15:28     17/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხზე იმსჯელეს. კენჭისყრის შემდეგ საკრებულომ მერიის ინიცირებული საბიუჯეტო ცვლილებები დაამტკიცა. საკრებულოს სხდომას თბილისის მერის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი და გიორგი ხელაია, ასევე საქალაქო სამსახურების უფროსები ესწრებოდნენ.
თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი ხელაიამ დეპუტატებს 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დატალურად განუმარტა და დეპუტატების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
გიორგი ხელაიას თქმით, ახალ გუნდს მერიაში მიმდინარე წლის ბიუჯეტი დეფიციტური დახვდა, თანხების სოციალური ნაწილი, პრაქტიკულად, ათვისებული და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ნაწილში ნულოვანი იყო. ამ ცვლილებებით თბილისის მთავრობა შეეცადა, რესურსები თანაბრად გადაენაწილებინა, რათა აღნიშნულ საკითხებში წლის ბოლომდე შესაძლებელი იყოს თბილისელების ინტერესების დაცვა.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, თბილისის ბიუჯეტი 772 000 000 ლარით განისაზღვრა.

სიახლე
16 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია „ევროპის სახლში“  ჰოლანდიური დიზაინის ნიმუშების გამოფენას  დაესწრო. გამოფენაზე წარმოდგენილია  თანამედროვე არქიტექტურის, ინტერიერის და ავეჯის დიზაინის მინიატურული ნიმუშები.დავით ნარმანიას თქმით, არქიტექტურის და დიზაინი მუდმივად  ვითარდება, იხვეწება და უცხოური გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, რადგან მათში განსაკუთრებული შრომაა ჩადებული.  მისივე თქმით,  დედაქალაქის განვითარების ახალი გენერალური გეგმის შედგენისას, მნიშვნელოვანი იქნება  ჰოლანდიელ დიზაინერთა და არქიტექტორთა გამოცდილების გაზიარება. „მიმაჩნია, რომ განახლების პროცესი უნდა შეეხოს ყველა დარგს და მიმართულებას. შიდა–დიზაინის სფეროში ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ახალი ფორმების დანერგვაზე, რათა მყუდრო და სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად ბიზენსმენებს და მოქალაქეებს უახლეს მიღწევების გაცნობის შესაძლებლობა მივცეთ“ - განცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერმა იმედი გამოთქვა, რომ გამოფენა ხელს შეუწყობს ჰოლანდიელ პარტნიორებთან ბიზნეს–კავშირების განვითარებას. გამოფენის ორგანიზატორია „ევროპის სახლი“ და საქართველოში ნიდერლანდების საელჩო .

 

 

სიახლე
16 სექტემბერი 2014  
 
 

ე.წ. ბოშების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს ფულად კომპენსაციას ბაზრის ადმინისტრაცია გადაუხდის, ხოლო მიმდებარე ეზოში დაზარალებულ ოჯახებზე დედაქალაქის მერია იზრუნებს. ამის შესახებ მოვაჭრეებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, ბაზრის  ადმინისტრაციასთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. დავით ნარმანია პირადად ესაუბრა ბაზრის მფლობელი კომპანია „შოდა“-ს   საზღვარგარეთ მყოფ თანადამფუძნებელს, რომლისგანაც პირობა მიიღო, რომ დღესვე ჩატარდება დამფუძნებელთა სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც  დაზარალებული მოსახლეობისთვის ფულადი კომპენსაციის საკითხს გადაწყვეტს. „ ფულადი დახმარების  ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. მიღებული თანხით, დაზარალებულებს შეუძლიათ  დაფარონ ბანკის კრედიტი, ან იყიდონ საქონელი, რომლითაც ახალ ტერიტორიაზე განაგრძობენ საქმიანობას. ამის გარანტი კომპანიის ხელმძღვანელობაა მთელი მათი ქონებით. დაზარალებულებსა და კომპანიას შორის შუამავალი დიდუბის რაიონის გამგეობა იქნება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  თბილისის მერის თქმით,   კომპანიამ უკვე მიმართა ბანკს სესხისთვის, რომლის ნაწილი ფულად დახმარებაზე დაიხარჯება, ნაწილით კი მოეწყობა ახალი სავაჭრო ადგილები. თავის მხრივ, თბილისის მერია დაჩქარებული წესით გასცემს ნებართვას ახალი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად შესულ პროექტზე.

რაც შეეხება დაზარალებულ ოჯახებს და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებას, ამაზე  დიდუბის რაიონის გამგეობა და დასუფთავების სამსახური იზრუნებს. მოვაჭრეებთან შეხვედრის შემდეგ, დავით ნარმანია მიმდებარე ეზოში, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გაესაუბრა. მისი თქმით, სახლის სახურავების გადახურვა უახლოეს ხანებში დაიწყება. გარდა ამისა, თბილისის მერია და დიდუბის რაიონის გამგეობა სხვა სახის ზარალის ანაზღაურებაზეც იზრუნებს.

 

სიახლე
16 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლში“ კაფე-მაღაზია „კოფი ბინის“ გახსნას დაესწრო. ალექსანდრე მარგიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოში ცნობილი ყავის ბრენდი თბილისში შემოვიდა. თბილისის მერის პირველი მოადგილის განცხადებით, „კოფი ბინის“ მენეჯმენტი ქსელის გაფართოებას გეგმავს და უახლოეს მომავალში თბილისში ბრენდის 15 ფილიალი გაიხსნება.
„კოფი ბინი“ 1963 წელს ჰოლივუდში დაარსდა. როგორც კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, „კოფი ბინის“ კაფეებში მომხმარებელს ექსკლუზიური რეცეპტით დამზადებული ყავის დაგემოვნება შეუძლია. „კოფი ბინს“ მსოფლიო მასშტაბით 49 ფილიალი აქვს.

სიახლე
16 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში ქალაქის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ და რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორცილიელების ხელშეწყობის კომისიის  სხდომა გაიმართა. 
კომისიის სხდომაზე სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მიზნით, მერიაში შემოსული 124 მოქალაქის განცხადება განიხილეს. კომისიის წევრებმა დაფინანსების შესახებ დადებითი გადაწყვეტილება 109 განაცხადზე მიიღეს და თბილისის ბიუჯეტიდან 489 122 ლარი გამოიყო. 
სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების მიზნით, სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება დედაქალაქის მთავრობამ მიიღო. 
კომისიას თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ხელმძღვანელობს. კომისიის შემადგენლობაში სოციალური მომსახურეობისა და კულტურის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები და საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიისიის თავმჯდომარე შედიან.  
თბილისის მერიაში მოქალაქეთა მიერ დაფინანსების შესახებ შემოსულ განცხადებებს კომისია კვირაში ერთხელ განიხილავს.

სიახლე
16 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიაში დღეს მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. თბილისის მერს, მერის მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის უფროსებსა და რაიონის გამგებლებს სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით 620 თბილისელი შეხვდა. თბილისის მერის დავით ნარმანიას ინიციატივით, მოქალაქეთა მიღება ყოველ ორშაბათს 14-დან 18 საათამდე მიმდინარეობს. მიღების წესის თანახმად, თბილისელებს შესაძლებლობა აქვთ, დედაქალაქის მთავრობის წევრებს შეხვდნენ და მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემატური საკითხები პირადად გააცნონ. 

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

"2014 წლის ადგილობრივი არჩევნები, მიღებული გამოცდილება და მომავალი ნაბიჯები" - სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ამ თემაზე გამართულ კონფერენციაზე თბილისის მერი დავით ნარმანია მოხსენებით გამოვიდა. თბილისის მერმა   ვრცლად მიმოიხილა  2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
„რეფორმამ, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ, პირველი შედეგი მოიტანა - საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს პირდაპირი წესით არჩეული მერები და გამგებლები ჰყავს. ახლა მთავარია, რეფორმა გაგრძელდეს, რათა ადგილებზე ფინანსურად და უფლებამოსილებებით უფრო მეტად ძლიერი თვითმმართველობები ჩამოვაყალიბოთ, შევქმნათ სწორედ ხალხზე მზრუნველი, მათი საჭიროებების გადაწყვეტაზე ორიენტირებული ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ოცი წლის განმავლობაში ასე აკლდა ჩვენს თანამოქალაქეებს,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  მისივე თქმით, დედაქალაქის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი იქნება თითოეული თბილისელის პრობლემის გადაჭრა, მათ დასაქმებაზე ზრუნვა, სოციალური დაცვა და სრულყოფილი ცხოვრებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნა.
კონფერენციის ორგანიზატორია ევროპის საბჭოს და საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი (IFES),  შვეიცარიის კონფედერაციის და აშშს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, პოლიტიკური პარტიების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის წარმომადგენლები. 

სიახლე
16 სექტემბერი 2014  
 
 

საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დღეს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით #203-ე ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სპეციალიზებულ სკოლას ესტუმრა. გამგებელთან ერთად სკოლაში ყრუთა კავშირის პრეზიდენტი, ამირან ბატატუნაშვილიც იმყოფებოდა. სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებმა თეატრალიზებული წარმოდგენა გამართეს. ბექა მიქაუტაძემ მოსწავლეებს და მასწავლებლებს სიტყვით მიმართა. გამგებელმა სკოლას საჩუქრად ვიდეოკამერები გადასცა და სკოლის ხელმძღვანელობას ახალ პროექტებსა და წამოწყებებში თანადგომას დაპირდა.

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამეგებლმა ზაზა გაბუნიამ, სამედიცინო პროფილის სასწავლებელ “ორიენტირის” 600-მდე სტუდენტს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. მისასალმებელ სიტყვაში ზაზა გაბუნიამ ქვეყნის განვითარებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა. 
საზოგადოებრივი სასწავლებელი “ორიენტირი” 90-იანი წლებიდან ფუნქციონირებს. კოლეჯის ბაზაზე სამედიცინო მიმართულების მრავალი სპეციალისტი მომზადდა.  

სიახლე
15 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი