანდშაფტის საკმაოდ მოცულობით ტერიტორიაზე  განაშენიანების რეგულირების გეგმის  დამუშავების მოთხოვნით,  რაც  თავის მხრივ უკავშირდება  მოცემული ტერიტორიების შემდგომ სამშენებლო განვითარებას - ე. წ  ,,პანორამა თბილისის" პროექტის განხორციელებას.
საკითხის განხილვას, რომელიც  საჯაროდ გაიმართა, დაინტერესებულ პირთა ფართო სპექტრის მონაწილეობით, ესწრებოდნენ ასევე თავად პროექტის იდეის ავტორები, რომელთაც სრულად მიეცათ შესაძლებლობა წარმოედგინათ მათი მოსაზრებები და დაესაბუთებინათ მოთხოვნის საფუძვლიანობა, რომლის ირგვლივაც უნდა აღინიშნოს,  რომ   უამრავი კითხვა გააჩნდათ, როგორც  საკითხის განმხილველი კომისიის წევრებს, ასევე  განხილვაზე დამსწრე საზოგადოებას.
იქიდან გამომდინარე, რომ განმცხადებლის მიერ, წარმოდგენილი  მასალებითა და დოკუმენტაციით საერთოდ არ იყო დასაბუთებული წარდგენილ მასშტაბურ პროექტზე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების გასაცემის მიზანშეწონილობა, თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიამ იმსჯელა  და ერთხმად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომლის თანახმად, თანაინვესტირების ფონდს უარი ეთქვა მთაწმინდის რაიონში, კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე ქალაქგეგმარებითი პირობების გაცემაზე.
კომისიამ განმცხადებელს რეკომენდაციები მისცა, რომელთა გათვალისწინებისა და სხვა საჭირო მასალის წარმოდგენის შემდეგ, საბჭოს შესაძლებლობა ექნება იმსჯელოს დაყენებული მოთხოვნის შესახებ. კერძოდ:

 

  • წარმოდგენილი კონცეფციიდან გამომდინარე, თავისი მასშტაბურობით პროექტი პირველ ეტაპზე ქალაქგეგმარებითი და ტექნიკურ–ეკონომიკური კუთხით კვლევა–დასაბუთებას საჭიროებს, ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს ტერიტორიის სწორად შერჩევა ქალაქგეგმარებითი კუთხით შედარებითი კვლევა-ანალიზის საფუძველზე.

 

  • დღეს, თბილისს დასაბუთებული მოთხოვნილების არსებობის შემთხვევაში, გააჩნია პოტენციალი ალტერნატიულ ტერიტორიებზე მსგავსი პროექტების განსახორციელებლად. მაგალითად:

 

 1. რკინიგზის გადატანით ქალაქის ცენტრში გამონთავისუფლდება დაახლოებით 80 ჰექტარი ტერიტორია, რაც იძლევა ქალაქის ახალი ცენტრის, სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნესცენტრის დაგეგმარების საშუალებას ჯანსაღი ინფრასტრუქტურით, რომელიც უმტკივნეულოდ გახდება ქალაქის ორგანიზმის სრულყოფილი ნაწილი და სტიმულს მისცემს მიმდებარე ტერიტორიების განვითარებას.

 2. ასევე შესაძლებელია შეირჩეს ჩუღურეთის რაიონში ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე (არსენალის მთა) ფერდობზე არსებული ყოფილი არსენალის ტერიტორია ანალოგიური იდეის „პანორამული ხედებით თბილისზე“ განხორციელება, საიდანაც საინტერესო ხედები იხსნება ისტორიული თბილისის პანორამით. გარდა ამ უპირატესობისა, აღნიშნულ ტერიტორიას გააჩნია შემდგომი განვითარების პერსპექტივა, თბილისის ზღვის მხარეს ბუნებრივი სარეკრეაციო სივრცისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. არანაკლებ საინტერესოა ამ  მიმართულებით თბილისის ზღვის მიმდებარედ უკვე აქტიურად განვითარებადი სარეკრეაციო სივრცე.

იმისათვის, რომ საბოლოოდ შერჩეული ტერიტორიისთვის დამუშავდეს   განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება განმცხადებელმა ასევე უნდა წარმოადგინოს კვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს:

 

ა) პირველ ეტაპზე ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებას, მათ შორის საპროექტო კონცეფციის ძირითად მიზნებს, ამოცანებსა და დაგეგმარების მიზანშეწონილობას, მოთხოვნილების აუცილებლობისა და შერჩეული ტერიტორიის უპირატესობის დასაბუთება–ანალიზს.

ბ) შერჩეული საპროექტო ტერიტორიის ორთოფოტო სურათი არსებული მდგომარეობით და ტერიტორიის ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველ ფოტოები.

გ) საპროექტო ტერიტორიის ტოპოგეოდეზიური რუკა.

დ) საპროექტო ტერიტორიის ზოგადი გეოლოგიური და სეისმური მონაცემები.

ე) საპროექტო ტერიტორიის ზოგადი კლიმატური (ბუნებრივი ნალექების, ქარის,          მზის გამოსხივების) მონაცემები.

ვ) საპროექტო ტერიტორიის არსებული ბუნებრივი ფასეულობების მონაცემები.

ზ) საპროექტო ტერიტორიის ისტორიული კვლევა.

თ) საპროექტო ტერიტორიის ეკოლოგიური და გამწვანების მონაცემები.

ი) საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ საინჟინრო ინფრასტრუქტურა და მოსალოდნელი ცვლილებები ქალაქის ქსელებზე დატვირთვის გაზრდასთან დაკავშირებით.

კ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული ძირითადი გამჭოლი გზებისა და ქუჩების     ქსელი, ტრანსპორტის ანგარიშები და მოსალოდნელი დატვირთვები ქალაქთან დამაკავშირებელ სატრანსპორტო არტერიებზე და კვანძებზე.

ლ) საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა  მონაცემები.

 

 

 

 

 

სიახლე
24 აპრილი 2014  
 
 

თბილისის მერიასა და ჰააგის მუნიციპალიტეტს შორის, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც ქალაქებს შორის დასაქმების, განათლების, სოციალური და ეკონომიკური კუთხით გამოცდილების გაზიარებას  ისახავს მიზნად.
მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა სევდია უგრეხელიძემ და ჰააგის ვიცე-მერმა ჰენკ კულიმ მოაწერეს. ხელისმოწერის ოფიციალურ ცერემონიის პარალელურად, ევროკავშირის ქალაქების სოციალური პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ყურადღება დასაქმების, განათლების, ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის საკითხებს დაეთმო.
შეხვედრას საჯარო და არასამთავრობო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანზაციებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სიახლე
23 აპრილი 2014  
 
 

თბილისის საკრებულოს განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში მდებარე მართლმადიდებლური ეკლესიისთვის თითოეულზე 10 000 ლარის გამოყოფას ეხება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქის ბიუჯეტში შესაბამისი რესურსი არ არსებობს, ასევე მიმდინარე ეტაპზე შეუძლებელია ბიუჯეტში ცვლილებების განხორციელება და შესაბამისი პროგრამების ზრდა, რადგან მოქმედი კანომდებლობის მიხედვით, არჩევნებამდე 60 დღის განმავლობაში, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა შეზღუდულია.
აღსანიშნავია ისიც, რომ თბილისის მერია ტრადიციულად ახორციელებდა და ახორციელებს თბილისში მოქმედი მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა რელიგიური კონფესიების მხარდაჭერას კონკრეტული პროექტების მიხედვით, რისთვისაც 2013 წელს დედაქალაქის ბიუჯეტიდან მიზნობრივად მიიმართა 1 542 462 ლარი, 2014 წელს კი უკვე გამოყოფილია 735 000 ლარი.
თბილისის მერია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მზადყოფნას იმოქმედოს საპატრიარქოსთან შეთანხმებით და საჭიროების შემთხვევაში კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველობის არჩევნების დასრულების შემდეგ, შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დედაქალაქის ბიუჯეტში მართლმადიდებლური ტაძრებისა და სხვა  რელიგიური კონფესიების მხარდაჭერის მიზნით.

სიახლე
23 აპრილი 2014  
 
 

საკრებულოს თავმჯდომარის  ირაკლი შიხიაშვილის მიერ, საინფორმაციო სააგენტო  „კომერსანტთან“  გაკეთებული განცხადება, თითქოს ქალაქის განვითარების სტრატეგიის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით, თბილისის მერის მოადგილესთან ირაკლი აბესაძესთან შეხვედრა გაიმართა, არ შეესაბამება სიმართლეს.  აღნიშნული ინფორმაცია არის ტყუილი. არანაირი შეხვედრა ე.წ.“ ხრუშჩოვკების" თემასთან დაკავშირებით, მერიაში არ გამართულა.

სიახლე
22 აპრილი 2014  
 
 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქში არსებული 7 სასაფლოს მიმართულებით 20-21 აპრილს 08:00 - 19:00 საათამდე 8 სპეციალური მარშრუტი დაინიშნება. სულ აღნიშნულ მარშრუტებზე  თბილისელებს 82 ავტობუსი უფასოდ მოემსახურება. ასევე აღდგომის ღამეს გახანგრძლივდება მეტროპოლიტენის მუშაობა და 23:00 საათიდან ღამის 04:00 საათამდე  მგზავრების გადაყვანა  განხორციელდება უფასოდ.

სიახლე
18 აპრილი 2014  
 
 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, შპს „მანის“ დირექტორების პასუხისგებაში მიცემის შესახებ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას თითქოს აღმოჩენილი დარღვევების გამო. ამასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ ამ საწარმოს თბილისის მერიისთვის შესრულებული აქვს კონცერტის საორგანიზაციო სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებაც შეადგენს 1 566 521 ლარს.
ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრული აბსურდია და საზოგადოების დეზინფორმირების მცდელობაა. ამ მიზანმიმართული პროვოკაციის ავტორები, როგორც ჩანს, მიზნად ისახავენ თბილისის მერიის დისკრედიტაციას სრულიად უსაფუძვლო და გამოგონილი ინფორმაციის გავრცელებით, რაც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გახშირებული პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად უნდა მივიჩნიოთ.
განვმარტავთ, რომ თბილისის მერიას არასდროს უსარგებლია შპს „მანის“ მომსახურებით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ არც ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის პროკურორის, ლევან ჯალაღანიას, მიერ შედგენილ დადგენილებაში პირის ბრალდების შესახებ არის რაიმე ნათქვამი ამ საწარმოს საქმიანობის კავშირზე თბილისის მერიასთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ აბსურდული და პროვოკაციული „ცნობის“ ავტორებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან შეწყვიტონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და თუ არსებობს აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოადგინონ  ის ან/და ასახონ შესაბამის სამართლებრივ აქტებში.

 

 

სიახლე
11 აპრილი 2014  
 
 

ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ეკონომიური და ეფექტური მოხმარების, ასევე ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნების მიზნით, თბილისში ახალი საპილოტე პროექტის განხორციელება მიმდინარეობს. ინოვაციური პროგრამა დღეს, პროექტის ავტორებმა შეაჯამეს. იაფი გათბობა და ცხელი წყალი - ამ სახელწოდების პროექტში უკვე 34 ოჯახია ჩართული. ამიერკავკასიის ტერიტორიაზე პირველი მსგავსი პროექტი მიზნად ისახავს ენერგორესურსების დაზოგვას, ცხელი წყლისა და გათბობის საერთო სისტემის შემქნას. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში საცხოვრებელ კორპუსებზე წინასწარ შერჩეულ ადგილას, თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური ქვაბების, აგრეთვე დაცული და იზოლირებული გაყვანილობების მონტაჟი მოხდება. მოხმარებული ცხელი წყლისა და სითბური ენერგიის აღსაღრიცხად შეიქმნება ინდივიდუალური სისტემა, რათა თავიდან იქნეს არიდებული მეზობლებს შორის მოსალოდნელი გაუგებრობები.  მზის სისტემისა და ბუნებრივი აირის კომბინირებული ვარიანტი ეკონომიური, ეფექტიანი და გარანტირებულად უსაფრთხოა. პროექტის ფარგლებში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. ასევე შენარჩუნდება ფასადის ესთეტიური მხარე.საცხოვრებელი კორპუსების შერჩევა ბუნებრივი გაზის შესყიდვის პუნქტების მიხედვით მოხდება. პროექტი, რომელიც გასული წლის 15 აგვისტოს დაიწყო ენერგო ინოვაციურმა ჯგუფმა შეასრულა. საპილოტე პროექტი თბილისის მერიამ დააფინანსა.თემქაზე განხორციელებული პროექტის პრეზენტაციას დღეს, თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია უგრეხელიძე, დედაქალაქის მთავრობისა და საკრებულოს წევრები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვაბელი გიგი უგულავა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

სიახლე
17 აპრილი 2014  
 
 

გუშინ თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ განვლილი პერიოდის განმავლობაში ბიუჯეტის არ დამტკიცება მხოლოდ და მხოლოდ მათი უარგუმენტაციო პოლიტიკური კაპრიზი იყო. ცალსახაა, რომ მათ შეეძლოთ იანვრის დასაწყისშივე გადაედგათ აქტიური ნაბიჯები და  თბილისის ბიუჯეტი დაემტკიცებინათ, თუმცა თბილისის მერია მიესალმება მათ მიერ გადადგმულ,  დაგვიანებულ ნაბიჯს.მიუხედავად მათი განცხადებისა, რომ საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შედგენილი ბიუჯეტი  თბილისელების ინტერესებზე ორიენტირებული იქნებოდა, თბილისის მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ბიუჯეტის მეოთხე ვარიანტისგან განსხვავებით, მათ მიერ წარმოდგენილ  ბიუჯეტის საბოლოო პროექტში  სოციალურ პროგრამებზე  10 მილიონი ლარით ნაკლები თანხაა გათვალისწინებული, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროგრამა 5 მილიონი ლარით ნაკლები თანხით დაფინანსება, ხოლო  ახალი ავტობუსების შესაძენა საერთოდ არ არის გათვალისწინებული 2014 წლის ბიუჯეტში.მიგვაჩნია, რომ ამ  პერიოდის განმავლობაში თბილისელებს   შეექმნათ მწვავე სოციალური თუ სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად არ ვაპირებთ მათი ინტერესების შელახვის ხარჯზე ავყეთ საკრებულოს უმრავლესობას პოლიტიკურ კინკალობაში და მზად ვართ დამტკიცების შემდეგ ვიმუშავოთ აღნიშნული ბიუჯეტის შესაბამისად. ეს პოზიცია განპირობებულია  იმით, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული პრობლემები გაცილებით მწვავეა ვიდრე ის პრობლემები რასაც შექმნის ,,ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ბიუჯეტი.

სიახლე
7 მარტი 2014  
 
 

დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის გადაწყვეტილებით, თბილისის მერია უკრაინაში დაზარალებული მოქალაქეების დახმარების მიზნით, ექიმების გამგზავრებას დააფინანსებს. აღნიშნული თხოვნით ექიმებმა თბილისის მერიას დღეს მომართეს.

სიახლე
21 თებერვალი 2014  
 
 

თბილისის მთავრობამ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნის შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპნიის დროს ქალაქში საარჩევნო პლაკატების გაკვრის წესი დაარეგულირა. გამოყოფილია ადგილები, სადაც  სპეციალურად დამონტაჟებული სტენდებით სარგებლობა ყველა საარჩევნო სუბიექტს თანაბრად შეეძლება. ხოლო, რაც შეეხება ქალაქში არსებულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრას, საარჩევნო კოდექსის შესაბამისად გარკვეულ შენობა-ნაგებობებზე პლაკატების გაკვრა აკრძალულია. თბილისის მთავრობამ განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომელზეც პლაკატების განთავსება იკრძალება (ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეაბილიტირებული შენობები, სახელმწიფო და თვითმმართველობის ორგანოების შენობები).  გარდა საკანონმდებლო აკრძალვისა, თბილისის მთავრობა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს არ გააკრან საარჩევნო პლაკატები ახლად რეაბილიტირებულ ისტორიულ შენობა-ნაგებობებზე იერსახისა და მათი მხატვრულ-ესთეტიკური ღირებულების დაცვის მიზნით.

 

იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

სიახლე
17 აპრილი 2014  
 
 

ე.წ ,,პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართება 2014 წლის 7 აპრილს, 14 საათზე, სასტუმრო ,,Holiday Inn"-ის (ყოფილი სასტუმრო ,,აჭარა") საკონფერენციო დარბაზში. სხდომაზე უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული პირების მონაწილეობა განხილვაში.  ამასთან, თბილისის მერია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს დედაქალაქში სამშენებლო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, თბილისის უბნების რეაბილიტაციასა  და  თვისობრივ განახლებას, მისი ისტორიულად ჩამოყალიბებული თვითმყოფადი სახის მაქსიმალურად შენარჩუნების პირობით. შესაბამისად, თბილისის მერია იმედს გამოთქვამს, რომ დაინტერესებული პირების მონაწილეობა ხელს შეუწყობს კანონმდებლობის შესაბამისად სწორედ ასეთი გადაწყვეტილების მიღებას.

სიახლე
4 აპრილი 2014  
 
 

თბილისის 5 რაიონის გამგებელი დღეს, ისევ საგამოძიებო ორგანოში დაიბარეს. ამჟამად თბილისის მერიაში შემოსულია თბილისის ფინანსური პოლიციის მეორე, მესამე, მეოთხე სამმართველოები, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველო, მთავარი პროკურატურა და თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია, რომელიც ერთდროულად 5 სამსახურს ამოწმებს. ,,ანძის გარეგანათების გათიშვის" აბსურდულ საქმეზე უკვე მეორეჯერ დღეს დაკითხვაზე დაბარებულები არიან რაიონის გამგებლები.
ცალსახაა, რომ ამ ვითომ გამოძიებისა თუ შემოწმების მიზანი, რომელიც წინაასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად გააქტიურდა, კვლავ პოლიტიკური ზეწოლა და ხელების გადაგრეხვის პროცესის გაგრძელებაა. მიზანი კი ნათელია, საარჩევნო პროცესს ჩამოაშორონ ის ადამიანები, ვინც თავისი პროფესიონალიზმისა თუ გაწეული სამუშაოდან გამომდინარე, განსაკუთრებით რაიონის გამგებლები, არჩევნებისას მათ რეალურ კონკურენტებად აღიქმებიან და მეორეს მხრივ, საკრებულოს ,,ქართული ოცნების" უმრავლესობის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ახირების გამო, ჩაგდებული ბიუჯეტით თბილისელებისათვის გამოწვეული პრობლემების გადაფარვა.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას ნაცვლად ჩვენი დაშინების მცდელობისა, აკეთონ რეალური საქმე თბილისელებისათვის, ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს და სულ ცოტა თბილისის მერიას მაინც ნუ შეუშლიან ხელს საქმის კეთებაში. 

სიახლე
5 მარტი 2014  
 
იხილეთ მეტი