05:58     15/09/2014   Tbilisi.gov.ge
   
სიახლეების გამოწერა
სიახლეების გამოსაწერად მიუთითეთ თქვენი ელ-ფოსტა.

 
 

ილია ჭავჭავაძის მკვლელობის 107 წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის მერი დავით ნარმანია თბილისსა და საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში გამართულ ღონისძიებებს და წმინდა ილია მართლის სულის მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრო. დავით ნარმანიას თქმით, ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას მის მიერ გაკეთებულ დიდებულ საქმეებს დავიწყება არ უწერია. „ილიას შემოქმედება და მოღვაწეობა რამდენიმე მიმართულებით იყო ძალიან ღრმა და მას აქტუალობა დღემდე არ დაუკარგავს. მათ შორისაა ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც საფუძვლად დაედო ადგილობრივი თვითმართველობის რეფორმას. დიდია მისი ღვაწლი საბანკო საქმის განვითარებაში. ეს ხდებოდა ძალიან რთულ და მძიმე პერიოდში, რაც კიდევ ერთხელ  უსვამს ხაზს, რომ ილია ჭავჭავაძე სხვებისგან  გამორჩეული პიროვნება იყო“  განაცხადა დავით ნარმანიამ საგურამოში სიტყვით გამოსვლისას.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა სახლ-მუზეუმების ხელმძღვანელებს იმისთვის, რომ ილიას მემკვიდრეობა დღემდე შემოუნახეს მომავალ თაობებს. თავის მხრივ, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მთავრობა სათანადო ყურადღებას მიაქცევს ილიას სახელთან დაკავშირებულ თითოეულ ნივთს, შენობას და ქუჩას.

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის საკრებულოში გაფართოებული კომისიების სხდომა გაიმართა, რომელსაც  მერიის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. კომისიის სხდომაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან თევზაიამ 2014 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების პროექტი წარადგინა. აღნიშნული პროექტი შესაბამისმა სამსახურმა საკრებულოს გასაცნობად სამი დღის წინ გადაუგზავნა. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში დაშვებულ იქნა მნიშვნელოვანი ხარვეზები. კერძოდ, ბიუჯეტის შემოსავლებში საწარმოთა ქონების გადასახადიდან მისაღები შემოსავლები 2013 წელთან შედარებით დაიგეგმა 48 500,0 ათასი ლარით მეტი (2013 წლის გეგმა 94 000,0 ათასი, ხოლო 2014 წლის გეგმა - 142 500,0 ათასი ლარი). აღნიშნული პარამეტრის ზრდა იყო ყოვლად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, ვინაიდან გასულ წელთან მიმართებით არ შეცვლილა აღნიშნული გადასახადის არც დასაბეგრი ბაზა და არც გადასახადის სიდიდე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბიუჯეტის შემოსულობები მცირდება 42 600.0 ათასი ლარით, გადასახდელები - 12 575,4 ლარით, რაც იწვევს საბიუჯეტო დეფიციტს 30 024.6 ათასი ლარის ოდენობით. დეფიციტის შევსების წყაროდ მიზანშეწონილად ჩაითვალა სესხის აღება კომერციული ბანკიდან და ეს სესხი გამოყენებული იქნება კაპიტალური ინვესტირებისათვის. გარდა ამისა, ბიუჯეტში მოძიებული შიდა რესურსების ხარჯზე, იზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მე-3, მე-4, მე-5 და მეტი შვილის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადი მატერიალური დახმარება 800, 1000 და 1500 ლარის ოდენობით; აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელმოწყობის პროგრამები.

ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ, კომისიებმა 2014 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს  კენჭი  უყარეს. პროექტი საკრებულოს მომავალ სხდომაზე დასამტკიცებლად წაედგინება.

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

 სერვისისის მიმწოდებელი კომპანიების პარასკევის ტრადიციული მოსმენის  ფორმატში, 12 სექტემბერს  თბილისის მთავრობამ „თბილისის მიკროავტობუსის“ მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში მოისმინა. თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, დედაქალაქის მთავრობის მოთხოვნა უცვლელია - რაც შეიძლება ხარისხიანი სერვისი მიეწოდოს თბილისელებს, მოსახლეობაში შემცირდეს უკმაყოფილების დონე, გადაიხედოს ტარიფები. „მომსახურება უნდა იყოს ტარიფების ადეკვატური. კონდიცირებასთან დაკავშირებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ამ მხრივ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რასაც მძღოლები ძრავების დაბალი სიმძლავრით ხსნიან “ - განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, პრობლემად რჩება მიკროავტობუსებში მგზავრების ფეხზე დგომა, რომლის გადასაჭრელადაც მარშრუტების დამატებაა საჭირო. გარდა ამისა, თბილისის მერი დაინტერესდა, ხომ არ აჯობებდა, „თბილისის მიკროავტობუსში“ გაერთიანებულ  4  კომპანიას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ემუშავა, რაც მათ შორის კონკურენტუნარიანობას და, შესაბამისად, მომსახურების ხარისხს გაზრდიდა. “თბილისის მიკროავტობუსის“ ხელმძღვანელის, დავით ასანიძის ინფორმაციით, მგზავრების გადაყვანის საშუალო რაოდენობა დღეში 350 000-ია, ხაზებზე მოძრაობს 1850 სამარშრუტო მიკროავტობუსი. მისივე თქმით, სამომავლო გეგმებშია მგზავრის და მძღოლის დაზღვევა, სველი წერტილების  მოწყობა და სხვა. რაც შეეხება გაერთიანებაში შემავალი კომპანიების ცალ-ცალკე მუშაობას, გიორგი ასანიძის თქმით, ოთხივე კომპანია არასაჯარო სამართლის იურიდიული პირია და მათ თვითონ მიიღეს ერთობლივად მუშაობის  გადაწყვეტილება, რაც კანონს არ ეწინააღმდეგება. რაც შეეხება მგზავრების ფეხზე დგომას, ასანიძე მიიჩნევს, რომ პრობლემა მოგვარებადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი არ ავა მიკროავტობუსში. კონდიცირებასთან დაკავშირებით ასანიძე აცხადებს, რომ მიკროავტობუსებში ამ კუთხით სამუშაოები ყოველ წელს ტარდება, მაგრამ კონდიციონერის  ჩართვაზე თავად მძღოლები აცხადებენ უარს, მიუხედავად იმისა, რომ  აგვისტოში კომპანიამ 70 პროცენტით დაუკლო გადასახადი, დაწერილია 2 700 გაფრთხილების და ჯარიმის ოქმი, თუმცა, უშედეგოდ. მისივე თქმით,  საჭიროა მკაცრი ზომების გატარება. ასანიძე მერიას ერთობლივი ჯუგუფის  შექმნას სთავაზობს, რომელიც პრობლემებს შეისწავლის და მკაცრ ზომებს გაატარებს. ახალი ხაზების დამატებასთან დაკავშირებით, კომპანიის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ  183 ხაზიდან ყველა რენტაბელური არ არის, მაგრამ კომპანია იძულებულია, შეინარჩუნოს და თავად გაიღოს საწვავის თუ შენახვის ხარჯები. რაც შეეხება ტარიფს, ასანიძე მერიას სთავაზობს, სუბსიდირება გაუკეთოს კომპანიას, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ ტარიფზე შეთანხმება შეიძლება. შეხვედრაზე  გამგებლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მათ რაიონებში არსებული პრობლემების შესახებ. ყურადღება გამახვილდა ახალი სამარშრუტო ხაზების დამატებაზე, მგზავრთა გადატვირთულ რაოდენობასა და მძღოლების დაბალ კვალიფიკაციაზე, რაზეც კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ მძროლების კვალიფიკაციის პრობლემა არა მხოლოდ თბილისში, ზოგადად საქართველოში დგას. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც მერიის მხრიდან ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, პაატა ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. თბილისის მერმა გამგებლებს დაავალა, წარმოადგინონ კონკრეტული ინფორმაცია მათ რაიონში არსებული პრობლემების შესახებ. აგრეთვე, გადაწყდა, რომ შემუშავდება მექანიზმი სამარშრუტო ტაქსში ფეხზე დგომასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, კომპანიას დაევალა, რომ მან ადრე გაზაფხულიდან დაიწყოს მიკროავტობუსების კონდიცირებაზე ზრუნვა; დღევანდელ შეხვედრაზევე, თბილისის მერმა დავალება მისცა ტრანსპორტის საქალაქო სამსახურსა და კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ მომზადდეს სამარშრუტო ტაქსების ბოლო გაჩერებებზე სველი წერტილებისა და მიკროსავაჭრო ობიექტების მოწყობის პროექტი. აგრეთვე, კომპანია, მერიასთან ერთად, შეისწავლის სამარშრუტო ხაზების დამატების შესაძლებლობას. თბილისის მერმა კომპანიის ხელმძღვანელობას დაავალა, ორი კვირის ვადაში მერიას მიაწოდონ სრული ინფორმაცია, თუ რის გაკეთებას აპირებს კომპანია ამ კუთხით.

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს პრიიტ ტურკს შეხვდა. ელჩმა დავით ნარმანიას მერად არჩევა მიულოცა და ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა პროექტების განხორციელების იმედი გამოთქვა, მათ შორის ტურიზმის , საგანმანათლებლო და მუნიციპალური სერვისების სფეროში. დავით ნარმანიას თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ესტონეთის მიმართ ინტერესი უფრო მეტად გაიზარდა. „ესტონეთი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა გზით უნდა იაროს საქართველომ. დარწმუნებული ვარ, ბევრი ურთიერთსასარგებლო საქმის გაკეთებას შევძლებთ, განსაკუთრებით დედაქალაქებს შორის მუნიციპალური სერვისების მენეჯმენტის და სტანდარტების შემუშავების კუთხით“ განაცხადა დავით ნარმანიამ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებში ელექტრონული სერვისების განვითარება, ასევე გარემოს დაცვით საკითხებზე მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის მერის წინსაარჩევნო პროგრამის შემადგენელი ნაწილი დედაქალაქის მწვანე ქალაქად და მტკვრის რეკრეაციულ ზონად გადაქცევაა, რაც უფრო მეტ ტურისტს მოიზიდავს როგორც ესტონეთიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.

დავით ნარმანიამ ესტონეთის დედაქალაქის მერი ოქტომბრის ბოლოს, „თბილისობის დღესასწაულზე“ მოიწვია. 

 

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

საქმე ეხება თბილისის მერიასა და ,,ლიბერთი ბანკს“ შორის 2010 წლის 26 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას საბანკო მომსახურების შესახებ. აღნიშნული ბანკი მომსახურების გასაწევად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე შეირჩა. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა წლიური 16,05%-ის ოდენობით ლარში არსებულ თანხებზე, 11%-ს - აშშ დოლარში არსებულ თანხებზე და 8%-ს ევროში არსებულ თანხებზე. 2013 წლის 17 აპრილს თბილისის მერიასა და ბანკს შორის გაფორმდა შეთანხმება გარიგებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა და განისაზღვრა შემდეგნაირად: ,,მინიმალური ზღვარის“ 40 მილიონი ლარის ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05% ლარში არსებულ ნაშთებზე, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს  4 პროცენტი, აშშ დოლარში არსებულ თანხებს ერიცხება 2 პროცენტი, ხოლო ევროში არსებულ თანხებს, ასევე, 2 პროცენტი. თბილისის მერიასა და „ლიბერთი ბანკს“ შორის დადებულ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებით, თბილისის მერიას საპროცენტო შემოსავლების სახით 2013 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის აგვისტომდე დაახლოებით 10 მილიონ 500 ათასი ლარი დააკლდა. ვეჭვობთ, რომ ხელშეკრულებაში აღნიშნული ცვლილების შეტანა განპირობებული იყო გარიგებითა და კერძო ინტერესებით. შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების კორუფციული ქმედებების ნიშნებსაც. აქედან გამომდინარე, მოძიებულ დოკუმენტაციას შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს ვუგზავნით.

“ჩემ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის ერთი კონკრეტული ფაქტი, თუ როგორ „უფრთხილდებოდნენ“ თბილისის მერიის ყოფილი ხელმძღვანელები დედაქალაქის ბიუჯეტს. სწორედ ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებების, მაღალჩინოსნების მიერ საკუთარ თავზე გამოწერილი მაღალი პრემიების, არარსებულ თანამშრომლებზე გაცემული ხელფასების, სხვადასხვა პროექტებში არამიზნობრივად გახარჯული თანხების გამო დაგვხვდა საბიუჯეტო კრიზისი, რომელიც ახლა ჩვენი გამოსასწორებელია. კატეგორიულად ვაცხადებ - ყველა ფაქტსა და დოკუმენტს, რომელმაც დააზარალა ან აზარალებს თბილისელებს, შევისწავლით და უმკაცრეს რეაგირებას მოვახდენთ. არ ვაპირებ, თვალი დავხუჭო იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც ჩვენი თანაქალაქელებისა და მათი ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული” განაცხადა,თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერი დავით ნარმანია ალექსეევკის საავიაციო ბაზაზე  გამართულ ავიაშოუს დაესწრო. ავიაშოუზე, რომლითაც ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული გაიხსნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის სამხედრო პილოტებმა უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულეს.
თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელი „ძალიან საინტერესო და სანახაოებრივი ავიაშოუს შემდეგ, მფრინავის პროფესიისადმი უფრო მეტი ინტერესი გაჩნდება და დაფასდება ის ხალხი, ვინც წლების მანძილზე ამ საქმეს ემსახურება“. ავიაშოუს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

სიახლე
9 სექტემბერი 2014  
 
 

თბილისის მერის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე ლიტერატურული ფესტივალის „ლიტ-ტური“ გახსნას დაესწრო. ალუდა გოგლიჩიძემ   თბილისის მთავრობის სახელით, მადლობა გადაუხადა  ფესტივალის ორგანიზატორებს და განაცხადა, რომ ამგვარი ფესტივალები  თანამედროვე მსოფლიოში ლიტერატურული და, ზოგადად, კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მისი თქმით, საქართველო ამ პროცესის თანასწორუფლებიანი და ღირსეული კონტრიბუტორი უნდა იყოს.„თბილისის მერიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ფესტივალის ჩატარებას.  ჩვენი გადაწყვეტილებაა, მომავალშიც ხელი შეგიწყოთ, რათა «თბილისის ლიტერატურული ფესტივალი» ტრადიციად იქცეს საერთაშორისო ლიტერატურულ და კულტურულ ცხოვრებაში. გვჯერა, საქართველოში მოღვაწე ლიტერატორებს და დედაქალაქის კულტურულ საზოგადოებას, აქვს პოტენციალი, რათა ეს მისია აღასრულოს და ქვეყანა ღირსეულად წარმოაჩინოს მსოფლიო ლიტერატურულ ასპარეზზე,“   განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ მისასალმებელ სიტყვაში. მისივე თქმით, თბილისის მერია კვლავაც მჭიდროდ ითანამშრომლებს საქართველოს კულტურის სამინისტროსთან, „ქართული კულტურის განვითარების ცენტრთან“ და სხვა ორგანიზატორებთან, უფრო მეტი და მნიშვნელოვანი სტუმრის მოსაზიდად, რათა საქართველოს დედაქალაქი მკაფიოდ ჩანდეს ევროპის „ლიტერატურულ რუკაზე“. ლიტერატურის ფესტივალი “ლიტ-ტური” თბილისში 11 სექტემბერს გაიხსნა და  13 სექტემბრამდე გასტანს.

 

სიახლე
12 სექტემბერი 2014  
 
 

გვინდა, გამოვეხმაუროთ მერიასთან შეკრებილი რამდენიმე თანამშრომლის უსაფუძვლო განცხადებებს. თბილისის მერიის სისტემაში დასაქმებულია რამდენიმე ათასი ადამიანი. ისინი ამ დროისთვისაც იმყოფებიან საკუთარ სამუშაო ადგილებზე და ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობას.
გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ: თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, მერიის სისტემაში ვეღარ იმუშავებენ არაპროფესიონალი თანამშრომლები, რომლებიც ხელმძღვანელების მიერ მიცემულ ელემენტარულ დავალებებსაც კი ვერ ასრულებენ. რაც შეეხება სხვა ათასობით თანამშრომელს, რომელიც კვალიფიციურად ასრულებს და მომავალშიც შეასრულებს საკუთარ მოვალეობას, ცხადია, ასეთი ადამიანები გააგრძელებენ მუშაობას. ამავდროულად, კანონმდებლობის შესაბამისად, ჩატარდება ატესტაცია, რომლის საფუძველზეც დაკომპლექტდება მერიის სამსახურები.
რაც შეეხება ახალი თანამშრომლების დანიშვნას, მათი შერჩევა ხდება პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

 

 

სიახლე
4 სექტემბერი 2014  
 
იხილეთ მეტი