ცხელი ხაზი 272 22 22
14:09 25/01/2015
გამოიწერეთ სიახლეები ელ. ფოსტაზე
 

ზაჰესის დასახლებასთან მდებარე სარკინიგზო გზაგამტარი ხიდისა და ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქცია იწყება.  ამ მიზნით, ორივე ხიდი  კვირას, 25 იანვარს, 24:00 საათიდან დაიკეტება. რეკონსტრუქციის გამო დაკეტილი ხიდების ნაცვლად, ტრანსპორტის მოძრაობა შემოვლითი გზებით, ზაჰესის მიმართულებით მცხეთის გზიდან, დიღმის მიმართულებით - გლდანიდან იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის, ავთანდილ სუდაძის თქმით, სარეკონსტრქციო სამუშაოები, რომელსაც  შპს „სამშენებლო კომერციული კორპორაცია ხიდი“ აწარმოებს, 400 დღის მანძილზე გაგრძელდება. მისივე თქმით, პროექტისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 462 000 ლარია გამოყოფილი.
"დღეის მდგომარეობით, სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი-აკვედუკი ამ ტიპის ნაგებობების საექსპლუატაციო სტანდარტებს არ შეესაბამება.  ნაგებობების რეკონსტრუქცია 2013 წელს ჩატარებული გამოკვლევების დასკვნის საფუძველზე, თანამედროვე სტანდარტებით  მოხდება" - განაცხადა ავთანდილ სუდაძემ.
პირველ ეტაპზე სრული დემონტაჟი ჩაუტარდება 35 მეტრის სიგრძის და 11.60 მეტრის სიგანის სარკინიგზო გზაგამტარის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, რის შემდეგაც აშენდება ახალი ხიდი. უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით მოეწყობა ბურჯები,  ფერდის გასამაგრებელი საყრდენი კედელი, სავალი ნაწილი, ტროტუარები და ბორდიურები.
უსაფრთხოებისა და ახალი ტექნოლოგიების სტანდარტების დაცვით განხორციელდება ხიდი - აკვედუკის რეკონსტრუქციაც,  რომლის სიგრძე 120, სიგანე კი 12 მეტრია. მოხდება ნაგებობის დემონტაჟი, ბურჯების გარდა, მოეწყობა ხიდთან არსებული ფერდის გასამაგრებელი კედელი,  სავალი ნაწილი, ტრორუარები და ბორდიურები.
ზაჰესის სარკინიგზო გზაგამტარი ხიდი და ხიდი - აკვედუკი გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. ნაგებობების  სარეკონსტრუქციო სამუშაოები 80-იანი წლების შემდეგ  არ ჩატარებულა.

 

 

 

სიახლე
24 იანვარი 2015  
 
 

საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ მეღვინეთუხუცესის 83 წლისთავზე, დღეს 9 აპრილის ბაღში ცნობილი მსახიობის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა. ძეგლის ავტორი, მოქანდაკე ლევან ვარდოსანიძეა. ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და  საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა გახსნეს. 9 აპრილის ბაღში ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახის წევრები, მეგობრები, კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
„დღეს ღირსეული პატივი მივაგეთ ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესს. ადამიანს, რომელმაც ძალიან დიდი შემოქმედება და მემკვიდრეობა დაგვიტოვა. რამდენიმე თვის წინ, როდესაც მისი სახელობის მემორიალური დაფა გავხსენით, პირობა დავდეთ, რომ 83 წლის იუბილეზე, 9 აპრილის ბაღს ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი დაამშვენებდა და ამით პატივს მივაგებდით მის უკვდავ სახელს, რაც შევასრულეთ. ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი შთამომავლობას შემორჩება, როგორც ნათელი მაგალითი ჭეშმარიტი ხელოვანისა, ღირსეული ქართველისა და სამაგალითო მოქალაქისა. თითოეული ჩვენგანის ვალია, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ მისი სახელის უკვდავყოფაში, ჩვენი შვილები მოვიყვანოთ ამ ადგილზე და მოვუყვეთ მისი ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, დედაქალაქის მერია ყოველთვის მზად არის, მხარში დაუდგეს ოთარ მეღვინეთუხუცესის ოჯახს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის თქმით, ოთარ მეღვინეთუხუცესმა მოღვაწეობის 60 წლის განმავლობაში არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გმირი შექმნა კინოსა და თეატრში. „მქონდა ბედნიერება, პირადად ვიცნობდი ბატონ ოთარს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად უდიდესი საერთაშორისო აღიარებისა, მას ყოველთვის თავმდაბლობა ახასიათებდა და ეს მტკიცე ხასიათი ყველა გმირს ლაიტმოტივად გაჰყვებოდა. ყველაზე მთავარი, რაც მას ჰქონდა და  დღესაც აქვს, უამრავი ჯილდოს და აღიარების გარდა, არის ხალხის სიყვარული, რისი დასტურიც დღევანდელი დღეა“, - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
ოთარ მეღვინეთუხუცესი 2013 წლის 9 მაისს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტს კინოსა და თეატრში რამდენიმე ათეული როლი აქვს შესრულებული. ოთარ მეღვინეთუხუცესს მინიჭებული აქვს რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიები. 1979 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება. მსახიობი ასევე იყო არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი.
ოთარ მეღვინეთუხუცესი დიდუბის პანთეონშია დაკრძალული. გარდაცვალების შემდეგ, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დიმიტრი უზნაძისა და რომის ქუჩებს შორის მდებარე მოედანს ოთარ მეღვინეთუხუცესის სახელი ეწოდა. მსახიობის სახლთან კი მემორიალური დაფა გაიხსნა. 

სიახლე
16 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერიამ ნაძალადევის რაიონში, დადიანის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს დადიანის გამზირის  900 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ე.წ. „მალაკნების“ ხიდიდან ხუდადოვის ქუჩის შესახვევამდე. ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე 10 წელია, კაპიტალური სამუშაოები არ ჩატარებულა. უკვე დასრულებულია მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები. სატენდერო წინადადებების მიღება 6 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება. პრეტენდენტების გამოვლენის შემდეგ გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება სამუშაოების დაწყებაზე.
გზის კაპიტალური შეკეთებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან 2 311 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

 

სიახლე
23 იანვარი 2015  
 
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, დაწესებულებები, ორგანიზაციები, ინდივიდუალურ მეწარმეები, ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც 2014 წლის 22 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე  დაერიცხათ დასუფთავების  მოსაკრებელი, გათავისუფლებული არიან ერთჯერადად დარიცხული გადასახადისგან, ხოლო მათ ვისაც უკვე გადახდილი აქვს მოსაკრებელი, გადახდილი თანხა დაუჯდებათ კრედიტში.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მიმართავს იმ აბონენტებს, რომლებსაც ზემოთ აღნიშნულ პერიოდში დაერიცხათ მოსაკრებელი, მიმდინარე წლის 5 ივნისის ჩათვლით, განცხადებით მიმართონ შპს „თბილსერვის ჯგუფს“ მისამართზე - კახეთის გზატკეცილი #67, ბელიაშვილის ქ.25.
თბილისის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვა-ამოღების კონტროლის მიზნით,  შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ 2014 წლის 22 სექტემბრის #02748 ბრძანებით  ქ. თბილისის პასპორტიზაციის ფარგლებში შეამოწმა დედაქალაქის 5 რაიონში მოქმედი დაწესებულებები, ორგანიზაციები, ფიზიკური და იურიდიულ პირები, ასევე ინდივიდუალური მეწარმეები.
აღნიშნულ პირებს  დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ თბილისის საკრებულოს 2013 წლის 31 მაისის #7-22 გადაწყვეტილებით დადგენილი წესით, რამაც ხშირ შემთხვევაში შეადგინა 2 თვიდან 18 თვემდე პერიოდი. შესაბამისად, ერთჯერადად დარიცხული მოსაკრებლის ოდენობა მერყეობს დაახლოებით 100 ლარიდან 200 000 ლარამდე.
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილებით, ძალადაკარგულად გამოცხადდა  2013 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რის გამოც შესამოწმებლად დარჩენილ რაიონებში მოქმედ დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ინდივიდუალურ  მეწარმეებს,   დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არაუმეტეს ახალი დადგენილების მიღების ძალაში შესვლის დღიდან - 2014 წლის 17 დეკემბრიდან.
არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, დღემდე შემოწმებული ობიექტები აღმოჩნდნენ საკმაოდ მძიმე და არათანაბარ პირობებში, იმ პირებთან შედარებით, რომელთა შემოწმება განხორციელდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში  მოქმედი დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიულ პირების, ინდივიდუალური მეწარმეების თანაბარ პირობებში მოქცევის მიზნით, საჭიროა შემოწმებულ გადამხდელებზე (აბონენტებზე) ერთჯერედად დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის თარიღის კორექტირება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით “თბილსერვის ჯგუფს” ცხელ ხაზზე: 2 61 90 50.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20-83 იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=2669442&lang=ge#

 

 

 

 

სიახლე
14 იანვარი 2015  
 
 

თბილისის  შემოგარენში  სამშენებლო ნარჩენებისთვის სპეციალური ტერიტორია გამოიყო. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ნაგავსაყრელი გლდანის ტერიტორიაზე, 12 ჰა ფართობზე განთავსდება.
თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ზედამხედველობის სამსახურს ნარჩენების განთავსებისთვის  მოსაკრებლის შემოღება დაავალა. მისი თქმით, მოსაკრებლისგან მიღებული თანხა სამშენებლო ნარჩენების პოლიგონის მოწესრიგებას მოხმარდება. ამასთან, თბილისის მერი მიესალმება ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებას ქალაქში ნარჩენების გადაყრისთვის ჯარიმების გაზრდის თაობაზე.
"სამშენებლო ნარჩენებთან დაკავშირებით ქალაქში ქაოსია, განსაკუთრებით ცენტრალური უბნების გარეთ. ვაფრთხილებ ყველა კომპანიას, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომელსაც გააქვს სამშენებლო ნარჩენი და ყრის ნებისმიერ ადგილზე, მიმართონ  შპს „თბილსერვისს“, რათა კომპანიამ  მიუთითოს მათ, თუ სად განათავსონ ნარჩენები", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ უფროსის მოადგილის, ლევან ჯღარკავას განცხადებით, სამშენებლო ნარჩენებისათვის ნაგავსაყრელი აქამდე არ არსებობდა. მისივე თქმით, ნაგავსაყრელისთვის განკუთვნილი ტერიტორიის „თბილსერვის ჯგუფისათვის“ გადაცემის შემდეგ, ტერიტორია მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში კეთილმოეწყობა.

 

 

 

სიახლე
21 იანვარი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში, თიანეთის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო. საერთო ფართობით 11, 634 კვადრატული მეტრის ქუჩის კაპიტალური შეკეთება 2015 წლის თებერვალში დასრულდება. პროექტის ღირებულება 615 000 ლარია.
პროექტის მიხედვით, მოიხსნა დაზიანებული საფუძველი, მოეწყო გრუნტი და საფუძვლის ზედა და ქვედა ფენა. ასევე, გათვალისწინებულია არსებული საკომუნიკაციო ჭების გზის ნიშნულამდე მოყვანა, ასფალტის საფარის ზედა ფენების დაგება, ტროტუარებისა და ბორდიურების მოწყობა. 
თიანეთის ქუჩის რეაბილიტაცია 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. სამუშაოებს კომპანია „გერალი“ აწარმოებს.

სიახლე
12 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერის დავით ნარმანიას დავალებით, დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები შპს “უძრავი ქონება - თბილისის” დაქვემდებარებაში გადავა.
როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, წინა ხელისუფლების დროს მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა პატრონობა სამ სხვადასხვა უწყებაზე იყო გადანაწილებული და პასუხისმგებლობები მკაფიოდ არ იყო განსაზღვრული.
მისივე თქმით, შპს “უძრავი ქონება - თბილისი“, რომელიც ამიერიდან დედაქალაქში  არსებულ 41-ვე მიწისქვეშა გადასასვლელის კეთილმოწყობაზე იზრუნებს, თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია.
თბილისის მერმა დღეს პირველი დავალებებიც გასცა. კერძოდ, კომპანიის ხელმძღვანელობას მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებისთვის 10 დღიანი ვადა მიეცა. გარდა ამისა, არსებული რესურსებით მიწისქვეშა გადასასვლელების მოსაწესრიგებლად და განათების უზრუნველსაყოფად  კომპანიას  გეგმა გრაფიკის შემუშავება დაევალა, რომლის შესრულებას დავით ნარმანია პირადად გააკონტროლებს. თბილისის მერის თქმით,   მოსაწესრიგებელია ფართების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლების საკითხიც.
„თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე ერთ მილიონ ლარზე მეტია  გათვალისწინებული. რამდენიმე მიწისქვეშა გადასასვლელში დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები, შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის დამონტაჟდა ლიფტები,  მოწესრიგდა განათება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

სიახლე
21 იანვარი 2015  
 
 

ერეკლე II-ს ქუჩაზე, ნაძვის ხეების ფესტივალი, ტელე კომპანია "GDS"-ის გამარჯვებით, დასრულდა. საუკეთესო ნაძვის ხე ხმის დამთვლელმა კომისიამ ჟურნალისტებთან ერთად გამოავლინა. კომისიის წევრები თამარ ფოცხიშვილი, მსახიობი ნიკა წულუკიძე და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ხელმძღვანელი ზურაბ წერეთელი იყვნენ.
ნაძვის ხეების ფესტივალი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის მერიის ორგანიზებით, 25 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდა. ორი კვირის განმავლობაში ერეკლე II-ს ქუჩის სტუმრებს საშუალება ჰქონდა დაეთვალიერებინა სხვადასხვა წამყვანი ბიზნეს და ტელე კომპანიების მიერ წარმოდგენილი ნაძვის ხეები და ხმა მიეცათ საუკეთესოს გამოსავლენად. 
ფესტივალში მონაწილე კომპანიებს შორის იყო: ”Wissol” ჯგუფი, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”, ტელე კომპანია ”GDS”, ტურიზმის ეროვნული სააგენტო, ”დინამო თბილისი”, კომპანია ”ახალი ქსელები”, დიზაინერი აკა ნანიტაშვილი, მაღაზია ”პროვანსი”, მაღაზია ”ქრონოგრაფი”, ღვინის კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“, გაზეთი ”პრაიმ ტაიმი”, კომპანია ”კაპაროლი” და კომპანია ”კონტრალო”.
გამარჯვებულ ნაძვის ხეს თბილისის მერიის მიერ დამზადებული სიმბოლური პრიზი გადაეცა.

სიახლე
7 იანვარი 2015  
 
 

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდა. როგორც დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, საგანგებო სიტუაციების სამსახური ქვეყნის მასშტაბით ცენტრალიზებული გახდა. ამდენად, სახანძრო -სამაშველო სამსახური  შინაგან საქმეთა სამინისტროს დაექვემდებარა.
მისივე თქმით, საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს გამოეყო და ცალკე ჩამოყალიბდა სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სამსახური“, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაში რჩება. გარდა ამისა, მერიის დაქვემდებარებაში რჩება ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახური. 

სიახლე
21 იანვარი 2015  
 
 

დღეს ერეკლე II-ის ქუჩაზე ნაძვის ხის ფესტივალი გაიხსნა. სხვადასხვა წამყვანი კომპანიის საიმიჯო ნაძვის ხეები ორი კვირის განმავლობაში იქნება გამოფენილი და მათ შორის საუკეთესო ნაძვის ხე ფესტივალის ბოლოს გამოვლინდება. გამარჯვებულ ნაძვის ხეს ერეკლე II-ის ქუჩის სტუმრები ხმის მიცემით შეარჩევენ.
ნაძვის ხეების ფესტივალი წინასაახალწლო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს და 7 იანვარს საზეიმო დაჯილდოებით დასრულდება.

სიახლე
25 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობა საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ „სილქნეტის“. „GWP”-ს „კაუკასუს როუდ პროჯექტის“, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე სამსახურის, შპს „კავტრანსპროექტის“, „დელტაკომის“ და „ახალი ქსელების“ ხელმძღვანელი პირები.
რიგით პირველი სამუშაო შეხვედრის მიზანი დედაქალაქის მერიასა და აღნიშნულ კომპანიებს შორის კოორდინირებული მუშაობა იყო. შეხვედრაზე  ჯავახიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებზეც იმსჯელეს. ყოფილი ელბაქიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს   კომპანია „კაუკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებს.
კომპანიის დირექტორის ლევან ტრაპაიძის თქმით, ჯავახიშვილის ქუჩაზე უკვე მოეწყო მიწის ყრილი. მომდევნო ეტაპი იქნება ხიმინჯების დაყენება და კედლის გამაგრება, რის შემდეგაც მოწესრიგდება კომუნიკაცია და  დაიწყება ქუჩის მოპირკეთება.
საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებთან შეხვედრა თვეში ერთხელ გაიმართება.

 

 

 

 

სიახლე
20 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქში  მცხოვრებ სხვადახვა ქრისტიანული კონფესიის მრევლს შობა მოილოცა.
დავით ნარმანია კათოლიკურ ეკლესიაში სადღესასწაულო წირვას  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრ სოზარ სუბართან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელ ზაზა ვაშაყმაძესთან ერთად დაესწრო, რის შემდეგაც შობის დღესასწაული მთავრობის წევრებთან ერთად “ორმოცდაათიანელებს” მიულოცა. 
"მოვედით, რათა  მოგილოცოთ და თქვენთან ერთად გავიზიაროთ ქრისტეშობის დღესასწაული, რომელიც ისევე, როგორც მაცხოვრის აღდგომა, ყველა ქრისტიანს გვაერთიანებს. შობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც პირველწყარო, დასაწყისი და დასაბამი ქრისტიანული რწმენისა.  შობის სასწაულით იწყება უფლის განკაცება. ეს ის დღეა, როცა სამყარო ერთად ზეიმობს, როცა კეთილმა სძლია ბოროტს. ჩვენ ვართ ერთნი და ამ ერთობით მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ"- მიმართა დავით ნარმანიამ კათოლიკური ეკლესიისა და „ორმოცდაათიანელების“ მრევლს და მათ ერთიანობა და სულის სიმტკიცე უსურვა.

სიახლე
25 დეკემბერი 2014  
 
 

2014 წელს საქართველოს „სოლიდარობის ფონდის" საქმიანობის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილმა „სოლიდარობის ფონდმა“ თბილისის მერიის თანამშრომლები დააჯილდოვა.
მუნიციპალიტეტებს შორის ფონდში ყოველთვიურად განხორციელებული დონაციის ყველაზე მაღალი მოცულობისთვის, სოლიდარობის ჯილდო და მადლობის სერტიფიკატი დღეს დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას გადაეცა. 
როგორც სასტუმროში "რადისონ ბლუ ივერია" „სოლიდარობის ფონდის“ 2014 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ფონდის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაშმა განაცხადა, მუნიციპალიტეტებს შორის, თბილისის მერიის თანამშრომლების მიერ ფონდში ყოველთვიური შენატანი 11 ათას ლარს აჭარბებს, რისთვისაც მარიამ ჯაშმა მადლობა გადაუხადა მერიის თითოეულ თანამშრომელს. 
თბილისის მერის დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მერიაში მისვლისთანავე, ახალი გუნდი აქტიურად ჩაერთო პრემიერ-მინისტრის ინიციატივაში. „თბილისის მერია „სოლიდარობის ფონდის“ ერთ-ერთი მსხვილი კონტრიბუტორია, როგორც ინდივიდუალურად თანამშრომლები, რომლებსაც გააჩნიათ შენატანები, ისე პროგრამულად და მაქსიმალურად უჭერს მხარს „სოლიდარობის ფონდის“ მეშვეობით კეთილი საქმეების კეთებას. გპირდებით, რომ 2015 წლის შენატანი გაცილებით უფრო მეტი იქნება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
როგორც პრეზენტაციაზე ითქვა, ამოქმედებიდან დღემდე ფონდის საქმიანობას 240-ზე მეტი საჯარო უწყების 40 000-ზე მეტი თანამშრომელი შეუერთდა. ფონდმა უკვე გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმები 14 კერძო კომპანიასთან.
საერთო ჯამში 1 701 000 ლარის მობილიზება მოხდა და 1 198 000 ლარი დამტკიცდა 58 ბავშვისა და ახალგაზრდის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის. ფონდის დაფინანსებით 18 ბავშვი უკვე გაემგზავრა, ან გეგმავს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრებას. 
დღეს სოლიდარობის ჯილდოები გადაეცა 24 საჯარო უწყებას, 16 კერძო კომპანიას და არასამთავრობო ორგანიზაციას. მადლობის სერტიფიკატები მიიღო 43-მა საჯარო უწყებამ.

სიახლე
18 იანვარი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის გამზ. 34-ში მდებარე სპორტული მოედანი განახლდა, რომელსაც ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპული ქართველი გმირების სახელი ეწოდა. ტყუპი ძმების, ვასილ და ნუკრი წიკლაურების სახელობის სტადიონი ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ გახსნა. რაგბისტი ძმები ნაძალადევის რაიონის მაცხოვრებლები იყვნენ, ამ მოედანზე გადიოდნენ სპორტულ მომზადებას და ატარებდნენ შეჯიბრებს.
გამგეობის დაფინანსებით მოხდა კომბინირებული სტადიონის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო ინფრასტრუქტურა და დაიგო მაღალი სტანდარტის ხელოვნური მწვანე საფარი. სტადიონის გახსნას ქართველი მებრძოლების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ვასილ და ნუკრი წიკლაურების და ბელა ზალდასტანიშვილი, რომელმაც ბაბუშერას ტრაგედიის დროს ძმებთან ერთად ორი შვილი დაკარგა. აფხაზეთში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები საქართველოში 2014 წლის დეკემბერში ჩამოასვენეს და დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

სიახლე
17 იანვარი 2015  
 
 

ნაძალადევის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაშია. რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ მოსახლეობასთან ერთად დღეს თემქაზე, 48-ე სკოლის ეზოში მდებარე განახლებული სტადიონი გახსნა. 450 კვ/მ ფართობის მოედანზე დაიგო ახალი, ხელოვნური მწვანე საფარი, განახლდა ფეხბურთისა და კალათბურთის კარები; სპორტული მოედნის გარშემო დამონტაჟდა ახალი ტექნოლოგიის ლითონის ბადე, რომელიც უსაფრთხოების მიზნით მოქცეულია პლასტმასის კონსტრუქციაში.
ნაძალადევის გამგებლის ზაზა გაბუნიას თქმით, დეკემბრის ბოლომდე კიდევ 3 სტადიონის რეაბილიტაცია დასრულდება.

 

სიახლე
13 დეკემბერი 2014  
 
 

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს ოლიმპიური სოფელი მოინახულა. თბილისის მერთან ერთად ობიექტზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ლევან ყიფიანი იმყოფებოდნენ. თბილისის მერმა მშენებარე სასტუმრო და საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა. დავით ნარმანიას განცხადებით, თითქმის დასრულებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და უახლოესი სამი თვის განმავლობაში ყველა ძირითადი სამუშაო უნდა დამთავრდეს.
„ამ ობიექტებში განთავსდებიან მაღალი კლასის სტუმრები, ასევე ოლიმპიადის მონაწილეები. ჩვენ დღეს ვნახეთ ადგილზე სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა და შევადარეთ იმ საპროექტო დოკუმენტაციასთან, რომელიც წინასწარ შეთანხმებულია სახელმწიფოსთან და ქალაქის მერიასთან. მარტში კიდევ ვეწვევით ამ ობიექტებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის,  ლევან ყიფიანის განცხადებით, ობიექტებზე ინვენტარის შეტანა მარტში დაიწყება. ყიფიანის თქმით, ყველა სამუშაო გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015“-ს  სოფლის  მშენებლობას კომპანია „ჰუალინგ ჯგუფი“ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებს. კომპლექსი დასრულების შემდეგ სამი თვის ვადით უსასყიდლოდ გადაეცემა ქართულ მხარეს და  3800 სპორტსმენს უმასპინძლებს. კომპლექსი ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების შემდეგ, კვლავ დაუბრუნდება ინვესტორ კომპანიას. ოლიმპიური სოფლის საინვესტიციო თანხა  150 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.  
ოლიმპიური სოფელი  მოიცავს  9 საცხოვრებელ 10 სართულიან კორპუსს, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, რესტორანს, ლანდშაფტური დიზაინით მოწყობილ სარეკრეაციო ზონას და ავტოსადგომს. მიმდინარე წლის მაისში კომპლექსი სრულად დასრულდება. 

 

 

 

 

 

 

სიახლე
17 იანვარი 2015  
 
 

თბილისის მერიასა და ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის მერიას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დედაქალაქის მერის ირლანდიაში ვიზიტის ფარგლებში, მემორანდუმს ხელი მოაწერეს დავით ნარმანიამ და დუბლინის ლორდ მერმა ქრისტი ბრუკმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთმანეთს გაუზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, მყარი ნარჩენების მართვისა და ადგილობრივი მმართველობის სფეროში.
როგორც ირლანდიიდან დაბრუნებულმა თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა, თბილისი და დუბლინი ორ ძალიან მნიშვნელოვან - გამწვანების და საცობების მართვის საკითხებში ითანამშრომლებენ.
„მე უკვე მოვიწვიე ორი სპეციალისტი ირლანდიიდან, რომლებიც შეისწავლიან დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის მართვის ნაწილს და გაგვიწევენ რეკომენდაციებს, როგორ განვავითაროთ იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რათა შევძლოთ საცობების მართვა“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მისი თქმით, სხვა პრიორიტეტებს შორის, ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი დედაქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაა, ამდენად, ძალიან  მნიშვნელოვანია ირლანდიის მიდგომები ამ კუთხით. მისივე თქმით, ქართული მხარე დაამუშავებს მათ მოდელს და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით გააუმჯობესებს დედაქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობას.

 

 

 

 

 

 

 

სიახლე
12 დეკემბერი 2014  
 
 

დღეს თბილისის ვიცე-მერმა ალექსანდრე მარგიშვილმა და დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში ალექსნადრა ჰოლიმ ახალი სასტუმრო „ლონდონ პალასი“გახსნეს. თბილისის ვიცე-მერმა „ლონდონ პალასის“ მფლობელებსა და მიწვეულ სტუმრებს სასტუმროს გახსნა მიულოცა.
“მინდა მოგილოცოთ ასეთი შესანიშნავი სასტუმროს აშენება. ასევე, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის და ბრისტოლის მეგობრობისთვის, ჩადებული ენერგიისა და დროისთვის იმ ხალხს, რომელიც თბილისი–ბრისტოლის ასოციაციას უდგას სათავეში. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ქალაქების მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ასეთი არა მარტო სასტუმროები, არამედ სხვა ბიზნესებიც ბევრი გაიხსნება თბილისში“,– განაცხადა ალექსანდრე მარგიშვილმა.
სასტუმროს პროექტი კომპანია "Unique Stay Hotels "-მა განახორციელა.  სასტუმრო 30 ნომრიანია. პროექტის მთლიანი ღირებულება 2,6 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 35 ადამიანი.  სასტუმრო  ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარეობს და  მოემსახურება როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ტურისტებს. სასტუმროში 14 ადამიანი დასაქმდება.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის დაძმობილებულ ქალაქ ბრისტოლიდან სპეციალურად ჩამოსული ინგლისელი სტუმრები, მათ შორის, ბრისტოლ–თბილისის ასოციაციის თავმჯდომარე  დერეკ პიკაპი, რომელსაც გასულ წელს თბილისობის დღესასწაულზე "თბილისზე მზრუნველის" საპატიო  წოდება მიენიჭა. აღსანიშნავია, რომ  „ლონდონ პალასის“ შენობაშია განთავსებულია "თბილისი–ბრისტოლის ასოციაციის" ოფისი.

 

 

 

სიახლე
16 იანვარი 2015  
 
 

მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებიან თბილისის მერიაში და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებული შესყიდვის დოკუმენტაციის ამოღების მიზნით, სიმართლეს არ შეესაბამება.
საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხზე მთავარ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ხსენებული შესყიდვების კანონიერების დასადგენად და გამოძიების პროცესში თბილისის მერია აქტიურად არის ჩართული.
ვინაიდან საზოგადოებაში გაჩნდა კითხვები "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით განხორციელებულ შესყიდვებზე, თბილისის მერია გამოძიებას მიაწოდებს სრულ დოკუმენტაციას, რისი მოგროვების პროცესიც მიმდინარეობს და აპირებს მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გამოძიებასთან სიმართლის დასადგენად.

სიახლე
9 დეკემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი