20:24     02/10/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

3 ოქტომბერს, 14:00 საათზე თბილისის მთავრობა,  შპს „ჰერმესის“ ხელმძღვანელობის ანგარიშს მოისმენს. სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში, „ჰერმესის“  ხელმძღვანელობა თბილისის მთავრობას გაწეული სამუშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. შპს „ჰერმესი“ ქალაქში არსებული სასაფლაოების მართვას და მოქალაქეებისათვის სარიტუალო მომსახურებას უზრუნველყოფს.
პარასკევის ტრადიციული შეხვედრების ფორმატში თბილისის მთავრობამ უკვე მოისმინა თბილისის სერვისის მიმწოდებელი კომპანების: „სითი-პარკის“,„თელასის“, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის, outdoor.ge-ს, „GWP“-ს და „თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელების ანგარიშები და სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

სიახლე
2 ოქტომბერი 2014  
 
 

ნაძალადევის რაიონის გამგეობელი, ზაზა გაბუნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის მოადგილეს შოთა რეხვიაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ნაძალადევის რაიონში   დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემატიკა განიხილეს და მისი მოგვარების გეგმები დასახეს.
ნაძალადევის გამგებლის ზაზა გაბუნიას თქმით, გამგეობა და სამინისტრო კომპაქტური დასახლებების გაზიფიცირების, ჩასახლებებში ამხანაგობების ფორმირების და ინფრასტრუქტურული კუთხით სამუშაო ჯგუფების გამოყოფაზე შეთანხმდა.
“რაიონში ბევრი იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. ჩვენ სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ მათ წინაშე არსებული პრობლემების ეტაპობრივად გადაჭრას. ვაპირებთ მოვუგვაროთ როგორც საყოფაცხოვრებო, ისე სერვისების მიღების გამარტივებასთან დაკავშირებული ფორმალური საკითხები და ამ მიზნით ერთობლივ ღონისძიებებს უახლოეს დღეებში განვახორციელებთ” - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
გამგეობაში გამართულ შეხვედრას ორივე უწყების შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  

სიახლე
2 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია მერის რანგში პირველად, გაფართოებულ ფორმატში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლებს შეხვდა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული შეხვედრის მიზანი დედაქალაქის ახალი მთავრობის მუშაობის სტრატეგიის გაცნობა და დაგეგმილ პროგრამებსა თუ პროექტებში დონორი ორგანიზაციების შესაძლო ჩართულობა იყო.
როგორც შეხვედრაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, თბილისის მთავრობის სურვილია, ერთის მხრივ, თანამედროვე ასპექტებზე გადასვლის კუთხით გაიზიაროს დონორი ორგანიზაციების მდიდარი გამოცდილება, მეორეს მხრივ,  მოიზიდოს ფინანსური რესურსი.
„დონორ ორგანიზაციებს სხვადასხვა სფეროებში მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვთ. ჩვენ აუცილებლად გვჭირდება მათი გამოცდილების გაზიარება და რესურსი ისეთ პროექტებში, როგორებიცაა განაშენიანების გენერალური გეგმის მომზადება, საცხოვრებლად მიმზიდველი და კომფორტული გარემოს შექმნა, სატრანსპორტო სისტემის ახალი მოდელის განვითარება, ნარჩენების მართვის სისტემის რეგულირება, თბილისის, როგორც რეგიონის ეკონომიკურ ცენტრად ქცევა, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქის ბიუჯეტი 800 მილიონ ლარამდეა, ეს თანხა  საკმარისი არ არის ქალაქში არსებული უამრავი პრობლემის მოსაგვარებლად“ - განაცხადა შეხვედრაზე დავით ნარმანიამ.
თავის მხრივ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD),მუნიციპალური ტრანსპორტის, მეტროსადგურების მოძველებული სისტემის განახლების, გარე-განათების ენერგოეფექტური სისტემის დამონტაჟების, პარკირებისა და სხვა პროექტებში ჩართვის მზადყოფნა გამოთქვა. აზიის განვითარების ბანკი კი მზადაა, თბილისის მთავრობას დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებაში დაეხმაროს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  სხვადასხვა  საკითხებში აქტიურად ჩაერთვება სამოქალაქო საზოგადოება.
„ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ  საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნების ელჩები და მოადგილეები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW),  აზიის განვითარების ბანკის, ბრიტანეთის საბჭოს, ევრაზიის ფონდის, ავსტრიის განვითარების სააგენტოს და სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დედაქალაქის მთავრობის წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.
აღნიშნული ფორმატით შეხვედრები წელიწადში ორჯერ გაიმართება.

 

სიახლე
2 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ მუნიციპალური ხელოვნების სკოლების უძრავი ქონებით უზრუნველყოფის პრობლემებთან დაკავშირებით თბილისის მერიაში შეხვედრა გამართა. შეხვედრას ხელოვნების სკოლის ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, განათლებისა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ფართებს, რომლებიც საჯარო სკოლების შენობაში  ხელოვნების სკოლებისთვისაა გამოყოფილი, ეკონომიკის სამინისტრო  საკუთრებაში მერიას გადასცემს, შესაბამისად, სახელოვნებო სკოლებს ამ ფართებით სარგებლობის უფლება მიეცემათ. მერიის ბალანსზე გადავა, ასევე, ცალკე არსებული შენობები, სადაც სახელოვნებო სკოლებია განთავსებული.
გარდა ამისა, 61-ე და 128-ე საჯარო სკოლებში განთავსებულ სახელოვნებო სკოლებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რადგან 61-ე სკოლა ავარიულობის გამო დემონრაჟს ექვემდებარება, 128-ე სკოლაში კი მოსწავლეთა დიდი ნაკადის გამო სახელოვნებო სკოლებისათვის ფართის გამოყოფა ვერ ხერხდება.

 

 

 

 

 

სიახლე
2 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი დღეს "Tbilisi Photo Festival 2014"-ის გახსნას დაესწრო. ალექსანდრე მარგიშვილმა ფოტოგამოფენა ორგანიზატორებთან ერთად გახსნა და აღნიშნა, რომ წლევანდელი ფესტივალი თავისი პროგრამით განსაკუთრებულია. ვიცე-მერის თქმით, მერია ფოტოფესტივალს მომავალშიც დაუჭერს მხარს.
„ჩვენი ვალია, მხარი დავუჭიროთ ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ქართველ ხელოვანებს წარმოაჩენს და ამავე დროს, გზას გაუხსნის მათ საერთაშორისო ასპარეზზე“, _ განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
ფესტივალი აბანოთუბანში, ლეღვთახევში, უკრაინის კონფლიქტის თემატიკაზე შექმნილი ფოტოგამოფენით გაიხსნა. "ორი ნაპირი: უკრაინა 2014"-ის ავტორი ცნობილი პოლონელი ფოტოგრაფი იუსტინა მელნიკევიჩია. პოლონელი ფოტოგრაფის ობიექტივში ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები მოხვდა.
ფესტივალის ფარგლებში, „თი-ბი-სი გალერეაში“ მოეწყობა კიდევ ერთი მასშტაბური გამოფენა - "ქართული დღიურები. რობერტ კაპა საქართველოში 1947". ასევე წარმოდგენილი იქნება რეზო კეზელის, ბორის შავერდიანისა და დევიდე მონტელეონეს ფოტოპროექტები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფოტოგრაფიის ღამე - ფოტოჩვენებები ძველ თბილისში ღია ცის ქვეშ.
"Tbilisi Photo Festival 2014"-ის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინიტრო.

 

 

 

 

 

სიახლე
1 ოქტომბერი 2014  
 
 

2  ოქტომბერს,  13:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“  თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება.
შეხვედრაზე დავით ნარმანია დიპლომატებს თბილისის მთავრობის მიერ განსახორციელებელი და მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. შეხვედრის მონაწილეები თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტებს განსაზღვრავენ.

სიახლე
1 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია და ქუთაისის მერი შოთა მურღულია გერმანიაში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა გერმანიასა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
საელჩოში, გერმანული მხარის თხოვნით, ასევე გაიმართა შეხვედრა კომპანია „p2mberlin“-ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მათი კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. კომპანია „p2mberlin“-ის საქმიანობა წყალმომარაგების და შესაბამისი შენობა-ნაგებობების მშენებლობის საკითხებს მოიცავს.
ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, თბილისისა და ქუთაისის მერებმა მონაწილეობა მიიღეს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროსა და განვითარების ბანკ „KFW“-ის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „მდგრადი ურბანული განვითარება სამხრეთ კავკასიაში“.

 

სიახლე
1 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ლიდერთა კონფერენციის გახსნასთან დაკავშირებით გამართულ მიღებას დაესწრო.
ალუდა გოგლიჩიძემ სტუმრებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციას თბილისის მერიასთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ. „ვიზრუნებთ, რომ ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდეს. თბილისის მერია მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებას გეგმავს, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების ლიდერთა კონფერენცია თბილისში დღეს გაიხსნა. კონფერენციაში ევროპისა და ცენტრალური აზიის 15 ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის,  ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვას, რუსეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უკრაინის, უზბეკეთის, ესტონეთის, ლატვის, ლიტვის  წარმომადგენლები მონაწილეობენ.
ლიდერთა კონფერენცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა (ICRC) და წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის (IFRC) მხარდაჭერით, სხვადასხვა ქვეყანაში, ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
კონფერენცია  3 ოქტომბრამდე გასტანს.   

 

სიახლე
1 ოქტომბერი 2014  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურმა, მიმდინარე წლის 4 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, 76 ტენდერი გამოაცხადა, საერთო თანხით - 14 920 961.00 ლარი.
მერიის შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს გამოცხადებული აქვს   36 ტენდერი, თანხით - 11 908 400,00 ლარი; ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურს - 17 ტენდერი, თანხით 2 631 496.00 ლარი; ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურს - 4 ტენდერი, თანხით 21 245,00 ლარი; მერიის ადმინისტრაციას - 19 ტენდერი, თანხით 359 820.00 ლარი.
ხელშეკრულების პირობებში მეტი სიცხადის, მხარეთა ვალდებულებების მკაფიოდ განსაზღვრის და პროექტების მართვის გაუმჯობესების მიზნით, აღნიშნულ პერიოდში  ხელშეკრულების პირობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. კერძოდ: 

  • დაინერგა და განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის  პირობები; 
  • დაინერგა სამუშაოთა წარმოების გეგმა-გრაფიკი, რომელიც ეტაპებად დაიყო  და ყოველი ეტაპის შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა საჯარიმო სანქციები;
  • ხელშეკრულებებში აისახა საექსპერტო დასკვნის წარმოდგენის ვალდებულება;
  • სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მიმწოდებლის მიერ წარმოსადგენი ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიის ოდენობა 2%-დან   5%-მდე გაიზარდა;
  • წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენების შემთხვევაში, წინასწარი გადახდის თანხების (ავანსი) დაკავების წესი განისაზღვრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 4 სექტემბრის N508 ბრძანების შესაბამისად. ცვლილება აისახა სატენდერო დოკუმენტაციაში, რითაც, პრეტენდენტებისთვის ავანსის ზემოთაღნიშნული მეთოდის გამოყენების შესახებ  ინფორმაცია კონტრაქტის გაფორმებამდე გახდა ცნობილი. წინა პერიოდში მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი ხდებოდა უშუალოდ მიღება-ჩაბარების აქტის წარმოდგენისას, მას შემდეგ, რაც სამუშაოების გასაგრძელებლად ჩაერიცხებოდათ გათვალისწინებულზე ნაკლები თანხა.

გარდა ამისა, სატენდერო პირობებში დაინერგა სხვა სიახლეებიც, რომელთა ნახვა შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (Procurement.gov.ge) ატვირთულ სატენდერო დოკუმენტაციებში.

სიახლე
1 ოქტომბერი 2014  
 
 

"საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის", ჟურნალი „STYLE“-ის ეგიდით, თბილისის მერიისა და მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერით, თბილისში არქიტექტურის მესამე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალის ფარგლებში, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა გამოფენა-კონკურსი ,,არქიტექტურული პრემია - 2014“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 135-მა არქიტექტორმა და დიზაინერმა აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან, ბულგარეთიდან და უნგრეთიდან. კონკურსზე წარმოდგენილი 170 ნამუშევარი 32-კაციანმა საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა.
კონკურსის ნომინაციებში გამარჯვებულ საუკეთესო არქიტექტურული და დიზაინერული  ნამუშევრების ავტორებს თბილისის მერის მოადგილემ, ნინა ხატისკაცმა "არქიტექტურული პრემია 2014"-ის ლაურეატის დიპლომები, ხოლო მერიის არქიტექტურის სამსახურმა საჩუქრად პლანშეტები გადასცეს.
საერთაშორისო კონკურსი "არქიტექტურული პრემია - 2014" საცხოვრებელი, საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერისა და დიზაინის სფეროს მოიცავდა. ყოველწლიური კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების გამოვლენა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.

 

 

 

სიახლე
1 ოქტომბერი 2014  
 
 

თბილსის მერი დავით ნარმანია სამუშაო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში დავით ნარმანია ბერლინის მერს შეხვდება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება. ორი დედაქალაქის მერი თბილისსა და ბერლინს შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღმავების საკითხებს განიხილავენ.
„ბერლინის მერთან საუბარი თბილისსა და ბერლინს შორის თანამშრომლობის საკითხების გაღრმავებაზე გვექნება და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ევროპული სტანდარტების ჰარმონიზაციისა და სხვა ცალკეულ პროექტებში მხარდაჭერის საკითხებზე ვისაუბრებთ“, - განაცხადა გერმანიაში გამგზავრების წინ დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, თბილსიის ხელისუფლებამ დედაქალაქის გენერალური გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით გერმანიასთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. „გენგეგმის შედგენისას გერმანული მხარე მხარდაჭერას გაგვიწევს და ამ მხრივ ევროპული გამოცდილების გაზიარებაში დაგვეხმარება. გერმანელი ექსპერტები უშუალოდ იქნებიან ჩართულები ამ პორცესში და გაგვიწევენ ყველა საჭირო კონსულტაციას იმისათვის, რომ შედგეს ძალიან ღირებული და განვითარებაზე ორიენტირებული დედაქალაქის განვითარების გრძელვადიანი გეგმა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი, განსაკუთრებით აქტუალურია არსებული წესებისა და პროცედურების ევროპული გამოცდილებასთან ჰარმონიზაცია. ამიტომაც მუნიციპალური საკითხების გადაწყვეტისას თბილისის მთავრობა გერმანულ გამოცდილებას აუცილებლად გამოიყენებს.
ბერლინის მერთან თბილისის მერის შეხვედრა 30 სექტემბერს გაიმართება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
28 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი